Menu
RSS

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ შშმ პირები. ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვსა და 10 სრულწლოვანს. ამჟამად, 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას (შინიდან ცენტრში მიყვანა და უკან დაბრუნება), ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას. ბენეფიციარები ვაუჩერული წესით ფინანსდებიან სახელმწიფოსგან.
დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე ბავშვთა სახლი ფუქნციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცა, ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამუშავებს დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებს ანალოგიურ სერვისებს აწვდის.
საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზისა და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო.
გახსნის ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ინფრასტრუქტურას, ასევე დღის ცენტრების მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, სპეციფიკას, გეგმებს. საზეიმო ღონისძიებაზე სერვისპროვაიდერმა _ ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს _ ლიბერთი-ბანკს, იაპონიის საელჩოსა და მაკლეინის ასოციაციას, მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ფოეიში არსებულ „ნატვრის ხეზე“ დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და მხარდაჭერა გამოეხატა.
დღის ცენტრის საზეიმო გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.
„ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება ის მიმართულებაა, რომელიც წლების განმავლობაში ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება“, _ განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით კი: „შშმ პირებისთვის სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მხარში გვიდგანან და ავითარებენ ამ სერვისებს. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და უცხოელი მეგობრების დახმარება. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ შშმ პირების მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ. იმედი გვაქვს, მეტი ინიციატივა და მზაობა იქნება კერძო სექტორიდან, რომ შშმ პირებს მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო. დღეს საქართველოში შშმ პირთა 64 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. იმედია, ეს სერვისები უფრო განვითარდება და უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისთვის“.

back to top