Menu

გიორგი შაგიძემ სესხების გალარების პროგრამაზე ისაუბრა

27 თებერვალს, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, ბანკის მენეჯმენტი საკუთარ კლიენტებს შეხვდა. სესხების გალარებასთან დაკავშირებულ სესიაზე ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ იმ მომხმარებლების კითხვებს უპასუხა, რომლებსაც გალარების პროგრამა ეხებათ. შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ინტერაქციული იყო.
როგორც თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ განმარტა, სესიის მიზანი გალარების პროგრამის შესახებ კლიენტებისათვის ინფორმაციის გაზიარება იყო: ,,ამ შეხვედრის მიზანია, კარგად ავუხსნათ მომხმარებლებს სესხების გალარების პროგრამის დეტალები. შესაბამისად, მოვიწვიეთ ყველა კლიენტი, რომლებსაც ეს პროგრამა ეხება და სარგებლობს თიბისი ბანკის მომსახურებით. ამ შეხვედრის გზით, მათ საშუალება მივეცით, მიეღოთ პასუხი საინტერესო კითხვებზე''.
რას გულისხმობს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივა სესხების კონვერტაციასთან დაკავშირებით და რა ტიპის მსესხებლებს ეხებათ ეს ინიციატივა? გიორგი შაგიძემ თიბისი ბანკის მომხმარებლებს განუმარტა, რომ სესხების გალარების სამთავრობო პროგრამა ეხება იმ სესხებს დოლარში, რომლებიც გაცემულია 2015 წლამდე და მათი მოცულობა 100 000 ლარს არ აღემატება. ამ სესხების ლარში კონვერტაციის შემდეგ, არსებულ კურსს გამოაკლდება 20 თეთრი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.
რა რისკები ახლავს უცხოური ვალუტის ფიქსირებულგანაკვეთიან და ლარის ცვლადგანაკვეთიან სესხებს? გიორგი შაგიძის განმარტებით, დოლარში გაცემული სესხები სავალუტო რისკის ქვეშ ექცევა. მისი თქმით, სავალუტო რისკი შიდა და გარეფაქტორებ ზეა დამოკიდებული. შიდაფაქტორებში იგულისხმება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სავალუტო გადმორიცხვები, ტურისტული ნაკადების ზრდა, მოკლედ ყველაფერი, რაც ქვეყანაში დოლარის შემოდინებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება გარეფაქტორებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარება იგულისხმება. თუმცა გიორგი შაგიძემ კიდევ ერთ, გლობალურ ფაქტორსაც გაუსვა ხაზი _ ესაა დოლართან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესები: ,,მომხმარებელმა თვითონ უნდა განსაზღვროს, დოლარში ურჩევნია ჰქონდეს სესხი და ვალუტის კურსზე იყოს დამოკიდებული, თუ გადაიყვანოს სესხი ლარში და სესხის ძირითადი თანხა დააფიქსიროს''.
გიორგი შაგიძის განმარტებით, ბანკის მიზანია, მომხმარებელმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, დატოვოს სესხი დოლარში თუ გაალაროს.
მაია მიშელაძე

back to top