Menu
RSS

კალაშოვიდან ბედუკაძემდე

ვინ არის სინამდვილეში გლდანის ციხის ყოფილი ზედამხედველი _ გმირი თუ ჯალათი

გასულ კვირას, გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომელს, ,,ციხის კადრებით'' ცნობილი ჩანაწერების გარეთ გამომტან ვლადიმერ ბედუკაძეს, ერთი დღის განმავლობაში, თავს ორჯერ დაესხნენ. ორივე შემთხვევა ქაშვეთის წინ მოხდა, სადაც ბედუკაძე იმყოფებოდა, თუმცა მუშტი-კრივის მიუხედავად, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. ვერ გეტყვით, შეგნებულად მოხდა თუ შემთხვევით, მაგრამ სატელევიზიო სიუჟეტებში რამდენჯერმე გაიპარა შეცდომა, სადაც ბედუკაძე გლდანის ციხის რეჟიმის უფროსად მოიხსენიეს და ეს მაშინ, როცა ის რეჟიმის უფროსი არასოდეს ყოფილა. ამ მოვალეობას წინა ხელისუფლების დროს ოლეგ ფაცაცია ასრულებდა, რომელიც ახლა სასჯელს პატიმრების წამების გამო იხდის.

 

და მაინც, ვინ არის ლადო ბედუკაძე _ გმირი თუ რიგითი ჯალათი, რომელიც პატიმრებს სხვების დარად აწამებდა? ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მისი აქტუალობიდან გამომდინარე, კვლავ ვაპირებთ დავუბრუნდეთ, მანამდე კი იმ ორმაგ სტანდარტებზე გიამბობთ, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებობს და ამ ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი პატიმარი არამარტო ადმინისტრაციის, არამედ ,,კანონიერი ქურდების'' მხრიდანაც ხდება. 

მაშ ასე: რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ,,კანონიერი ქურდი'', შაქრო კალაშოვი სასჯელის მოსახდელად ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ეს თავად კალაშოვის მოთხოვნა იყო, რადგან მას სურდა გრძელვადიანი სასჯელი ,,თბილ ქვეყანაში'' მოეხადა და ციმბირს აცდენოდა. მანამდე კი, კალაშოვმა მოასწრო და ქურდის სტატუსი ცნობილ ინგუშ კრიმინალს, ახმედ ევლოევს დაუბრუნა. ევლოევს სტატუსი სხვა ქურდებმა ოთხი თვის წინ შეუჩერეს, თუმცა ის ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ. საბოლოოდ, კალაშოვმა ევლოევს მოუსმინა, სტატუსი აღუდგინა და გამორიცხულია, მისი გადაწყვეტილება რომელიმე ქურდმა ამ ეტაპზე გააპროტესტოს. ამ ეტაპზე იმიტომ, რომ დაკავებამდე, სწორედ კალაშოვმა აუკრძალა ქურდებს ახალი წევრების მიღება, აქაოდა, ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ მართლა ქურდია, ვინ კიდევ ფულით იყიდა სტატუსიო. ეს აკრძალვა კი აგერ, თავად მოხსნა და როცა 1-2 წელი გავა მისი პატიმრობიდან ანუ როცა ციხეში ყოფნის გამო მისი გავლენები საკმარისად შესუსტდება, ამ ამბავს აუცილებლად გაუხსენებენ და წამოაძახებენ. 

ციხეში ყოფნა გავლენებს რომ ასუსტებს, ყველაზე კარგად კალაშოვმა უნდა იცოდეს, რადგან ესპანეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, მისი სიტყვა ფასს ნელ-ნელა კარგავდა და როგორც კი საპყრობილეს თავი დააღწია, პირველი, რაც გააკეთა, იმ კრიმინალებს ,,ჩაარტყა'', ვინც არ ითვალისწინებდა. ახლა კი, 65 წლის კალაშოვს 10 წელი აქვს მისჯილი და ძალიან, ძალიან საეჭვოა, ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს. ამის იმედი მას შემდეგ გადაეწურათ ქურდებს, რაც არანაკლებ გავლენიან ტარიელ ონიანს სასჯელის ვადა სრულად მოახდევინეს და ეს მაშინ, როცა მისი გარემოცვა, ტაროს თავისუფლების სანაცვლოდ, მილიონებს არ იშურებდა. 

კალაშოვზე ერთიც ვთქვათ: რუსთავის #16 დაწესებულებაში ე.წ. ,,მაყურებლებმა'' ნარკო ტიკებზე დაჭერილი პირის შევიწროვება დაიწყეს. ცოტა ხანში მათ, ადვოკატის პირით, კალაშოვმა შემოუთვალა, მაგ კაცს შეეშვითო ანუ რეალურად ,,ბარიგას'' ქურდმა ხელი დააფარა. ერთი შეხედვით, ეს აუხსნელი რამ იყო, მაგრამ ქურდის, მით უმეტეს, კალაშოვის სიტყვას ვერავინ გადავიდა. 

ეს არის ორმაგი სტანდარტი, როცა საქმეში ქურდები არიან ჩარეულნი. 

ახლა, რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს, როცა საქმეში უკვე ადმინისტრაცია ერევა, რამდენიც უნდა მოინდომოს პატიმარმა, როგორ იცხოვრებს ,,ზონაზე'', სწორედ ადმინისტრაცია წყვეტს. მას შეუძლია, ადამიანებს ჯოჯოხეთში ჯოჯოხეთი შეუქმნას, ან პირიქით _ ციხეში სამოთხე მოუწყოს და პატიმარს არაფერი მოაკლდება. ორივე შემთხვევაში, პრაქტიკულად, ყველაფერი დეპარტამენტთან თანხმდება ანუ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ზემოთ წყდება და ქვემოთ შემდეგ ჩამოდის. 

წინა ხელისუფლების დროს, ზედემხედველებს ჰქონდათ ყველაფრის უფლება. ყველაფერში სიკვდილიც იგულისხმობდა და პასუხს არავინ აგებდა, თუ ცემა-ტყეპაში რომელიმე პატიმარი ,,შემთხვევით'' შემოაკვდებოდათ და ასეთი ,,შემთხვევითობა'' არცთუ ცოტა იყო. ,,მუღამში შესულ'' ბადრაგებს ხშირად არაფრის გამო შემოკვდომიათ პატიმარი და შემოკვდომიათ იმიტომ, რომ ცემის დროს, უბრალოდ, ვერ გაჩერდნენ, ვერ მოზომეს, ვერ მიხვდნენ, რომ გათიშულ კაცს ურტყამდნენ... 

კითხვაზე _ ცემდა თუ არა პატიმრებს ლადო ბედუკაძეც _ პასუხი ძალიან, ძალიან მარტივია. არ არსებობს ზედამხედველი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინა ხელისუფლების პირობებში ნახევარი წელი მაინც მუშაობდა და პატიმრისთვის ხელი არ ჰქონდეს დარტყმული. ასეთს არავინ გააჩერებდა და თუ ვინმე თავს იკავებდა, მას აუცილებლად შეიყვანდნენ რომელიმე ,,კამერაში'' და აიძულებდნენ, პატიმარი ეცემა. თუ ამას არ იზამდა, სამსახურსაც დაემშვიდობებოდა. ამიტომ, ხელს და ფეხს იქნევდა ყველა, ვინც იქ მუშაობდა და თუ რომელიმე მათგანს პრეტენზია ექნება, ხელი არავისთვის დამირტყამსო, მოგვაწოდოს თავისი სახელი და გვარი, რომელ დაწესებულებაში მუაობდა და, მაქსიმუმ, 3 დღეში, სამ პატიმარს დავუსახელებთ, რომლებიც ხელს დაადებენ და იტყვიან, რომ კონკრეტულად იმ ზედამხედველმა დაარტყა. 

არ ვამბობთ, რომ პატიმრების ცემა ყველას სიამოვნებას ანიჭებდა, ისინი სისტემის მსხვერპლი იყვნენ, მაგრამ... ალბათ, მსხვერპლიც შეგნებულად ხდები... 

ისევ ბედუკაძეს დავუბრუნდეთ, სასჯელაღსრულების სისტემაში ის არ იყო უცხო კაცი, არც გლდანის ციხე იყო მისი პირველი სამუშაო ადგილი _ მანამდე სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობდა და, როგორც ყოფილი პატიმრები ამბობენ, განსაკუთრებით მეექვსე, ე.წ. ,,კრიტის'' დაწესებულებაში მუშაობის დროს ირტყმევინებოდა. არიან ადამიანები, ვისაც ბედუკაძის მიერ ცემით გათიშული ადამიანებიც ახსოვთ, მაგრამ არცერთს უთქვამს, რომ მის სახელს რომელიმე პატიმრის გარდაცვალება უკავშირდება. ეს კი, გვერწმუნეთ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატიმრების სიკვდილში არაერთ ზედამხედველს მიუძღვის ლომის წილი და ისინი თავისუფლებაზე მშვიდად დადიან. 

რა მოხდა გლდანის ციხეში ისეთი, რამაც ბედუკაძე აიძულა, კეთილშობილი გამხდარიყო?! ასეულობით პატიმარია, რომელიც იტყვის, რომ მას კონკრეტულად ლადო ბედუკაძე დაეხმარა, დაეხმარა ისე, რომ არ იცნობდა, უბრალოდ, ადამიანურად, კაცურად... ზოგი ცემას გადაარჩინა, ზოგს სიგარეტი მიაწოდა ,,კარანტინში'' (რაც გმირობის ტოლფასი იყო), ზოგსაც სადღაც გაეგზავნა, თავისუფლებაზე გაიტანა დანაბარები და ოჯახის ახლობლებს კონკრეტული პატიმრის გასაჭირი შეატყობინა... ყველაფერ ამას ბედუკაძე გლდანში ნამდვილად აკეთებდა და ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. 

ორი ეპიზოდი, რომელიც პირადად მაქვს ნანახი, ალბათ ბედუკაძის პიროვნებას კარგად დაახასიათებს: 

სასამართლოზე მივდიოდით და შესაბამისი პროცედურები ტარდებოდა _ პატიმრებს ჩხრეკდნენ, რათა რომელიმეს სასამართლო დარბაზში აკრძალული ნივთი (მაგალითად, ,,ბრიტვა'') არ შეეტანა. არ შეიძლებოდა ცხვირსახოცის ქონაც და ერთ-ერთ პატიმარს ცხვირსახოცი უნახეს. ჩხრეკას ბედუკაძეც ესწრებოდა და პატიმარს უთხრა: ,,გადააგდე!'' მან დახედა ცხვირსახოცს, მერე თვალებით იქაურობა მოათვალიერა (ყველაფერი ეს გლდანის ციხის საკარანტინო ნაწილში ხდებოდა) და ცხვირსახოცი კუთხეში მიაგდო. ამ დროს კუთხიდან კიდევ ერთი ზედამხედველი, ბორის ფარულავა, იგივე ,,ბასტი'' გამოვიდა, დაინახა, რომ პატიმარმა ცხვირსახოცი მოისროლა და თავში წამოარტყა, რას აკეთებო. ბედუკაძე საშინლად გაბრაზდა, ,,ბასტის'' ლამის ხელი დაარტყა, უმიზეზოდ პატიმარს რატომ შეეხეო... 

დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, იგივე სიტუაცია, იგივე საკარანტინო ნაწილი და იგივე ჩხრეკა. ბედუკაძე ფეხზე იდგა თავისთვის ჩაფიქრებული, პატიმრებს სხვები ჩხრეკდნენ. მოულოდნელად ერთმა პატიმარმა ხმაური ატეხა, უსიგარეტოდ არ შემიძლია, სიგარეტს რატომ მართმევთო. ზემდეგებმა მსუბუქად წამოარტყეს, სხვა პატიმრებმა ანიშნეს, გაჩუმდიო და ისიც თავდახრილი წავიდა იმ კუთხისკენ, სადაც ბედუკაძე იდგა. ყველასთვის მოულოდნელად, ლადომ ფეხი მოიქნია და პატიმარს თავში მოარტყა. ის მოწყვეტით დაეცა, მაგრამ არ გათიშულა. 

,,შეგვაგინა'', _ ჩაილაპარაკა ბედუკაძემ და ვითომც არაფერი, ისევ კედელს მიეყუდა... 

ფაქტი ერთია _ ბედუკაძის გარდა ვერავინ გაბედა, რომ გლდანის ციხეში არსებული რეალობა საზოგადოებისთვის ენახვებინა. ის, რომ კადრები დადგმული იყო, აბსურდია. სინამდვილეში, კადრებში იმის მეათედიც არ ჩანს, რაც რეალურად ხდებოდა... პატიმრები საზარბაზნე ხორცად ჰყავდა ხელისუფლებას და მათი სიცოცხლით, უბრალოდ, ერთობოდა. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლების გლდანის ციხესა და ჰიტლერის საკონცენტრაციო ბარაკებს შორის განსხვავება, მხოლოდ გაზის კამერებში იყო.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში