Menu

რესპუბლიკის შერწყმით, თიბისი ბაზრის ლიდერია!

დღეს, 8 მაისს, თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკას შერწყმის პროცესი დასრულდა. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ამით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ყველაზე დიდი ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა. ორი ბანკის შერწყმის შედეგად, საქართველოს ბაზარზე ყველა საბანკო სეგმენტში, თიბისი ნომერი პირველი ბანკი გახდა. დღეიდან, ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლები, თიბისი ბანკისგან სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განმარტა, რომ ბანკი რესპუბლიკას შემოერთების შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორში, თიბისი ბანკის პოზიციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ,,ვერსიის'' კითხვაზე, ამ ტრანზაქციის შედეგად, რამდენი პროცენტით გაიზარდა თიბისი ბანკის წილი ბაზარზე, ვახტანგ ბუცხრიკიძემ გვიპასუხა:
,,31 მარტის მდგომარეობით, ბაზრის წილი მთლიან სესხებში 38.7%, ხოლო დეპოზიტებში _ 37.6%-ია. რაც შეეხება საცალო სესხების ბაზრის წილს, თიბისისა და ბანკი რესპუბლიკას შერწყმის შედეგად, ის 11%-ით გაიზარდა და 43.9% შეადგინა. როგორც იცით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედო'' უკვე ბანკად გარდაიქმნა, შესაბამისად, ბაზრის ამ წილებს ,,კრედოს'' მონაცემების გარეშე გისახელებთ''.
ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ორი ბანკის შერწყმის შედეგად, კლიენტების საერთო რაოდენობამ უკვე 2 მილიონს გადააჭარბა, რაც ამ ბაზარზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი გაფართოვდა, მეტიც, საქართველოს მასშტაბით ფილიალების რაოდენობა 167-მდე გაიზარდა, ხოლო ბანკომატებისა _ 530-მდე. რაც მთავარია, თიბისი ბანკი მაღალკვალიფიციური კადრებით გაძლიერდა, რომლებსაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვთ:
,,მოხარული ვართ, რომ ორი ბანკის ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში წარმატებით დასრულდა. ჩვენ რამდენიმეთვიანი, საკმაოდ რთული პროცესი გავიარეთ, რათა ეს შერწყმა კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად და უმტკივნეულოდ განხორციელებულიყო. ორივე ბანკის გუნდს დიდ მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოებისთვის, ხოლო ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლებს ისეთ სრულყოფილ და ხარისხიან მომსახურებას გავუწევთ, რომელიც ბაზარზე ყოველთვის გამოგვარჩევდა'', _ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მართალია, ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია დღეს დასრულდა, მაგრამ ამას წინ უძღვოდა ორდღიანი, კერძოდ, 6 და 7 მაისს წარმოქმნილი გარკვეული შეფერხებები თიბისი ბანკის სერვისებზე. თუმცა დღეიდან ანუ 8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგა მთელი ქსელის მასშტაბით, ხოლო ბანკი რესპუბლიკას კლიენტები თიბისის სრულფასოვან მომხმარებლებად იქცნენ:
,,ჩვენი უმთავრესი მიზანია, ბევრი კმაყოფილი კლიენტი გვყავდეს, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საკუთარი სურვილების ასრულების შესაძლებლობა. იმ 500 000 კლიენტთან ერთად, რომლებიც ბანკი რესპუბლიკადან შეგვემატა, ჩვენთვის ახალი ეტაპი დაიწყო და ვფიქრობთ, ჩვენს სიძლიერეს ჩვენივე კლიენტების სასარგებლოდ გამოვიყენებთ'', _ აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
მისივე თქმით, 8 მაისიდან, ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლები უპრობლემოდ შეძლებენ თიბისი ბანკის პროდუქტებისა და სერვისების სრული სპექტრით სარგებლობას თიბისი ბანკის და ყოფილი რესპუბლიკისმთელ ქსელში. მათ შორის, ისეთი ინოვაციური პროდუქტებითა და სერვისებით, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი; პირველი ჩატბოტი საქართველოში ანუ რობოტი-კონსულტანტი; ასევე საანაბრე და სადეპოზიტე პროდუქტების ფართო არჩევანი; ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი.
მაია მიშელაძე

back to top