Menu
RSS

ზუსტად 170 წლის წინ, გურიასა და აჭარაში, ქართული ჩაი დაიბადა. საიუბილეო ღონისძიება ,,ქართული ჩაი 170 წლისაა'', ,,საპარტნიორო ფონდის'', ,,საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა'' და ,,საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის'' ორგანიზებით, ისტორიულ მუზემ ,,ქარვასლაში'', 27 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე ჩაის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი, საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი, პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი, ხანთანიუენის საერთაშორისო ჰოლდინგის პრეზიდენტი კუო ჭ’ხუნი, აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელი ლუ ძიენჭუნი. ასევე, ლიუ ძძუინჭოუს (ჩინელი მეწარმე, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას) შვილთაშვილი, ლიუ ჩი. საიუბილეო ღონისძიების მხარდამჭერია, ჩაის მწარმოებელი ქართული კომპანია ,,გურიელი''.
საიუბილეო ღონისძიება არტ-ხელოვანმა, ნონა გიუნაშვილმა გახსნა, რომელმაც ქვიშაზე შესრულებული არტებით, ქართული ჩაის 170-წლიანი ისტორია და ამ ისტორიაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა წარმოადგინა. შთამბეჭდავი პერფომანსის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, ,,საპარტნიორო ფონდის'' აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ მიმართა. მისი თქმით, ჩინელებისთვის ჩაი მხოლოდ სასმელი არ არის, ის ჩინური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, არც ქართველებისთვისაა ღვინო მხოლოდ სასმელი, რადგან ეს ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. საგანელიძემ სიამაყით განაცხადა, რომ ,,საპარტნიორო ფონდმა'' დააფინანსა სტარტაპი, რომელიც წელს, პირველად, ყურძნის ანუ ღვინის ჩაის გამოუშვებს: ,,ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქართული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარება და კომერციალიზაციაა. ამ მიმართულებით, ,,საპარტნიორო ფონდი'' რამდენიმე, მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჩაის ინდუსტრიის განვითარება კი ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენიმე ათეული წლის წინ, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად, გატყევებული ჩაის პლანტაციები დარჩა. დღეს ჩაის ინდუსტრია ერთეული კომპანიების ძალისხმევაზე დგას და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ქართული ჩაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უნდა მოექცეს და საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი“.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ჩაის აღორძინება სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ საქმეში ჩინელი ინვესტორების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინისტრის თქმით, ძალიან მალე, ჩაის მწარმოებელთა რუკაზე, საქართველო ისევ საპატიო ადგილს დაიკავებს. სხვათა შორის, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჩაის მწარმოებელთა შორის, ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკას შემდეგ, საქართველოს მეოთხე, საპატიო ადგილი ეჭირა.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში