Menu
RSS

ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის გარშემო სკანდალი არ წყდება. მთავრობის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მისივე მთავრობის საკმაოდ გავლენიან პირებს, ნაცვლიშვილსა და ხუხაშვილს შორის მწვავე საუბარი შედგა. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თავად გასცა ბრძანება, გამოიძიონ ყველა ის საქმე, რომელიც მთავრობაში ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის ერთწლიან საქმიანობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილმა ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და აშშ-ს საელჩოს მიმართა ვიზის მისაღებად, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. ინფორმაციის გადასამოწმებლად აშშ-ს საელჩოს დავუკავშირდით, თუმცა იქ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ლაშა ნაცვლიშვილიც.  საინტერესო განცხადებას აკეთებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ოთარ ფარცხალაძის უწყებაში განგვიცხადეს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისა და ყოფილი პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შესწავლა დაიწყო. რა დასკვნამდე მივა გამოძიება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ლაშა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოღვაწეობა შსს-ში დაიწყო, მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, თუმცა ყოფილი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შსს-დან მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. მიზეზებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ არსებობს, არაოფიციალურად კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაცვლიშვილი კონკრეტული საქმეების ლობირებას შეეცადა, რაც მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე რომ ხშირად წყვეტდა ისეთ საკითხებს, რომლებიც არჩილ კბილაშვილის გადასაწყვეტი იყო, ამის შესახებ განცხადება თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა: „არჩილ კბილაშვილი ამერიკელებსაც მოსწონთ და ევროპელებსაც. ლაშა უფრო პრაქტიკულია და მეტი გამოცდილება აქვს. ხშირად წყვეტს იმას, რაც არის კბილაშვილის გადასაწყვეტი. ასეთი კაზუსები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა“.   ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოძიებას კურირებდა. უშუალოდ კი,  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს და როგორც ამბობენ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენიც ნაცვლიშვილის დამსახურებაა. იმის დასტური, რომ პროკურატურა ახალაიას მიმართ ლოიალური იყო, ის ფაქტიცაა, რომ ერთი და იგივე დანაშაულზე სასამართლომ ახალაია გაამართლა, ხოლო მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი და გელა ხვედელიძე უშუალოდ გავიდნენ კავშირზე კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან დათა ახალაიასთან და გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ, მას ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს. ერთ დროს საკმაოდ გავლენიანი ფიგურის მოღვაწეობის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურთ უმრავლესობის წევრებს. ლაშა ნაცვლიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში „რუსმეტალის“ ხელმძღვანელები ადანაშაულებენ. „რუსმეტალის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, ზაზა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე, კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. კომპანიის ფინანსურ დირექტორს, გერონტი ცვარიანსა და ბუღალტერს, თამარ ჯავაშვილს პროკურატურამ 202-ე მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, თემურ მიმინოშვილის განცხადებით, პროკურატურაში შეტანილია ორი სარჩელი თაღლითობის სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მამულაშვილმა მილიონ ლარზე მეტი მიითვისა. ეს საკითხი წინ არ წაწეულა მაშინ, როცა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე, საქმის წარმოება 3 დღეში დაიწყო. მიმინოშვილის განცხადებით, მამულაშვილი ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია. ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებს ბიზნესმენ გელა მიქაძის დაკავების საქმეში. არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებამდე მას მოსთხოვეს ბიზნესის დათმობა და როგორც ამბობენ, მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას მთავარი პროკურორის მოადგილე აწარმოებდა და უარის მიღების შემდეგ ის დააკავეს. შემდგომ, მისი ქონება და საბანკო ანგარიშებიც დააყადაღეს. „არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად თქვენს მიერ დასახელებული პირი იყო თუ არა ამ წილის მომთხოვნი, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი მოთხოვნა ნამდვილად იყო და ეს ჩემთვის ცნობილია. ფაქტიც იმის შესახებ, რომ არც ერთ კითხვას არ უსვამენ ადამიანს, ვისაც სულ უფრო მეტ ბრალს უყენებენ, მიმანიშნებს, რომ მხოლოდ ბრალდებაა გამოძიების ინტერესი და არა სიმართლის დადგენა“, _ აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. მისი თქმით, მისი შვილის მკვლელებს, უშუალოდ, ნაცვლიშვილი მფარველობდა: „ვითხოვ, ნაცვლიშვილისა და კბილაშვილის პასუხისგებაში მიცემას _ როცა წინ ედოთ თითქმის გამოძიებული საქმე, არ გამოიძიეს. პროკურატურაში იყო დაინტერესებული პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა ამ გახმაურებული საქმეების გამოძიებებს. ყველანაირად მტკიცდება, რომ ეს კვალი მიდის ნაცვლიშვილთან. შევხვდი კბილაშვილს. ვუთხარი, საქმე გამოძიებული მაქვს, ვითანამშრომლოთ-თქო. ბევრი რამ დავუმტკიცე. დაუძახა ნაცვლიშვილს და დაავალა, ამ საქმეში ხვალვე სამი გამომძიებელი დაამატეო. 6 თვის განმავლობაში არც ერთი გამომძიებელი არ დაამატა ნაცვლიშვილმა, ისე წაიღეს ეს საქმე ქალაქის პროკურატურაში“. ვაზაგაშვილისვე თქმით, ნაცვლიშვილი უშუალოდ მფარველობდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან გვაზავას, რომლის უშუალო ხელმოწერით მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა: „ნაცვლიშვილს წარსულს რომ გადავხედოთ, სულ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყო ჩახუტებული. ის მეგობრობს იმ ხალხთან, ვინც ამ მკვლელობებით, ქონების წართმევითა და ბიზნესმენების დატერორებით იყვნენ დაკავებულები. მეტიც, მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა, რომელიც ძალიან ბევრ ბინძურ საქმეშია გასვრილი, დღემდე ვინმეს უხსენებია? ის ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია. ყოველ საღამოს რესტორნებში ქეიფობდნენ ერთად. ნაცვლიშვილი მფარველობდა მათ. დიახ ბატონო, ჩემი შვილის მკვლელებს მფარველობდა ლაშა ნაცვლიშვილი. ლევან გვაზავამ დაგეგმა ფირცხალავასთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე ბიჭების ჩაცხრილვის ოპერაცია. ეს კაციც ნაცვლიშვილის ძმაკაცია. სხვა საქმეებსაც მფარველობდა ნაცვლიშვილი. ყველა ძველ კადრებს, უშუალოდ ის მფარველობდა. როგორ შეიძლება შაქრო ზაალიშვილი, თენგიზ ხარებავა და სხვები მუშაობდნენ პროკურატურაში?! რა ბრალიც ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს წაუყენეს, ესეც ნაცვლიშვილის დამსახურებაა. ქვეყანა დააქციეს, ხალხი დახოცეს და ხედავთ რაზე ჰყავთ დაჭერილი, ეს ამ ხელისუფლების სირცხვილია“. 
For.ge

back to top