Menu
RSS

გარდაცვლილის ოჯახმა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე უარი განაცხადა

31 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სულხან მოლაშვილის გასასამართლებელი სხდომა გაიმართა. გარდაცვლილ მოლაშვილს ბრალად 2007 წელს საპყრობილის სასამართლოს ექიმის ცემა ედება. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზად იყო, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით შუამდგომლობა დაეყენებინა, თუმცა საქმის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს მოლაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. ამ ფონზე, მოლაშვილის საქმის მომდევნო სხდომა 22 ნოემბრის 15:00 საათზე გაიმართება...
 
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ ძველი საპროცესო კოდექსის თანახმად, გარდაცვლილის მიმართ შესაძლებელი იყო ბრალეულობის საკითხი განხილულიყო, ხოლო ახალი საპროცესო კოდექსი ადამიანის გარდაცვალებასთან ერთად სისხლის სამართლის საქმის ავტომატურ შეწყვეტას ითვალისწინებს. ეს საქმე კი, სასამართლოში იმიტომ გაგრძელდა, რომ ჯერ კიდევ ძველი საპროცესო კოდექსის მოქმედების დროს აღიძრა. სხდომის დაწყებისთანავე ადვოკატმა და სულხან მოლაშვილის მამამ უარი განაცხადეს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე _ მათ სურთ, სასამართლო განხილვა გაგრძელდეს და გარდაცვლილის უდანაშაულობა დადგინდეს. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე მზად იყო, საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა დაეყენებინა, მაგრამ რადგან ოჯახმა არ ისურვა, მან ორკვირიანი ვადა ითხოვა იმის გადასაწყვეტად, შეწყვეტს თუ არა საქმეს.
საინტერესოა, თუ ბრალდების მხარე მზად იყო საქმე შეეწყვიტათ, მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? პროკურორმა მაია სილაგაძემ განგვიმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გარკვეულ ვადებს და პროცედურებს ითვალისწინებს: ,,სანამ ოჯახის წევრები არ დააფიქსირებდნენ პოზიციას და ეს საქმე შესაბამის ეტაპებს არ გაივლიდა, არ გვქონდა შესაძლებლობა, შუამდგომლობა დაგვეყენებინა''.
აწგარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, აცხადებს, რომ ამ საქმეზე სასამართლო სხდომა ორჯერ გამართულა და ორივეჯერ იმის გამო გადაიდო, რომ ოჯახს ვერ დაკავშირებიან. მისი თქმით, მოსამართლემ განაცხადა, რომ მოლაშვილის გარდაცვალების დროს პროკურატურამ დაიწყო მსჯელობა საქმის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა ვერ გადაწყვიტეს, საქმე პროცედურულად როგორ მოგვარებულიყო: ,,როგორც ჩანს, მაშინ გამოსავალი ვერ ნახეს და საქმე სასამართლოში ამიტომაც წამოვიდა. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და თუ პროკურატურა შეწყვეტს საქმეს, მოსამართლესაც შეუძლია, საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ან სასამართლო დავა გააგრძელოს, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი პროცედურები, დაიკითხებიან მოწმეები, ე.წ. დაზარალებული და ა.შ. სულხან მოლაშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, ამიტომაც ოჯახი მიიჩნევს, რომ საქმე უნდა გაგრძელდეს და მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.''
იგივე აზრს იზიარებს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ საქმის განხილვა ოჯახის ინტერესებშია, რათა გარდაცვლილი მოლაშვილის მიმართ ლოგიკური, სამართლიანი განაჩენი დადგეს და მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს.
თათია გოჩაძე

back to top