Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა!

23 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყებოდა თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე წარმოვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი გადაგვედგა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით, რამეთუ კარგად გვესმის, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული“, _ განაცხადა შს მინისტრმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნითა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.
როგორც გიორგი გახარია აცხადებს, „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებულ დიდ მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია, მათი ცოდნა და, რა თქმა უნდა, გამოძიების ხარისხი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი.“
შსს-მ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე დაინტერესებულ მოქალაქეებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.
სოფიო ვერძეული: „მნიშვნელოვანია სპეციალური დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა შს სამინისტროს ცენტრალურ დონეზე, რომელმაც უნდა აღმოფხვრას ის პრობლემები რაც აქვს საგამოძიებო სამსახურების მუშაობას, განსაკუთრებით დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისას. ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმოდგენილი პრეზენტაცია მიუთითებს, რომ ამ ახალ დეპარტამენტს ექნება არაერთი ფუნქცია, რომლის ნაკლებობაც იყო ამ დრომდე საპოლიციო და საგამოძიებო სამსახურებში. ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა სწორი სტატისტიკის წარმოებით, დავინახოთ რამდენად გაუმჯობესებულია ამ ტიპის დანაშაულებზე რეაგირების მეთოდები. რამდენად გაზრდილია საგამოძიებო სისტემის თანამშრომლების მგრძნობელობა, ასეთ დანაშაულებზე რეაგირების დროს.“
ბაია პატარაია: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რეალურ შედეგებს ველოდებით. ქალთა მოძრაობა 2 წლის განმავლობაში ითხოვდა სპეციალური დანაყოფის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინაიდან მთელი რიგი გამოძიება, რომელიც გენდერულ დისკრიმინაციულ დანაშაულზე ხდება, არის გართულებული. გვგონია, რომ ეს სპეციალიზებული 10 ადამიანი, შეძლებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ მწვავედ არის გავრცელებული. ამ ეტაპზე, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი დეპარტამენტია და მივესალმები ყველანაირად.“

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში