Menu
RSS

28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართა. მასში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის, 2 000-მდე დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის, 1 100 კერძო სექტორის წარმომადგენელი. წელს, ფორუმზე 500-ზე მეტი უცხოური კომპანია იყო წარმოდგენილი. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა. „იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებასა და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით'', _ ასე დაიწყო გამოსვლა კვირიკაშვილმა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, ასევე მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევის შესახებ ისაუბრა:
,,მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში. აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი ტალღა _ ანაკლიის პორტის პროექტი. ის მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ჩვენი ვალია, შევქმნათ განვითარების მაქსიმალური პირობები და შესაძლებლობები''.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა.Mმისივე თქმით, საქართველოსთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს უმასპინძლოს. კვირიკაშვილმა სტუმრებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა მათ მიმართა: ,,სავაჭრო დეფიციტის პრობლემას საქართველო პასუხობს ღიაობით, უზრუნველყოფს რა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელს. ამ მიმართულებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანაა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან, ჩინეთთან. წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ინდოეთთან. ასე რომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წყალობით, საქართველო იქცევა სავაჭრო, ლოგისტიკურ და სატრანზიტო ცენტრად! „სარტყელისა და გზის'' ინიციატივის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, სხვა გზებიც არსებობს, მაგალითად, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება, ასევე ინვესტიციების წახალისება. ეს სამი მიმართულება, შესაძლებლობას მოგცემს, წავახალისოთ ქვეყნების ეკონომიკური განვითარება აბრეშუმის გზის გასწვრივ. ამით, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის გარდა, ხელს შევუწყობთ კულტურულ ურთიერთობებსა და ადამიანთა შორის კონტაქტებს. საქართველომ წარმატებით უზრუნველყო უნიკალური შესაძლებლობები ბიზნესის წარმართვისთვის. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში, მე-16-დან, მე-9 პოზიციაზე გადავინაცვლეთ. საქართველოში არის კორუფციისგან თავისუფალი გარემო და ძალიან მცირე ოდენობის ბიუროკრატიული პროცედურები. 27 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანთან, რეგიონში ლოგისტიკური და სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარების გზები განვიხილეთ. ეს კი უკრაინასთან, აზერბაიჯანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ერთიანი სისტემების შექმნას გულისხმობს. მიმაჩნია, რომ ამის შედეგად, რეგიონში გვექნება მეტი ვაჭრობა, გაზრდილი ინვესტიციები, მეტი რაოდენობის სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი''.

დაბრუნება დასაწყისში