Menu

თიბისის ოთხი, ძირითადი მიმართულება _ ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა თიბისი ბანკის პრიორიტებული მიმართულებაა. 30 იანვარს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ, თიბისი გალერეაში, 2015-2016 წლებში განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები შეაჯამა. მისი თქმით, თიბისი ბანკი ამგვარ ანგარიშს საზოგადოებას რეგულარულად შესთავაზებს, რომლითაც პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ამ მხრივ, თიბისი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიცაა ''დოიჩე ბანკი'', BARCLAYS, HSBC და სხვები.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის აქტუალურ და საინტერესო სფეროებზე პოზიტიურ ზეგავლენას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, თიბისი ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია, მათ შორისაა ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.
ქართული ბიზნესსექტორისთვის სიახლე იყო ისიც, რომ წლის განმავლობაში, სოციალური პასუხისმგებლობის ქოლგის ქვეშ განხორციელებული პროექტების ანგარიში საზოგადოებას კერძო კომპანიამ წარუდგინა. პრეზენტაციაზე შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ ვიდეორგოლი, რომელშიც თიბისი ბანკის მიერ, 2015-2016 წლებში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა მოხვდა. ეს პროექტები ბანკისთვის პრიორიტეტულ ოთხ მიმართულებაში გაერთიანდა: ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი თაობა, კულტურა და რაგბი.
''წელს თიბისი ბანკის საიუბილეო წელია, დაარსებიდან 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ამ 25 წლის განმავლობაში, ქველმოქმედება ჩვენთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. საბოლოოდ კი ეს ქველმოქმედება დიდ სოციალურ პასუხისმგებლობაში გადაიზარდა. ამ მხრივ, თიბისი ბანკი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში, ინოვატორებიც ვართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი ბანკის პრიორიტეტია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წელიწადში ერთხელ ანგარიში ჩავაბაროთ საზოგადოებას და ამ მიმართულებით, წლის განმავლობაში განხორციე ლებული პროექტები შევაჯამოთ'', _ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, თიბისი თანამშრომლებზე ორიენტირებული სოციალური პროექტებითაც გამოირჩევა. ესენია პროფესიული განვითარების პროგრამები, რომლებიც უცხოეთში სწავლას გულისხმობს, ''თიბისი აკადემია'', ფონდი ''თიბისელები თიბისელებისთვის'', მრავალშვილიანების ფინანსური წახალისება და სხვა.
2015-2016 წლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების არასრული ჩამონათვალი კი ასეთია: ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა _ უფასო ტრენინგები და კონსულტაციები ბიზნესში მოღვაწე ადამიანებისთვის; ''ბიზნესდაჯილდოება 2016'' _ ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება ბიზნესის სფეროში, რომელიც შარშან პირველად ჩატარდა და 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა; წერექართულად _ ინიციატივა, რომელმაც მრავალი პროექტი გააერთიანა, მათ შორის, შრიფტების კონკურსი ''ქართული ა'', ფონტების ინჟინერიის კურსები, აი კუბი _ ინოვაციური სათამაშო-თავსატეხი ბავშვებისთვის ბრაილის შრიფტით, მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმა; ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია; თიბისი ბანკი _ სახელმწიფო ბალეტის მეგობარი; ნიკო ფიროსმანის ორი ნამუშევრის ''შოთა რუსთაველისა'' და ''თამარ მეფის'' სრული რესტავრაცია; თიბისი ბანი _ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი და ყველა ასაკობრივი ნაკრების მთავარი პარტნიორი; ონლაინ-პლატფორმა statusdonates.ge, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქველმოქმედებაში ჩართვა; ფონდი ''მზიურის'' გადასარჩენად და ''სოციალური კაფე'' ახალი მზიურისთვის; 12 ახალგაზრდა არტისტის ორიგინალური ნამუშევრები, რომლებიც უკონტაქტო სტიკერების სახით, ყველასთვის ხელმისაწვდომია; მთის კურორტების მხარდაჭერა; სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის დაწესებული სტიპენდია; 100-ზე მეტი გამოფენა თიბისი გალერეასა და არტ-გალერეაში; ისტორიული სოფლის ჭაჭკარის რეაბილიტაციისა ვაზის მესხური ტერასების აღდგენის პროექტი სამცხე-ჯავახეთში; მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ''ლეონადო და ვინჩის'' მხარდაჭერა და ერთწლიანი სტიპენდია გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თიბისი ბანკი პროექტებს მომავალშიც განახორციელებს. 2017 წელს, აქცენტი კვლავ ბიზნესის მხარდაჭერაზე, ახალი თაობის წახალისებაზე, კულტურასა და რაგბზე გაკეთდება. 30 იანვარს, თიბისი გალერეაში გამართული პრეზენტაცია მუსიკალურად თიბისის ბენეფიციარმა, 13 წლის ნიჭიერმა პიანისტმა, ირაკლი ფხაკაძემ გააფორმა.
მაია მიშელაძე

back to top