Menu
RSS

ვისი მანქანით დადის პალიკო კუბლაშვილი და რა ბრალდებას წაუყენებენ აუდიტის სამსახურის უფროსს?
,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში  დაკავებების ახალი ტალღა დაიწყება. როგორც ამბობენ, გააქტიურებული მაკონტროლებლების  სამიზნე ამჯერად აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა) და მისი შეფი ლაშა თორდია გახდება. ლაშა თორდიაზე, რომელიც აქტიურ ნაციონალ კანონშემოქმედთა ფრთას მიეკუთვნებოდა, არსებობს მასალები, რომელიც  აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ხარჯთაღრიცხვებსა და სხვა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხებს შეისწავლის. დიდი ალბათობით რამდენიმე საქმე შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის მოტივიც გახდეს.  ერთ-ერთი ინფორმაციით, თორდიას ის ავტომანქანებიც ამოუვარდება, რომლითაც  დეპუტატი პალიკო კუბლაშვილი სარგებლობს და ჯერ კიდევ აუდიტის სამსახურის ბალანსზეა. გამოდის, კუბლაშვილს თორდიამ პირად სარგებლობაში აუდიტის სამსახურის მანქანები ათხოვა?! ჯერ კიდევ არჩევნებამდე რეფორმირებულ კონტროლის პალატას, მეტი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, ნაციონალებმა ლაშა თორდია ჩაუყენეს სათავეში. თორდია კი ეცადა, მიუკერძოებელი აუდიტის იმიჯი შეექმნა, მაგრამ ნაციონალი დეპუტატისთვის მანქანის თხოვება არ დაენანა ისევე, როგორც სხვა მეგობრებისთვის პირადი საჩუქრები. ამბობენ, რომ პატიოსანი ბიუროკრატის იმიჯის შესაქმნელად სიდედრის ბინაშიც კი გადაბარგდაო, თუმცა ურთიერთობა აქაც დაძაბვია.  პირადი პრობლემები ,,ვერსიის’‘ ინტერესის სფერო ნამდვილად არ არის, თუმცა ყოფილი კონტროლის პალატის სეიფებში რომ ასობით საქმე დევს, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკების კორუფციულ სქემებსა და ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტებს ეხება, ეს ფაქტია. სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმეების ,,ლობირების’‘ მიზნით შეარჩიეს ლაშა თორდიას კანდიდატურა 2012 წლის არჩევნებში დამარცხებულმა ნაციონალებმა, თუმცა ახლა უკვე საფრთხე თავად თორდიას ემუქრება და რამდენად შეძლებს პარტიული მეგობრების დაცვას, ძნელი სათქმელია.   
ეკა სეხნიაშვილი

back to top