Menu
RSS

რა პირობით გაყიდა კომპანია და გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს

,,ცენტრ პოინტის'' აქტივებს ორი სამშენებლო კომპანია _ ,,X2'' და ,,მ2'' იყიდის. ეს ინფორმაცია, წყაროებზე დაყრდნობით, ,,იმედინიუსმა'' გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულდა და ხელშეკრულებას ხელი ორ კვირაში მოეწერება. ამის შემდეგ, კომპანიები პრესკონფერენციას გამართავენ და ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბრებენ.
 
,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ,,ცენტრ პოინტის'' დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, რომელიც სასჯელს დასთან, რუსუდან კერვალიშვილთან ერთად სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში იხდის, მის საკუთრებაში არსებულ ყველა აქტივს ყიდის. სანაცვლოდ კი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ,,ცენტრ პოინტს'' შეიძენენ, ვალდებულნი იქნებიან, ,,ცენტრ პოინტის'' დაწყებული მშენებლობები დაასრულონ და ყველა დაზარალებული დააკმაყოფილონ.
,,ვერსია'' სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ პოინტის'' დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატ მარიამ ცუცქირიძეს დაუკავშირდა, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართული:
,,ცენტრ პოინტის'' გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ,,ცენტრ პოინტს'' ორი სამშენებლო კომპანია იყიდის, თუმცა ვიდრე ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, მათივე თხოვნით, ამ კომპანიებს ვერ დაგისახელებთ. მოლაპარაკების პროცესში მაია რჩეულიშვილი აქტიურადაა ჩართული და ამ მიზნით ხშირად ვხვდები მე-5 დაწესებულებაში. კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ძირითადი საკითხები უკვე გადაწყვეტილია, ახლა მხოლოდ წვრილმან ტექნიკურ დეტალებს ვაზუსტებთ, რაც მხოლოდ მაია რჩეულიშვილმა იცის. მაგალითად, რომელი უძრავი ქონება გადაეცემა ამა თუ იმ კომპანიას, პირველ რიგში, რომელი ობიექტი უნდა დასრულდეს და სხვა. სწორედ ამ მიზნით, 29 სექტემბერს, მე-5 დაწესებულებაში, კიდევ ერთი მუშა შეხვედრა მაქვს დანიშნული მაია რჩეულიშვილთან. ათასობით დაზარალებულზეა საუბარი და ვინაიდან თითოეული მათგანის ინტერესები უნდა დაკმაყოფილდეს, მოლაპარაკება ორ თვეს ამიტომაც გაგრძელდა. ყურადღების მიღმა ერთი დაზარალებულიც არ დარჩება და არც ვინმეს უფლებები დაირღვევა! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ,,ცენტრ პოინტის'' გაყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი ოქტომბერში მოეწერება''.
მარიამ ცუცქირიძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ,,ცენტრ პოინტის'' გაყიდვის შემდეგ, ყველა დაზარალებული მიიღებს იმ უძრავ ქონებას საკუთრებაში, რაც უკვე შეიძინა. მართალია, ბევრ მათგანს თანხა ბოლომდე გადახდილი არ აქვს, მაგრამ როგორც მარიამ ცუცქირიძემ ,,ვერსიას'' განუმარტა, დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, ინვესტორები ,,ცენტრ პოინტს'' იმ პირობით ყიდულობენ, რომ ობიექტების მშენებლობას დაასრულებენ და დაზარალებულები მხოლოდ მაშინ გადაიხდიან თანხას, როდესაც კუთვნილი ბინები გადაეცემათ. სწორედ ამის სანაცვლოდ თმობს მაია რჩეულიშვილი მის საკუთრებაში არსებულ ყველა აქტივს.
,,ვერსიის'' კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლების საკითხი, მარიამ ცუცქირიძემ გვიპასუხა:
,,როგორც კი ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, შემდეგი ეტაპი საპროცესო შეთანხმება იქნება. არ მესმის, რა აუცილებლობა იქნება, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროში დარჩნენ? რადგან თუ რამე გააჩნდათ, ყველაფერი იმ ორ სამშენებლო კომპანიას უნდა გადასცენ, რომელიც ,,ცენტრ პოინტს'' იყიდის, ბუნებრივია, ამის შემდეგ, მომდევნო ეტაპი უკვე საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მათი სავარაუდო გათავისუფლება იქნება''.
მაია მიშელაძე

back to top