Menu
RSS

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. როგორც მერიიდან იუწყებიან, აღმაშენებლის გამზირზე _ დოდო აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე _ მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობაც.
,,გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე _ #72-დან (დ. აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე.
ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე. დავით აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი: დავით აღმაშენებლის გამზირზე კოტე მარჯანიშვილის მოედნიდან _ ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება დ. აბაშიძის ქუჩაზე დიმიტრი უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის დავით აღმაშენებლის გამზირზე კოტე მარჯანიშვილის მოედნიდან _ ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება დოდო აბაშიძის ქუჩაზე დიმიტრი უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით. საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ _ კიევისა და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ დავით აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც). პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი დავით აღმაშენებლის გამზირზე, 26-ში გაიხსნა. ცენტრის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ. საინფორმაციო ცენტრში მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, პროექტ „ახალი ტფილისის“ და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საჭირო ინფორმაცია ადგილზევე მიიღოს. გაიმართება სხვადასხვა სახის პრეზენტაციები და შეხვედრები. საინფორმაციო ცენტრში მოქალაქეებს მომსახურებას, დილის 9:00 საათიდან საღამოს 18 :00 საათამდე თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლები გაუწევენ. მერიაში განმარტავენ, რომ საინფორმაციო ცენტრის მიზანია, პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მოკლე დროში გადასაწყვეტად მოხდეს მაქსიმალური მობილიზაცია და მოსახლეობას კომუნიკაციისთვის კომფორტული გარემო შეექმნას.
,,საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა ჩემი დავალების საფუძველზე, რათა უშუალოდ აქ მიიღოს მოსახლეობამ ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე. მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის არსებობა. ამასთან, ცენტრიდან მოხდება უშუალოდ პროექტის მართვა და ძირითადი გუნდი აქ იქნება. პირადად მე, ჩემი მოადგილე, საკოორდინაციო და ზედამხედველობის ჯგუფის სხვა წევრები პერიოდულად შევიკრიბებით და გავეცნობით ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, მოვისმენთ უშუალოდ სპეციალისტების, ექსპერტებისა და მოსახლეობის აზრს, შესაბამისად, დავგეგმავთ სამომავლო საქმიანობას'', _ განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში, ხოლო პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპი წლის ბოლოსთვის დასრულდება. 47 სახლიდან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თითოეულ სახლს თავისი უნიკალური ისტორია აქვს... ,,ახალი ტფილისის'' აღმაშენებლის გამზირი ისეთი იქნება, როგორსაც ,,აიპრესის'' ამ ფოტორეპორტაჟზე ხედავთ.

back to top