Menu

მირზაანის მუზეუმის სრული კოლექციის გამოფენა თიბისი გალერეაში!

2 თებერვალს, თიბისი გალერეაში, ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა. თიბისი ბანკის დაფინანსებით, ფიროსმანის ორი ნამუშევრის _ ,,თამარ მეფე'' და ,,რუსთაველი'' რესტავრაცია უკვე დასრულდა. პირველად საქართველოში, აღდგენილი ნამუშევრები და მირზანიის მუზეუმის კოლექცია თიბისი გალერეაში გამოფინეს. საზეიმო ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძე და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე დაესწრნენ. თიბისი გალერეაში, ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
თიბისი ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. 3-დან 16 თებერვლამდე, სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტურები მოეწყობა, რომელთა მიზანი ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობაა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ფიროსმანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებით ისტორიას გააცნობს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ფიროსმანის ორი უნიკალური ნამუშევრის რესტავრაცია პირველი პროექტი არ არის, რასაც სამინისტრო და თიბისი ბანკი ერთობლივად ახორციელებენ. საზოგადოებას ბევრი კარგი პროექტი ახსოვს, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. მინისტრის თქმით, თიბისი გალერეაში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა განსაკუთრებულია იმით, რომ მოსწავლეებისთვის, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.
 
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფიროსმანის ორი უნიკალური ნამუშევარი _ ,,თამარ მეფე'' და ,,რუსთაველი'', ბანკმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად აღადგინა:
,,მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას პირველად მიეცემა საშუალება, ფიროსმანის უნიკალური ნახატები აღდგენილი სახით იხილოს. ეს ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობაა და გვიხარია, რომ საშუალება მოგვეცა, ეს ღირებულება მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ''.
მადლობის ნიშნად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ, მამუკა ხაზარაძეს სპეციალური სიგელი გადასცა.
ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები _ ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ურთულეს სარესტავრაციო სამუშაოებს რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სპეციალისტების განმარტებით, სარესტავრაციო პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, დაზიანებული ადგილები აღადგინეს, დეფორმაცია გაასწორეს, ხოლო ზედაპირი დაამუშავეს და გაწმინდეს. ექსპონირებისთვის მომზადებულ უნიკალურ ნამუშევრებს _ ,,თამარ მეფე'' და ,,რუსთაველი'', საზოგადოება პირველად სწორედ თიბისი გალერეაში იხილავს.
პორტრეტები ,,თამარ მეფე'' და ,,რუსთაველი'', ფიროსმანმა 1913-1914 წლებში შეასრულა. მირზაანის მუზეუმის კოლექციაში კი 1989 წლიდან მოხვდა, მანამდე ეს ნამუშევრები ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. სწორედ აქედან მოხვდა ფიროსმანის ეს ნამუშევრები მირზაანის მუზეუმში. მართალია, იმ დროისთვის ნამუშევრები უკვე რესტავრირებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უხარისხოდ.
გამოფენა, რომელიც თიბისი გალერეაში საზეიმოდ 2 თებერვალს გაიხსნა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ წარმოდგენილია ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის სრული კოლექცია. ესაა 1895-1918 წლებში, განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე შესრულებული ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მირზაანის მუზეუმის კოლექცია ათწლეულების მანძილზე, კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა მუზეუმებში დაცული ნამუშევრებით შეიქმნა.
ფიროსმანის ნახატებთან ერთად, თიბისი გალერეაში გამოფენილია პაბლო პიკასოს მიერ, 1972 წელს შესრულებული ნიკო ფიროსმანაშვილის ,,პორტრეტი''. რაც შეეხება ფიროსმანის უნიკალურ ნამუშევრებს მირზაანის მუზეუმის კოლექციიდან, თიბისი გალერეაში ექსპონირებულია: ,,კალოობა'', ,,ნატურმორტი შაქრის თავით'', ,,მალაკნების ქეიფი'', ,,მწოლიარე ქართველი ქალი'', ,,მუშა სოსო'', ,,ხილის დუქანი'', ,,დათვი თავისი ბელებით'', ,,სონა უკრავს გარმონს'', ,,წარაფი'', ,,ქალი სააღდგომო კვერცხებით''.
მაია მიშელაძე

back to top