Menu
RSS

7 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მე-5 მოწვევის საკრებულოს შემადგენლობის ბოლო სხდომა გაიმართა. საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე სიტყვით ბოლოჯერ წარსდგა და მე-5 მოწვევის შემადგენლობის სხდომა წარმართა. საკრებულოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა კი 14 ნოემბერს გაიმართება, რომელსაც გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს...
გიორგი ალიბეგაშვილი კოლეგებს ემოციურად დაემშვიდობა: ,,დიდი მადლობა მინდა, გითხრათ კოლეგებს, ჩემი გუნდის წევრებს, ოპოზიციონერებს, რომ ეს წლები ერთად ვიყავით. ვისურვებდი, რომ მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს. ამაყი ვარ, რომ მე-5 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. ჩვენ, პირველ რიგში, ადამიანები ვართ და, მოხარული ვარ, რომ ასე ვაგრძელებთ ურთიერთობას. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ისევ რჩებიან საკრებულოს შემადგენლობაში. ვფიქრობ, მე-5 მოწვევის საკრებულო იყო გამორჩეული საქმიანობითა და ურთიერთობებით.''
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ალიბეგაშვილი ,,ქართული ოცნების'' პროპორციული სიით, საკრებულოს წევრი გახდა, იგი მე-6 მოწვევის საკრებულოს შემადგენლობაში აღარ იქნება, რადგან ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. იგი ამ დეპარტამენტის შექმნას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ამ უწყების შექმნის აუცილებლობა ნამდვილად იყო: ,,როგორც ვხედავ, ჩვენი მოქალაქეების მეტყველებას, სტილს, მანერას, შეცდომებს, ბუნებრივია, მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელი იყო. ქართული ერი უნიკალურია, მან შექმნა კაცობრიობის დამწერლობის სამი ფორმა და საკუთარი ენა, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მას.''
საკრებულოს სხდომაზე მე-5 მოწვევის შემადგენლობამ 33 საკითხი დაამტკიცა, მათგან ორი – საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემას ეხებოდა. კერძოდ, თბილისის საკანონმდებლო ორგანომ სსიპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ორი მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის უფლებით გადასცა. საკრებულომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა შესრულებული სამუშაოს შესახებ, მადლობა გადაუხადა მასმედიას თამნამშრომლობისთვის და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
,,ვერსია'' მე-6 მოწვევის საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს სამოქმედო გეგმებისა და ქალაქის მთავარი გამოწვევების შესახებ ესაუბრა. ტყემალაძე აცხადებს, რომ იგი და მისი გუნდი ეცდება, ,,ოცნების'' მიერ წარდგენილი ქალაქის განვითარების 7-პუნქტიანი გეგმიდან ყველა პუნქტი მაქსიმალურად შესრულდეს: ,,ამას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება და ჩვენ თბილისის მერიასთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვიმუშავებთ, რომ ყველა დაპირება შესრულდეს''.
საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.
თათია გოჩაძე

back to top