Menu
RSS

ვანო მერაბიშვილი ზეწოლაზე საუბრობს. საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრები კი საქმეების ხელახლა გადახედვის მოთხოვნით შიმშილობენ. რა ხდება პენიტენციალურ სისტემაში და რატომ ემხრობა მოშიმშილე მსჯავრდებულების მოთხოვნებს სახალხო დამცველი? უჩა ნანუაშვილი ,,ვერსიის’‘ კითხვებს პასუხობს და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის დეტალებსაც გვიმხელს.  
_ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყოფილი პრემიერის განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მან დაწვრილებით აღწერა, როგორ გაიტაცეს ციხიდან და რა პირობებში შეხვდა მთავარ პროკურორს. აღნიშნა, გაოცებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას ჩემი განცხადების შესწავლა არ დაუწყიაო და ისიც მითხრა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
_ ვანო მერაბიშვილს გატაცებასთან დაკავშირებით თქვენთვის ახალი დეტალები არ გაუმხელია?  
_ მითხრა, იმ ადამიანების ამოცნობა შეუძლია, რომლებმაც ციხიდან გაიყვანეს.
_ ამას როგორ მოახერხებს, როცა მისი თქმით, თავზე მოსასხამი გადააფარეს? 
_ თავზე მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ჩამოფარებული და საქმეში მონაწილე პირების სახის დანახვა მოასწრო.  
_ თაკო სალაყაიას აცხადებს, რომ ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ მეუღლის ნახვის საშუალება არ ეძლევა. ეს გადაწყვეტილება კანონიერია?
_ კანონის მიხედვით, ბრალდებულთან ოჯახის წევრების დაშვების გადაწყვეტილება პროკურორმა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში, კანონდარღვევასთან საქმე არ გვაქვს, რადგან მერაბიშვილი ბრალდებულია და მას ჯერ სასჯელი არ აქვს შეფარდებული.
_ მერაბიშვილმა ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიები გამოთქვა?
_ პირობების მხრივ არაფერს უჩივის, თავს ნორმალურად გრძნობს და ამ მხრივ პრეტენზიებიც არ გააჩნია. მხოლოდ ორ საკითხზე დაიჩივლა: მისთვის გაუგებარია, რატომ ტარდება პროცესები ქუთაისში, სადაც საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევს და როდის დაიწყებს პროკურატურა მის განცხადებაზე მოკვლევას.
_ გამოძიების დაწყებას თქვენც ითხოვთ. კონკრეტულად, რომელმა უწყებამ უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა?
_ ხელისუფლებისგან კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ვანო მერაბიშვილის ბრალდებების დაუყოვნებლივ გამოძიებას. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გამოძიებით გენერალური ინსპექცია არ უნდა დაკავდეს. საკმაოდ სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა. ის მთავარ პროკურორს უჩივის, ამიტომ გამოძიება პროკურატურაში ნეიტრალურმა პირმა ან შსს-მ უნდა აწარმოოს.
_ გეგუთის ციხეში 1000-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს. ისინი საქმეების გადახედვას მოითხოვენ, მათი მოთხოვნები სამართლიანია?  
_ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გეგუთში მოშიმშილე პატიმრები უკვე მოინახულეს. მათი ძირითადი მოთხოვნა საქმეების ინდივიდუალური გადახედვა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაა, რაც სამართლიანია. ქვეყანაში უნდა გამოინახოს მექანიზმი, რომლის მეშვეობით განაჩენები გადაიხედება. არ აქვს მნიშვნელობა, ხარვეზების დამდგენი კომისია იქნება თუ სხვა. 
_ სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ეს გარედანმართული პროცესია. მინისტრმა  მინიშნება უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეზეც გააკეთა...   
_ ჩემთვის გაუგებარია, ვის მიერაა მართული ციხეში პატიმრების შიმშილობა, თუმცა ფაქტია, მსჯავრდებულებში პროტესტი არსებობს და ამას უკიდურესი ფორმებით გამოხატავენ. პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ და, თუ რეალურად არსებობს ეჭვი, რომ პატიმრების წახალისება ხდება, ამ მიმართულებით მოკვლევა უნდა ჩატარდეს.
_ ზოგადად, რამდენად ახერხებს სამინისტრო ციხეებში ვითარების გაკონტროლებას? უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი პატიმარი სხვა მსჯავრდებულების შურისძიების მსხვერპლი გახდა.
_ პენიტენციალურ სისტემაში მრავალი პრობლემაა, თუმცა ეს არ მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ციხეებში საგანგაშო მდგომარეობაა. პრობლემები არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით _ ხელმისაწვდომი არაა სათანადო მკურნალობა და გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი ფიქსირდება. აპარატში სასჯელაღსრულების შვიდი დაწესებულების მსჯავრდებულმა განცხადება შემოიტანა, რომ ციხეებში ფანჯრების შეცვლა იგეგმება, რომელთა გაღებაც შეუძლებელი იქნება. ადგილზე შევისწავლეთ ვითარება, ფანჯრების შეცვლის სამუშაოები მართლაც დაწყებულია, ჩაყენებულია კონდიცირების მილები, რომლებიც მომავალში ვენტილაციას უზრუნველყოფს. დაწესებულების დირექტორმაც დაადასტურა, რომ დამონტაჟებული ფანჯრების გაღება შეუძლებელი იქნება, ამიტომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ სოზარ სუბარს რეკომენდაციით მივმართეთ, ამ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ფანჯრების დაყენება უზრუნველყოს, რომლებიც საკნების განათებასთან ერთად, ბუნებრივი ვენტილაციისთვისაც საჭიროა. 
_ რამდენიმე დღის წინ სოზარ სუბარს კიდევ ერთი პატიმრის ცემასთან დაკავშირებით გაუგზავნეთ მიმართვა. უწყება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ადეკვატურად პასუხობს?
_ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე დაწესებულების ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გვითხრა, რომ 7 დეკემბერს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სცემეს. იმ დღეს მას დაწესებულების თანამშრომელ გიორგისთან უმნიშვნელო შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც საკნიდან ადმინისტრაციის ერთ-ერთ ოთახში გაიყვანეს, სადაც დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა. მსჯავრდებული აცხადებს, 5 წუთის განმავლობაში დირექტორის მოადგილეები და სხვა თანამშრომლები სცემდნენ, ფეხებსა და წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლებს ურტყამდნენ, ხოლო როცა საკანში მიჰყავდათ, დერეფნის გავლისას ცემის ამბავი სხვა პატიმრებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადმინისტრაციის ოთახში დააბრუნეს, ხელბორკილი დაადეს და კვლავ სცემეს. მანამდე დაფიქსირდა 2 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა ორივეზე გამოძიება სწრაფად დაიწყო.  
_ უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ციხეებში ,,ობშჩიაკისა’‘ და ,,მაყურებლის’‘ პრობლემა არსებობს. რა კეთდება ამის აღმოსაფხვრელად?  
_ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით ადეკვატურ ღონისძიებებს ატარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტების წახალისება მოხდა, ისინი უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.
რუსუდან შელია

back to top