Menu
RSS

„თამარ კვესიტაძე ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი!“

თამარ კვესიტაძე პირველი ქართველი თანამედროვე ხელოვანია, რომლის ვირტუალური გამოფენა მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა ინსტიტუტმა Google-მ საკუთარ პლატფორმაზე ჩატვირთა. გამოფენა სახელწოდებით „თამარ კვესიტაძე ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი“ (Tamara Kvesitadze or the Triumph of Ambivalence) 20-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს.
კვესიტაძის ექსპოზიცია მსოფლიო აუდიტორიას ხელოვნების სასახლემ წარუდგინა, ის საქართველოში Google-ის კულტურული ინსტიტუტის ერთადერთი პარტნიორია.
როგორც ხელოვნების სასახლეში აცხადებენ, გამოფენა კვესიტაძის შემოქმედების თითქმის მთელ სპექტრს აერთიანებს, აქ წარმოდგენილია როგორც მექანიკური თოჯინები, ისე მონუმენტური ნამუშევრები, ქანდაკებები, ფერწერული და გრაფიკული ნახატები, კინეტიკური სკულპტურები, 2007-2011 წლებში ვენეციის ბიენალეზე წარმოდგენილი ნამუშევრები. აქვეა, ცნობილი მოძრავი ქანდაკებისადმი „ქალი და კაცი“ („ალი და ნინო“) მიძღვნილი საინტერესო ფოტოები, ვიდეოფაილები და რეცენზიები.
კვესიტაძე ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი ხელოვანია რომელიც Google-ის ახალი და უზარმაზარი ვირტუალური საგამოფენო პროექტის „მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების“ მონაწილე გახდა. მათივე ინფორმაციით, მხატვარმა მუზეუმს მუდმივი ექსპოზიციისათვის ერთი ნამუშევარი უსახსოვრა.
კვესიტაძის გამოფენა დათვალიერება 17 თებერვლიდან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება, თანამედროვე ქართული ხელოვნება მსგავსი მასშტაბის აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. თამარ კვესიტაძის ვირტუალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფმა გალერეა „კორნფილდთან“ და „თამარა სტუდიოსთან“ ერთად მოამზადეს. ამ ეტაპზე, ხელოვნების სასახლე Google-ს ვირტუალურ სივრცეში ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერობს და იგი დამთვალიერებელს 5 ქართულ გამოფენას სთავაზობს, მათ შორის პეტრე ოცხელისა და ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილ ექსპოზიციებს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში