Menu

შშმ ბავშვების საზოგადოებაში ადაპტირება მუსიკის საშუალებით

პირველად საქართველოში, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) ,,მშობელთა ხიდის'' ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის სრული დაფინანსებით, მუსიკალური თერაპიის ცენტრი გაიხსნა. მუსთერაპიული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება.
ცენტრში პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მუსთერაპევტები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, არტთერაპევტები, აბა და ოკუპაციური თერაპევტები, ყოველდღიურ დახმარებას გაუწევენ ბავშვებს სხვადასხვა ბარიერების გადალახვასა და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი მოხარულია, რომ ბანკმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელა:
„ბანკის ფინანსური დახმარებით, მუსთერაპიის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების ადაპტირებას საზოგადოებაში. ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, ლიბერთი ბანკი მიმდინარე წელსაც გააგრძელებს განათლების, სპორტის, ჯანდაცვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მაქსიმალურ ხელშეწყობას''.
კავშირის ,,მშობელთა ხიდის'' დამფუძნებელმა და დღის ცენტრის დირექტორმა, თეონა ყაჭეიშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ მუსიკალური თერაპია დღის ცენტრში, უკვე ათ წელზე მეტია, წარმატებით ვითარდება:
,,წლების წინ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ფინანსური დახმარებით, დღის ცენტრმა მუსთერაპიული აქტივობა დაიწყო. ეს იყო ევროკავშირის პროექტი, რომელიც ჩვენს ცენტრში წარმატებით განხორციელდა. მუსთერაპია დღის ცენტრის 50-ვე ბენეფიციარს უტარდება, რადგან მუსიკა შშმ ბავშვებს ადაპტაციაში ეხმარება. გამორჩეული ბავშვების მონაწილეობით კი ჩვენს ცენტრში საქართველოში ერთადერთი, პარაორკესტრი ჩამოყალიბდა''.
თეონა ყაჭეიშვილმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ლიბერთი ბანკის ფინანსური დახმარებით, იანვარში დღის ცენტრის რამდენიმე ოთახი გარემონტდა. მისი თქმით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუსთერაპიას გარკვეული სივრცე და შესაბამისი გარემო სჭირდება. თეონა ყაჭეიშვილს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს. წლების წინ, თვითონ შეეჩეხა იმ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც, აგერ უკვე, 10 წელზე მეტია, ცდილობს. წლების წინ, ბავშვს მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, მაგრამ იმის გამო, რომ შშმ პირი იყო, არცერთ მუსიკალურ სკოლაში არ მიიღეს. თეონას ფარ-ხმალი არ დაუყრია და თავად გადაწყვიტა შეექმნა ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მუსიკასაც დაეუფლე ბოდნენ, ხატვასაც და ხელოვნების სხვა დარგებსაც. თეონა ყაჭეიშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ მუსიკის დახმარებით, მისი შვილი ამეტყველდა.
მაია მიშელაძე

back to top