Menu
RSS

7 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ონიანი, წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურამ ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით _ უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით წაუყენა. ბრალდება დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძის უკანონოდ დაკავების, უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ეპიზოდს ეხება. პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო აღნიშნული ორი პირი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო. თავად ონიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
ონიანის დაკავებას სასამართლო დარბაზში ოჯახის წევრებისა და თანაპარტიელებისგან ხმაური მოჰყვა, ისინი ონიანის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ და ნაციონალური მოძრაობის წევრს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. პარტიის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გოგა ონიანი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია: „გოგა ონიანი რომ გადასულიყო პარტია „ევროპულ საქართველოში“, ყოფილიყო გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, დღეს დაკავებული არ იქნებოდა.“ ონიანის თანაგუნდელი, ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ ონიანი ხელისუფლებამ მათ დასაშინებლად დააკავა და მისი თქმით, ეს ქმედება ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება. ონიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები, ფაქტობრივად, არ არსებობდა და ამ ფონზე ონიანის დაკავება სრულიად უკანონოა, ხოლო პროკურორები განმარტავენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამართლიანად გამოიტანა, რადგან წარდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად საკმარისი იყო ონიანის დასაკავებლად.
ნაციონალური მოძრაობის წევრის დაკავებას, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ოცნების“ წევრი, სოფიო კილაძეც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს იმის მიუხედევად, მოგვწონს თუ არა ის: „ამ საქმესთან დაკავშირებით დიდი ხანია, მაქვს კითხვები. ვიხილე კადრები, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს და ამიტომ საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ის დააკავეს. რადგან ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დადგა მომენტი, როცა პასუხი უნდა აგოს“.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატები საკრებულოს ძველი შემადგენლობის ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ.
თათია გოჩაძე

back to top