Menu

შემოდგომიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებით ხშირად ის ადამიანები ესტუმრებიან, ვისაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება უყვარს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბიბლიოთეკაში, კომპანია ,,M2 უძრავი ქონების'' დაფინანსებით, ვაჟას მუზეუმ-სამკითხველო იხსნება. შესაბამის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და M2-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ, 6 აპრილს მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს ნაწილის სარემონტო სამუშაოებს კომპანია M2 დააფინანსებს.
აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და M2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს, რომელიც ახალგაზრდების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განმარტებით: ,,ეს იქნება კომპლექსური სივრცე, სტუდენტური ჰაბი, მუზეუმი და იმავდროულად, განახლებული რეგისტრატურა. ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნა საკუთარი არსით იქნება ერთგვარი ხიდი ტრადიციულ სამკითხველოსა და ინოვაციურს შორის, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო თავად ვაჟა. ამ სივრცის ნებისმიერი შემადგენელი უკიდურესად მნიშვნელოვანი და საჭიროა თანამედროვე ბიბლიოთეკისთვის''.
M2-ის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით კი, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაცაა, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მიზეზი გახდა: ,,M2-სთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივია ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში მონაწილეობა. გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება. განათლების ხელშეწყობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვასა და ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად. ამ მიმართულებით, მომავალშიც არაერთ პროექტის განხორციელებაში მივიღებთ მონაწილეობას“.
M2-ის დაფინანსებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვაჟა-ფშაველას დარბაზი შემოდგომით გაიხსნება.
ზაზა დალაქიშვილი

back to top