Menu

ჭავჭავაძის #7-ში ახალი, სრულიად განსხვავებული ფილიალი გაიხსნა
''საქართველოს ბანკმა'' ილია ჭავჭავაძის #7-ში ახალი ფილიალის გახსნით, საბანკო მომსახურების ახალი მოდელის დანერგვა დაიწყო. ფილიალში, რომელიც ექსტერიერითაც სრულიად განსხვავებულია, მომხმარებელს, ასევე განსხვავებულ სერვისს შესთავაზებენ.
''საქართველოს ბანკი'' მომხმარებელთან ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება. ახალი მოდელის მიხედვით, ბანკში მისვლისას, ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან _ ურთიერთობის მენეჯერთან შეგეძლებათ.
ამ და სხვა სასიამოვნო სიახლეების შესახებ, ჟურნალისტებს დეტალურად ესაუბრა ''საქართველოს ბანკის'' გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, რომელმაც მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახალი ფილიალიც დაათვალიერებინა.
საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, ''საქართველოს ბანკმა'' საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. ჭავჭავაძის #7-ში, ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ექსტერიერი პასტელის ფერებშია გადაწყვეტილი, სადაც აღარ სჭარბობს ნარინჯისფერი. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით ბანკში ყოფნა მართლაც სასიამოვნო ხდება. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი _ ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ცო-წორკკნმგ სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ პროექტზე ერთობლივად იმუშაონ.
 
ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ფილიალის შესასვლელშივე დაგხვდებათ _ აქ თვითმომსახურების ზონაა, სადაც მეტი ბანკომატი და ტერმინალია განთავსებული.
სერვისცენტრში შესვლისას, კედელზე მოწყობილი საინფორმაციო დაფის მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ბანკის ყველა პროდუქტის შესახებ. ეს ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ საბანკო სფეროში, რომელმაც სტენდებში ჩაწყობილი ბროშურები ჩაანაცვლა. ვიზუალურადაც ლამაზია და მოსახერხებელიც _ დეტალური ინფორმაციის უკეთ გასაცნობად, საინფორმაციო ბარათი შეგიძლიათ მოხიოთ და თან წაიღოთ.
შესასვლელიდან მარჯვნივ ტრანზაქციების განყოფილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი აქცენტს ციფრული მომსახურეობის განვითარებაზე აკეთებს, ცხადია, რჩება მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებსაც სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელება, ბანკის წარმომადგენლის დახმარებით სურთ. აქვეა მოსაცდელი ზონა, სადაც შეგიძლიათ ტელეფონი დატენოთ ან უფასო WIFI-ს მეშვეობით, ინტერნეტით ისარგებლოთ. ''ეს იმისთვის, რომ ბანკში ყოფნის დროს, მომხმარებელმა არ მოიწყინოს და მეტი კომფორტი შევუქმნათ'', _ აცხადებს კახა კიკნაველიძე და ინფორმაციას შეხვედრების ოთახების შესახებაც გვაწვდის, სადაც შეგიძლიათ, ბანკის წარმომადგენელს, პრივატულ გარემოში ესაუბროთ.
ახალ ფილიალში კიდევ ერთი ზონაა, რომელსაც ბანკის წარმომადგენლები, პირად საუბრებში ''ბანკის სიამაყედაც'' მოიხსენიებენ _ აქ ბანკის თანამშრომლებს ბიზნესპროექტები შეგიძლიათ წარუდგინოთ. შეიძლება ითქვას, ეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ცალკე სივრცეა, სადაც ''საქართველოს ბანკის'' ხელშეწყობითა და დაფინანსებით წარმოებული პროდუქციის დათვალიერებასაც შეძლებთ. გამოფენა, რა თქმა უნდა, პერიოდულად შეიცვლება და მომხმარებელს, ამ სივრცეში ახალ-ახალი პროდუქციის ნახვა შეეძლება.
''საქართველოს ბანკის'' გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განმარტებით, მომსახურების ახალი მოდელის დანერგვის მთავარი მიზანი მომხმარებელთან მეტი ურთიერთობა და კომფორტია: ''საქართველოს ბანკი'' ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია ის ზრუნავს, მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ჯერ კიდევ 2007 წელს, ''საქართველოს ბანკმა'' დანერგა საერთაშორისო დონის მომსახურების მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ახალი ტიპის სერხვისცენტრები გაიხსნა. ახლა ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს, რომელიც უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. ამ სიახლის განსახორციელებლად, ''საქართველოს ბანკმა'' მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. ''საქართველოს ბანკის'' მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია''.
კახა კიკნაველიძის განმარტებით, ''საქართველოს ბანკი'' ფილიალების რედიზაინისა და მომსახურების ახალი მოდელის დანერგვის პროცესს მომავალშიც გააგრძელებს. 2007 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი ''საქართველოს ბანკის'' ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება, სადაც უშუალო, თბილი, კომფორტული გარემო დაგხვდებათ, უნივერსალური ბანკირები კი, მაქსიმალურად მოკლე დროში, უმაღლესი ხარისხის, სრულიად განსხვავებულ სერვისს შემოგთავაზებენ.
ნინო ლურსმანაშვილი

back to top