Menu

შსს-ს სტატისტიკა _ სადაც რადარები დამონტაჟდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 80%-ით იკლო, დაღუპულთა რაოდენობა კი 85%-ით შემცირდა

რადარების განთავსების შედეგად, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 80%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 85%-ით შემცირდა, _ ამ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით რადარების დამონტაჟების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ,,ვერსიას’‘ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ესაუბრა.  
_ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით თბილისში, იქ, სადაც რადარები დამონტაჟდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 80%-ით იკლო. საგულისხმოა, რომ დაღუპულთა რაოდენობაც 85%-ით შემცირდა. მაგალითად, შარშან ამ პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა, წელს კი მხოლოდ 6, ხოლო 2013 წლის ნოემბერში მსხვერპლი საერთოდ არ ფიქსირდება. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს, რომ პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა. 
_ რადარები მხოლოდ თბილისში მონტაჟდება თუ საქართველოს მასშტაბითაც იგეგმება მძღოლებისთვის სიჩქარის გადაჭარბების შეზღუდვა? 
_ რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, ამ პროგრამამ მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას.  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და საკვანძო ადგილებზე, სადაც სიჩქარის გადაჭარბებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი დიდია, სიჩქარის მზომი ახალი 17 რადარი დაამონტაჟა, უახლოეს მომავალში კი რადარები საქართველოს მასშტაბით განთავსდება. მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, 1 დეკემბრიდან გურია-აჭარაში დამონტაჟებული 18 რადარიც ამუშავდება. ასე რომ, სიჩქარის მზომი რადარები სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო მონაკვეთის 21-ე კილომეტრიდან სარფამდე განთავსდა, რომელთა სიახლოვეს სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებლის საგზაო ნიშნები განთავსდა, რომლებზეც ვიდოკამერა და დასაშვები სიჩქარეა განსაზღვრული. 
_ რადარებთან სიახლოვეს მაქსიმალური სიჩქარე რა პრინციპით განისაზღვრა? 
_ თითოეული რადარისთვის ოპტიმალური სიჩქარე შევარჩიეთ და, ძირითადად, გზის დატვირთვის მაჩვენებელი, ასევე გზის საფარი, დამცავი ჯებირები და მოხვევის რადიუსი გავითვალისწინეთ. რადარის სიახლოვეს სიჩქარის მინიმალური დიაპაზონი 40 კმ/სთ-ით განისაზღვრა, მაქსიმალური _ 110კმ/სთ-ით. მაგალითად, ქობულეთის სანაპიროზე დაშვებული სიჩქარე 40 კმ/სთ-ით მხოლოდ იმ მიზეზით განვსაზღვრეთ, რომ იქ ტურისტების დიდი ნაკადია და მოძრაობაც გადატვირთულია, გზატკეცილზე კი, რომელიც თბილისს დასავლეთ საქართველოსთან აკავშირებს _ 110 კმ/სთ-ით მოძრაობაა დასაშვები. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს, უფრო სიჩქარის გადაჭარბებაზე კი 100-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. 
_ ცნობილია, რომ ნოემბრიდან ჯარიმები უნდა განახევრდეს და შსს-ს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.  
_ დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე სახდელის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა განახევრდება და დამრღვევი მძღოლი მხოლოდ 50 ლარით დაჯარიმდება, აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავის ოდენობა კი, 500-ის ნაცვლად, 150 ლარი იქნება. დგომა-გაჩერებისთვის წესების დარღვევა 10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მოქალაქე 150-ლარიან საურავს გადაიხდის; ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100-ლარიანი ჯარიმა ნახევრდება, ღერძულა ხაზის განმეორებით გადაკვეთის შემთხვევაში 200-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მოქალაქე 100-ს გადაიხდის, ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი, 2 წლის ნაცვლად, მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1 500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, ათასლარიანი ჯარიმის გადახდით იქნება შესაძლებელი. საზოგადოება შსს-ს ჰუმანურ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნობს. 
_ ჯარიმებზე გადასახადის შემცირების პარალელურად, მძღოლების მხრიდან ადმინისტრაციული დარღვევების მაჩვენებლის ზრდას არ ელოდებით? 
_ შევეცადეთ, ჯარიმის აღმზრდელობითი ფუნქცია შეგვენარჩუნებინა.  ადრე ჯარიმებს რეპრესიული დატვირთვა ჰქონდა, რადგან მძღოლებს გაუმართლებლად მაღალი თანხის გადახდა უწევდათ. სხვათა შორის, რიგ გადაცდომებზე ჯარიმები არამხოლოდ დავტოვეთ, გავამკაცრეთ კიდეც. მაგალითად, სიმთვრალის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარით შემოიფარგლებოდა. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას ნახევარი წლით ჩამოართმევენ. სამწუხაროდ, ადრე საზოგადოების ნაწილისთვის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა. დღეს კი, ნასვამი მძღოლი როგორც მინიმუმ, მოსახლეობაში გაკვირვებას იწვევს. შესაძლოა, ჯარიმების განახევრება ვიღაცამ ნაკლებად პრევენციულ ღონისძიებად ჩათვალოს, მაგრამ კონკრეტულ მაგალითებს დაგისახელებთ, როცა ჯარიმის მაღალი გადასახადი მოსახლეობაში უსამართლობის განცდას იწვევდა: სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინთან’‘ მცხოვრებმა პირებმა, მოძრაობის გადატვირთულობის გამო, ერთ დღეში 200-300 ლარის ოდენობის ჯარიმა მიიღეს. ბუნებრივია, თითოეულ დარღვევაზე საპატრულო პოლიციამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს, თუმცა სადამსჯელო რაზმს არ უნდა დავემსგავსოთ. ასე რომ, ჯარიმების განახევრების მიუხედავად, მძღოლების მხრიდან ადმინისტრაციულ კანონდარღვევების ტალღას არ ველოდებით. ამასთან, ხაზგასმით ვამბობ, არავინ ჩათვალოს, რომ პატრული რაც მეტ ჯარიმას გამოწერს, საპატრულო პოლიციის ბიუჯეტი იზრდება. ჯარიმებიდან არც ერთ თეთრს პრინციპულად არ ვიღებთ და ამაზე არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ხელფასი ან პრემიაა დამოკიდებული.
რუსუდან შელია

back to top