Menu
RSS

„ინოვასთან“ სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

14 თებერვალს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ-ივერიაში'', ,,ინოვასა'' და ამერიკულ ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა. საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტლის მშენებლობის პროექტს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, ,,კონტი ჯგუფი'' და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებენ.
ერთობლივი პროექტი იმპლემენტაციის შემდგომ ფაზაზე გადავიდა. უკვე დასრულდა ოპერატორის არჩევის პროცესი და შეთანხმება ,,ინოვა ჯანდაცვის სისტემასთან'' გაფორმდა. ,,ინოვა ჯანდაცვის სისტემა'' ინტეგრირებული ჰოსპიტლების ქსელია, სადაც 16 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო ჰოსპიტალების ქსელი აშშ-ს დედაქალაქის უდიდეს ნაწილს ემსახურება. ,,ინოვა'' აერთიანებს წამყვან კვლევით ინსტიტუტებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ონკოლოგია, გულის დაავადებათა ინსტიტუტი, ნეირო-მეცნიერებათა ინსტიტუტი და ბავშვთა ჰოსპიტალი. ,,ინოვა'' 1 700-ზე მეტ საწოლს მართავს და წელიწადში, დაახლოებით 2 მილიონზე მეტ პაციენტს ემსახურება.
 
ამერიკული ჰოსპიტლის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ჰოსპიტლის მშენებლობა თბილისში მიმდინარე წელს დაიწყება. მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია. პირველ ეტაპზე, ჰოსპიტალი 80 საწოლზე იქნება გათვლილი და აქცენტს ისეთ სამედიცინო სერვისებზე გააკეთებს, რომელთა განვითარების დონე საქართველოში დაბალია. ხაზარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად უცხოეთში უწევთ გამგზავრება, ამიერიდან ისინი ამერიკულ ჰოსპიტალში შეძლებენ მკურნალობას: ,,პირველი ამერიკული ჰოსპიტლის მშენებლობას წელს დავიწყებთ. ეს იქნება JCI-ს უმაღლესი სტანდარტის ჰოსპიტალი, სადაც ის ქართველი ექიმები იმუშავებენ, რომლებიც დღეს უცხოეთში მოღვაწეობენ. ჩვენ მათთან მოლაპარაკება უკვე დავიწყეთ და აქცენტს საქართველოში მათ დაბრუნებაზე ვაკეთებთ. ვთვლით, რომ გამოცდილი, პროფესიონალი სამედიცინო ინტელექტუალური ძალა ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს. პროექტს ორ ფაზად ვყოფთ, პირველ ფაზაში 42 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დავაანონსეთ, რომ პირველ ამერიკულ ჰოსპიტალს საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენებდით, რამეთუ გვინდა, რომ ეს ჰოსპიტალი კავკასიის რეგიონს მოემსახუროს. თუმცა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, ჰოსპიტლის თბილისის ცენტრში მშენებლობის შესახებაც. საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება. რაც შეეხება მშენებლობის ვადას, ვფიქრობთ, პროექტის განხორციელებას დაახლოებით, 2 წელი დასჭირდება''.
ამერიკულ ჰოსპიტალში JCI-ს უმაღლესი, ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. JCI-ს მოდელი აშშ-სა და კანადაში 20 წლის წინ ჩამოყალიბდა და ყველა იმ ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებას გულისხმობს, რასაც თანამედროვე ჰოსპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამშენებლო მასალებს, აპარატურას, პერსონალის მომზადების ხარისხს, პროცედურების ჩატარების სქემას, ხარისხის კონტროლს. რაც მთავარია, ჰოსპიტალში, ამერიკაში ლიცენზირებულ 200-მდე ქართველ ექიმს სამუშაოდ მიიწვევენ, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, რომ საკუთარი პროფესიული მოღვაწეობა საქართველოში გააგრძელონ.
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის პრეზიდენტის, დიმიტრი ტვილდიანის განცხადებით, ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე, სამედიცინო ჰაბის შექმნა იგეგმება. აქვე ჩამოყალიბდება და განვითარდება სასწავლო-სამედიცინო ცენტრი, რომელიც სამედიცინო დარგის პროფესიონალთა მომზადებასა და ქსელის გაფართოებას ხელს შეუწყობს. ტვილდიანის თქმით, ჰოსპიტალი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონს მოემსახურება: ,,ამერიკული ჰოსპიტალი მრავალპროფილიანი იქნება და პროექტი რამდენიმე ფაზად განხორციელდება. პირველ ფაზაში ძირითადი აქცენტი დიაგნოსტიკაზე, ქირურგიულ მკურნალობასა და ონკოლოგიურ დაავადებებზე გაკეთდება''.
მაია მიშელაძე

back to top