Menu
RSS

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებია _ 2 ოქტომბერს, გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან ორი მოადგილე _ ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე გაათავისუფლა, კიდევ ერთმა მოადგილემ, ნოდარ ჯავახიშვილმა კი პოსტი შეინარჩუნა. 2 ოქტომბერსვე, მექვაბიშვილმა უწყებაში ორი ახალი მოადგილე _ ეკატერინე ღაზაძე და დავით გოგიჩაიშვილი წარადგინა, რომლებიც საბანკო სექტორის წარმომადგენლები არიან.

2 ოქტომბერს, დილიდანვე ცნობილი გახდა, რომ გენერალური აუდიტორის ორმა მოადგილემ _ ნინო ლომჯარიამ და დევი ვეფხვაძემ თანამდებობები დატოვეს, რასაც არასამთავრობო სექტორში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პრესაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კომენტარებიც გავრცელდა. მათი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, საკადრო ცვლილებები იმ უწყებაში, რომელსაც პარტიების ფინანსური მონიტორინგი ევალება, პოლიტიკურ ნიშნებს შეიცავს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც თანამდებობები დატოვეს საზოგადოებაში ავტორიტეტულმა პირებმა, ,,ქართულ ოცნებასთან'' აფილირებულმა პირმა, ნოდარ ჯავახიშვილმა კი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, პოსტი შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ჯავახიშვილი ,,ქართუ ბანკში'' მუშაობდა.
2 ოქტომბერსვე, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ხელი ვინმეს გათავისუფლებაზე არ მოუწერია, რადგან კანონის თანახმად, მოადგილეები უფლებამოსილებას ახალი გენერალური აუდიტორის წარდგინებისთანავე კარგავენ.
,,ხელი მხოლოდ ახალი კადრების წარდგინებას მოვაწერე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამი მოადგილე წარვადგინეთ, რომლებიც პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩნენ. ესენი არიან ეკატერინე ღაზაძე, დავით გოგიჩაიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი. ამ სამი ადამიანისა და მთლიანად კოლექტივის ერთობლივი მუშაობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა გაძლიერდება'', _ განაცხადა მექვაბიშვილმა.
ირაკლი მექვაბიშვილი მზადაა, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეკითხვები აქვთ. პრესკონფერენციაზევე გენერალურმა აუდიტორმა უარყო ინფორმაცია, რომ ეს საკადრო ცვლილებები იუსტიციის მინისტრთანაა შეთანხმებული და განაცხადა, რომ თეა წულუკიანს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვდა.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი გენერალურ აუდიტორად 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. 22 სექტემბერს კი ახალი გენერალური აუდიტორი უწყებაში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს, მექვაბიშვილმა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საკმაოდ ბუნებრივი და კარგი პროცესია:
,,რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გენერალურ აუდიტორს კანონით აქვს მინიჭებული ფუნქცია და უფლებამოსილება, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოადგილეებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ აუდიტის სამსახურში კვალიფიციური კადრები, კომპეტენტური ხალხი მუშაობს და ყველა კომპეტენტური, კვალიფიციური კადრი დარჩება. მე, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თუ დადგება აუცილებლობა, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრუქტურა გახდეს ეფექტური, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, საკადრო გადაწყვეტილებები მივიღო და ეს უფლება გამოვიყენო''.

მაია მიშელაძე

back to top