Menu
RSS

ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები N54-ე მაჟორიტარულ, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება:
„28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა“.
დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 28 აპრილის არჩევნებისთვის ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსებიც გამოაცხადა. ცესკოს მიერ განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.
ცესკომ დადგენილებით მიიღო 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც.
„აღსანიშნავია, რომ 2017 წლის არჩევნებისთვის წარმატებულად განხორციელებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ცესკოს მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვისაც ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალური ონლაინ პროგრამა საკუთარი წარმომადგენლების ელექტრონული წესით დასანიშნად“, _ აღნიშნა ანა მიქელაძემ.
სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა. ცესკოს მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„27 თებერვლიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. გარდა ამისა, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში და გამოთქვამს მათთან თანამშრომლობის მზადყოფნას“, _ განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.მისივე განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად დამატებითი თანხები არ გამოიყოფა.
„არსებული ბიუჯეტი იქნება გამოყენებული. შესაბამისად, არ არის გაგზავნილი დამატებითი მითხოვნა. შუალედური არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილია დაახლოებით, 884 ათასი ლარი,“ _ აღნიშნა მიქელაძემ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში