Menu

,,საქართველოს ბანკის'' ფონდი „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების მხარდაჭერას განაგრძობს. გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ, ,,საქართველოს ბანკის'' სათავო ოფისში კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა _ ,,სიცოცხლის ხის'' დაფინანსებით, შშმ ბავშვებისთვის, პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია LISTEN TO MY VOICE (ჩემი ხმა) შეიქმნა.
,,საქართველოს ბანკის'' გენერალური დირექტორის განმარტებით, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი შშმ პირებს კომუნიკაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ,,ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ,,საქართველოს ბანკს'' შესაძლებლობა აქვს, ძალიან კარგი პროექტი წარმოადგინოს. ,,სიცოცხლის ხესთან'' ერთად უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს. შშმ პირების მხარდასაჭერად ჯამში მილიონ ლარზე მეტი მოცულობის 23 პროექტი განახორციელა. ვფიქრობ, შშმ ბავშვების მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რასაც ,,საქართველოს ბანკი'' აკეთებს. ეს ახალი პროექტი საქართველოში უპრეცედენტოა. ის ძირითადად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვისაა და მათ კომუნიკაციაში, ასევე საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება''.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა კავშირის პროექტი „ჩემი ხმა“ „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. აპლიკაცია განკუთვნილია აუტისუტრი სპექტრის, კომუნიკაციის ან/და სივრცეში გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის ავტორის, ხათუნა მაკალათიას განცხადებით, ეს საკომუნიკაციო აპლიკაცია მეტყველების სტიმულაციის ფუნქციასაც ასრულებს: ,,მიხარია და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ,,საქართველოს ბანკმა'' ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა. იდეა გაჩნდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან და ქცევით თერაპევტთან ერთად. როცა კონკურსი გამოცხადდა, ვეცადეთ ისეთი განაცხადი შეგვედგინა, რაც ნამდვილად საჭირო იყო აუტისტის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ეს არის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია, თუმცა მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი აპლიკაციების გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტყველების სტიმულაციასაც''.
„ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერი ასაკის, ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებს კომუნიკაციის დამყარების საშუალება ეძლევათ. აპლიკაციაში არსებული ფრაზები, სიმბოლოები და სურათები მოიცავს პირველად მოთხოვნილებებს და საჭიროებებს. სასურველი მოთხოვნის დაფიქსირების მიზნით, ადამიანს შეუძლია თითი დაადოს შესაბამის სურათს, რომელიც ხმოვანი სიგნალით ადრესატს შეატყობინებს, კონკრეტულად რა სურს მას. აპლიკაცია მოიცავს საბაზისო კომუნიკაციისთვის აუცილებელ 130 ხმოვან ჩანაწერს და 133 გამოსახულებას (სურათი და სიმბოლო).
აპლიკაცია ,,მოისმინე ჩემი ხმა'' უფასოა. მისი ჩამოტვირთვა, ყოველგვარი ღირებულების გარეშე, შესაძლებელია როგორც Google Play Store-იდან, ასევე APP Store-იდან, შესაბამისად აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ანდროიდ-ის ასევე იოს სისტემაზე მომუშავე პლანშეტებზე.
ნინო ლურსმანაშვილი

back to top