Menu
RSS

რატომ გადადო პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა?!

23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად გელაშვილის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობა ედება. მართალია, პროკურორმა წინა სხდომაზე განაცხადა, რომ 23 იანვარს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დაკითხულიყო, მაგრამ მის მაგივრად ბრალდების მხარემ კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსი შალვა ჟღენტი დაკითხა.
პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსი, ვახტანგ ზუხბაია ესწრებოდა. პროკურორი აცხადებს, რომ: ,,ვახტანგ ზუხბაიას ჩვენების მიხედვით, როდესაც ეს შეხვედრა დასრულდა, მიხეილ სააკაშვილმა ბატონ ზუხბაიას მადლობაც კი გადაუხადა ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის და ზუსტად ეს სიტყვები უთხრა: ეს თავდასხმა ზუსტად ისე იყო შესრულებული, როგორც მე მინდოდაო. საქმის ჩვენებების მიხედვით, ამ საუბარს ესწრებოდნენ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ვახტანგ ზუხბაია, ხოლო თათბირის სხვა მონაწილეები იყვნენ მოშორებით და მათი საუბარი არ ესმოდათ, შესაბამისად ამ ფაქტს ადასტურებს მხოლოდ ვახტანგ ზუხბაია.''
ჩვენს კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილი, პროკურორმა გვიპასუხა, რომ ბრალდების მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა თანმიმდევრობას, რომლის გამოკვლევასაც აპირებს სასამართლოზე: ,,მომდევნო სხდომებზე აუცილებლად დაიკითხება ოქრუაშვილი.'' საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს სააკაშვილის ადვოკატს _ გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ ,,ეს საქმე მთლიანად აწყობილია ბურჯანაძესა და ოქრუაშვილზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ოქრუაშვილი ,,ევაჭრება'' ხელისუფლებას და ამაში ძალიან დიდი დრო დაკარგეს. სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ კი დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ -შეხვედრა შედგა იქ, სადაც იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, დაცვის წევრები, სპეცსამსახურის 5-6 თანამშრომელი და მოწმე აცხადებს, რომ სააკაშვილთან და მერაბიშვილთან კომუნიკაციაში არ დაუნახავს ვახტანგ ზუხბაია. შესაბამისად, ეს ჩვენებაც კი ადასტურებს მოგონილ ბოდვას პროკურატურის მხრიდან.''

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში