Menu

პირველივე შემთხვევაზე, აფთიაქის მფლობელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა და სააფთიაქო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 10 წლით ჩამოერთმევა   
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, იმ აფთიაქების მიმართ, სადაც ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშაულებები რეცეპტის გარეშე გაიყიდება, სანქციები გამკაცრდება, კერძოდ _ პირველივე ჯერზე აფთიაქის მფლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სააფთიაქო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მინიმუმ 10 წლით იგეგმება. კანონპროექტის მიზანი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრა და ლეგალური სამკურნალო საშუალებების არალეგალურ არხებში გადინების პრევენციაა. კანონპროექტი, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა, შს მინისტრმა 19 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე  განიხილეს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. შესაბამისად, მთავრობის სხდომაზე შსს-ს მიერ წარმოდგენილი პაკეტი საბოლოოდ შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც წინადადებები და შენიშვნებიც გათვალისწინებულია. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას საზოგადოება აქტიურად დაუჭერს მხარს: ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას ან 15-20 წლამდე ფარმაცევტული საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების ჩამდენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ემუქრება. ეს ინიციატივა უკანასკნელ წლებში დაფიქსირებული საგანგაშო სტატისტიკის შედეგია, რადგან კუსტარული ნარკოტიკების დამზადება აბსოლუტურად უკონტროლო იყო. ფსიქოტროპული აფთიაქებიდან მისი რეალიზაცია-გაყიდვა ხდებოდა, ხშირ შემთხვევაში, უკანონოდ, ე.წ. რეცეპტის გარეშე.  გადავწყვიტეთ ისეთი კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიხედვითაც რეცეპტის გარეშე მედიკამენტების რეალიზაცია პირდაპირ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას ითვალისწინებს. იმედი მაქვს საზოგადოების მხარდაჭერის, რადგან ნარკომანიის მიმართულებით ძალიან დიდ ციფრებთან გვაქვს საქმე’‘.  ,,კატასტროფული და უკიდურესად შემაშფოთებელი’‘ _ ასე შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სააფთიაქო და სუროგატული ნარკომანიის კუთხით არსებული მდგომარეობა. მინისტრის განმარტებით, ქიმიური პრეპარატებით ნარკოტიკული თრობის გამოწვევა უკვე იმდენად იაფი და ხელმისაწვდომი გახდა, რომ მასობრივი ხასიათი მიიღო: ,,მრავალთვიანი ანალიტიკური მუშაობის შედეგად შევაჯერეთ კანონპროექტი, რომლის არსიც შემდეგში გამოიხატება: პირველ ეტაპზე ეფედრინის შემცველი მედიკამენტრები მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეცეპტით, ნარკოტიკების მსგავსად მკაცრად გაიცემა. გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო წლებში ათეული მილიონობით ისეთი მედიკამენტია შემოსული, რომელთა საჭიროება არც ისე დიდია. სახელმწიფო განსაზღვრავს კვოტებს, ქვეყანაში რამდენი ასეთი მედიკამენტი უნდა შემოვიდეს’‘.  ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კანონპროექტს პარლამენტი მალე დაამტკიცებს.  შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას დადებითად აფასებს უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძე. მისი განცხადებით, სანქციების გამკაცრება ერთგვარი პრევენციაა: ,,აფთიაქების უკონტროლო მუშაობა საზოგადოებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს. წინასწარ შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა ეფექტურად იმუშავებს’‘.  საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი, კახი კახიშვილი კი მიიჩნევს, რომ მედიკამენტთა სპეციალური ჩამონათვალი უნდა გაკეთდეს: ,,წლების განმავლობაში აფთიაქებში აბსოლუტურად უკონტროლოდ იყიდებოდა წამლები, რომელთა ერთობლიობითაც ნარკოტიკული საშუალების დამზადება იყო შესაძლებელი, კუსტარულად დამზადებული ნივთიერებები კი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა. კარგი იქნება, თუ პრევენციის მიზნით, შეიქმნება მედიკამენტთა სია, რომელთა გაყიდვაც მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ მუშაობის პრინციპებს, როგორ უნდა დაფიქსირდეს აფთიაქში ურეცეპტოდ მედიკამენტის გაცემის შემთხვევა, საკმაოდ მარტივია: აფთიაქის მფლობელისთვის ქვეყანაში შემოტანილი მედიკამენტების აღრიცხვა სავალდებულო გახდება, ხოლო შემდგომში თითოეული მედიკამენტის გაყიდვა ექიმის შესაბამისი რეცეპტის წარმოდგენით დასაბუთდება’‘.  საქართველოში, 2009 წლიდან, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების (დეზომორფინი, „ნიანგი“ იგივე „კრაკადილი“) და ამფეტამინების (ე.წ. „ვინტისა“ და „ჯეფის“) მოხმარების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. მათ დასამზადებლად საჭირო უმთავრესი ქიმიური ნივთიერებების შეძენა, აფთიაქებში მზა ფარმაცევტული პროდუქტის _ კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების სახით მარტივია. აღნიშნული კომბინირებული საშუალებების აფთიაქებიდან გაცემა „ფორმა #2“ რეცეპტის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა ეს წესი უმეტესად ირღვევა. კერძოდ, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და უწყებების მინისტრების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე 27 აფთიაქში განხორციელებულმა ერთობლივმა ინსპექტირებამ გამოავლინა, რომ „ფორმა #2“ რეცეპტის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით, 3 447 946 ერთეული (აბი) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატია გაცემული.  სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იქნება.
რუსუდან შელია

back to top