Menu

კონკურსის 5 გამარჯვებული გუნდი საფრანგეთში ივნისში გაემგზავრება

საინვესტიციო ჯგუფის BGEO მხარდაჭერით, სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის _ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის CANNES LIONS 2017-ის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი გაიმართება. 1, 2 და 8 აპრილს დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და ფესტივალზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.
ღონისძიების გენერალური პარტნიორის, ,,ბიჯეოს'' გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობაა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ამ ფონზე, ,,ბიჯეოსა'' და საქართველოში კანის ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლობის თანამშრომლობა, ლოგიკურიცაა. ირაკლი გილაური: ,,ბიჯეო ჯგუფი'' საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ამავე დროს, ჯგუფი ქვეყანაში უმსხვილესი დამსაქმებელიცაა, რომელიც იზიდავს საუკეთესო ტალანტებს და ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ,,ბიჯეოს'' მოწოდებაა, მხარი დავუჭიროთ ტალანტების აღმოჩენას, მათ განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კომპანიების ზრდა, მათ შორის მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად. ყოველივე ეს კი, დამოკიდებულია განათლებული და პროფესიონალებად ჩამოყალიბებული მომავალი თაობის არსებობაზე. სწორედ მომავალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდა ადამიანური კაპიტალის ხელშეწყობა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს''.
CANNES LIONS 2017-ის ახალგაზრდული კონკურსის ორგანიზატორების, ლევან ლეფსვერიძისა და აკო ახალაიას განმარტებით, წელს საქართველომ მონაწილეობის უფლება მოიპოვა უკვე 5 სხვადახსვა კატეგორიაში: დიზაინი, ბეჭდვური რეკლამა, ციფრული კამპანია, ვიდეორეკლამა და ახალგაზრდა მარკეტერი.
აკო ახალაიას აზრით, ,,ბიჯეოს'' მხარდაჭერა, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია: ,,უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის დახმარებით შევძლებთ, წელს 5 კატეგორიაში ჩავატაროთ შეჯიბრი და გამარჯვებული 5 ჯგუფი, ანუ 10 ადამიანი კანში გავგზავნოთ, რათა ფესტივალზე საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა. ეს ზოგადად, კრეატიული სფეროს ინდუსტრიის მხარდაჭერაა. იმედია, საქართველო, როგორც ქვეყანა, კიდევ ერთხელ დაიმკვიდრებს მსოფლიო კრეატიულ რუკაზე ადგილს ისე, როგორც ეს შარშან მოხდა, როცა ,,საქართველოს ბანკის'' გუნდმა, ფესტივალის 63-წლიან ისტორიაში პირველად მოიპოვა გამარჯვება და საქართველოს დროშა კანის სცენაზე ფრიალებდა''.
ლევან ლეფსვერიძემ კი, დაგეგმილი კონკურსის დეტალებზე ისაუბრა: ,,საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი. ფესტივალს ატარებს კანის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში საინვესტიციო ჯგუფ ,,ბიჯეოს'' პარტნიორობით. კონკურსის მიზანია, შევარჩიოთ საქართველოში ყველაზე კომპეტენტური ჯგუფები, რომლებიც კანში, ქვეყნის სახელს დაიცავენ და შეერკინებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ამიტომ ჟიური დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტებით. კონკურსი წელს 5 კატეგორიაში ჩატარდება. ღონისძიება 1, 2 და 8 აპრილს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. კონკურსანტები მიიღებენ დავალებას, რომლის შესასრულებლადაც 14 საათი ექნებათ. კვალიფიციური ჟიურის შეფასების შემდეგ, თითო კატეგორიაში ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედალოსნები გამოვლინდებიან. კანში კი, ოქროს მედლის მფლობელი 5 გუნდი გაემგზავრება''.
კონკურსზე რეგისტრაცია 17-დან 24 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის პირობები, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე, ასევე კანის ოფიციალური წარმომადგენლობის Fაცებოოკ გვერდზე.
ნინო ლურსმანაშვილი

back to top