Menu
RSS

რატომ გარბიან „კანონიერი ქურდები“ რუსეთიდან

პუტინი „კრიმინალურ ავტორიტეტებს“ ქართული გამოცდილებით ებრძვის

როცა თავის დროზე საქართველოში 223-ე პრიმა მუხლი შემოიღეს, რომლის მიხედვითაც ,,ქურდული სამყაროს'' წევრობა (პირველ რიგში, ,,კანონიერი ქურდის'' ტიტული) 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთი ისჯებოდა, ბევრი ფიქრობდა, რომ აღნიშნული ცვლილება არ გაამართლებდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული მუხლი უპრეცედენტო იყო მართლმსაჯულების მსოფლიო პრაქტიკაში და ამიტომ, ბევრი მას სკეპტიკურად უყურებდა. ვაღიაროთ, რომ ამ მუხლმა გაამართლა, იმის მიუხედავად, რომ ქართულ რეალობაში სწორედ ამ მუხლით არაერთი ისეთი პირი გაასამართლეს, რომელსაც კრიმინალთან შეხება არ ჰქონდა. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს დააკავეს პირი, რომლის სიმამრიც ,,კანონიერი ქურდი'' იყო. სიმამრმა სიძეს ევროპიდან დაურეკა, ოჯახი ანუ თავისი ქალიშვილი მოიკითხა და მეორე დღეს ეს პირი დააპატიმრეს, სამ თვეში გაასამართლეს და ექვსი წლით ციხეშიც გაუშვეს.

როგორც ჩანს, ქართულმა პრაქტიკამ რუსეთზეც იმოქმედა. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მუხლის შემოღების შემდეგ, საქართველო ,,კანონიერი ქურდებისგან'', პრაქტიკულად, დაიცალა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საცხოვრებლად რუსეთის ფედერაცია აირჩია. შედეგად, რუსეთს ერთბაშად რამდენიმე ასეული კრიმინალი დაატყდა თავს. რაღა თქმა უნდა, ყველა მათგანი შეეცადა, საკუთარი გავლენა მოეპოვებინა. თავიდან, რუსმა სამართალდამცავებმა ახლადჩასული კრიმინალები ნებაზე მიუშვეს და, როგორც შემდგომში გამოჩნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო _ ტერიტორიების გადანაწილებას ქურდებს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა, რაც ,,ქურდულ ომში'' გადაიზარდა და, საბოლოო ჯამში, არაერთი მათგანის მკვლელობით დასრულდა. მერე და მერე, ქურდები ერთმანეთში მორიგდნენ, დალაგდნენ, ტერიტორიებიც დაინაწილეს და მშვიდად დაიწყეს ბიზნესის ყვლეფა, რეკეტი, ძარცვა ანუ დაახლოებით, ის ხდებოდა, რაც ჩვენთან 90-იან წლებში. 

ერთი შეხედვით, ქაოსური სისტემა მძლავრი ხელის ქვეშ მოექცა და ეს მძლავრი ხელი შაქრო კალაშოვის გახლდათ. თბილისელი კალაშოვი რუსეთში დამკვიდრდა და მისი სიტყვის გარეშე, პრაქტიკულად, არაფერი წყდებოდა. რუსმა სამართალდამცავებმა რადიკალური ნაბიჯი გადადგეს _ კალაშოვისთვის ერთ-ერთ ბიზნესმენს აჩივლებინეს, რომელმაც სასამართლოზე დაადასტურა, რომ კალაშოვი მას ფულს პირადად სძალავდა (რაც გამორიცხულია, რადგან ამისთვის ,,შაქრო მალადოის'' არაერთი ადამიანი ჰყავდა) და, საბოლოოდ, კრიმინალური სამყაროს ლიდერი ციხეში 10 წლით გაისტუმრეს. 

ეს გამოსავალი არ აღმოჩნდა, რადგან კალაშოვის ადგილი კიდევ ერთმა ჩვენმა თანამემამულემ, კახა ფარფალიამ დაიკავა. ფარფალიას დაპატიმრების შემდეგ, კიდევ სხვა გამოჩნდა და ხელისუფლება მიხვდა, რომ მხოლოდ ერთი კაცის მოშორებით პრობლემას ვერ მოაგვარებდა. 

ჰოდა, სავარაუდოდ ამიტომ, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა და სწორედ მისი ინიციატივით, დუმაში უვკე შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ,,კრიმინალური სამყაროს'' წევრობა დასჯადი გახდება. 

,,კანონი ძალიან საინტერესოა და აუცილებლად ექნება ეფექტი. უფრო მეტიც, მას საოცარი ეფექტი ექნება, რადგან ყველა გზას უჭრის მოსამართლეს, კრიმინალთან გარიგებაში შევიდეს და სასჯელი ფულის სანაცვლოდ შეუმსუბუქოს. კანონში მკაფიოდ წერია, რომ ,,კრიმინალური სამყაროს'' წევრობა ისჯება ვადით 7-დან 15 წლამდე ანუ მოსამართლემ აუცილებლად უნდა მიუსაჯოს, მინიმუმ, შვიდი წელი და არ აქვს უფლება, მაგალითად, პირობითი მსჯავრი დაადოს ან სასჯელისგან საერთოდ გაათავისუფლოს. ამასთან ერთად, დაკავებული დაჯარიმდება, მინიმუმ, ხუთი მილიონი რუბლით (დაახლოებით, 200 ათასი ლარი), რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან კრიმინალისგან ნაძარცვი ფულის ამოღება კანონიერად მოხდება'', _ აცხდებენ რუსი ექსპერტები. 

როგორც ვარაუდობენ, აღნიშნული კანონი ძალაში ძალიან მალე შევა, რადგან დუმამ მისი განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო და რაც მთავარია, ამ კანონს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია სრულად იზიარებს. დეპუტატების აზრით, ეს არის რეალური ნაბიჯი იმისკენ, რომ რუსეთში ,,კრიმინალური სამყარო'' ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს. 

ქართული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, ,,კანონიერი ქურდები'' მალე რუსეთსაც დატოვებენ და სავარაუდოდ, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებსა და ევროპაში წავლენ. არადა, უკვე ევროპაშიც საუბრობენ, რომ აღნიშნული კანონი კარგია და შესაძლოა, მათაც შემოიღონ, რაც შესაძლებლობას მისცემთ, კრიმინალური სინდიკატის წევრები დეპორტაციას კი არ დაუქვემდებარონ, რაც ხშირად იმავე ქვეყანაში სხვა გვარითა და სახელით ჩასვლით მთავრდება, არამედ გაასამართლონ და ციხეში გაუშვან. 

,,ამ კანონის მიღების შემდეგ, მაქსიმუმ, ექვს თვეში, რუსეთის ტერიტორიაზე ,,კანონიერი ქურდები'' მხოლოდ ციხეში იქნებიან. პარალელურად, ქურდს შეეძლება პასუხისმგებლობა აიცილოს, თუ ის ტელევიზიით გამოვა და იტყვის, რომ ქურდი აღარ არის (ეს ნებაყოფლობით უარის თქმას ნიშნავს სტატუსზე, რის შემდეგაც ქურდი კრიმინალურ წრეებში გავლენასა და ავტორიტეტს აუცილებლად დაკარგავს). შედეგად, დაკავებული ან გაქცეული იქნებიან არამარტო ქურდები, არამედ ე.წ. ავტორიტეტები, რომლებსაც ქურდობა სურთ, რადგან კანონში პირდაპირ წერია _ ,,კრიმინალური სამყაროს წევრობა''. პარალელურად, სამართალდამცავებს არ მოუწევთ თავის მტვრევა იმაზე, დანაშაული დაუმტკიცონ ამა თუ იმ პირს. საკმარისია სამი ადამიანი, რომელიც დაადასტურებს, რომ კონკრეტული პირი კრიმინალური ავტორიტეტი ან ქურდია და ის, მინიმუმ, შვიდი წლით ციხეში წავა'', _ წერს რუსული მედია. 

რა თქმა უნდა, კანონი თავის თავში იმ საფრთხესაც შეიცავს, რომ სამართალდამცავებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ არასასურველი პირის დაკავება. ყველასთვის ცხადია, რომ პოლიციისთვის (რუსეთის მილიციას უკვე პოლიცია ჰქვია და, რა თქმა უნდა, ამასაც ჩვენ ვიბრალებთ, ჩვენ მოგვბაძესო) პრობლემა არ იქნება სასურველი სამი ადამიანის პოვნა, რომელიც ნებისმიერს დაადებს ხელს და იტყვის, რომ კრიმინალიაო, რაც კონკრეტული პირის დაკავებას გამოიწვევს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არასასურველ პირებს პოლიცია ისედაც მარტივად აკავებს _ იარაღს ან ნარკოტიკს უდებს და შემდეგ, ამ ბრალდებით უშვებს ციხეში, თუმცა აღნიშნული მუხლი ყველაფერ ამას უფრო ამარტივებს და... ჩადების ხელოვნება ცოდნას არ საჭიროებს. 

,,აქაურმა ქურდებმა უკვე დაიწყეს ახალი ნავსაყუდელის ძიება. უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი _ ეს არის ის ქვეყნები, სადაც აქაურებს წასვლა სურთ და ბინებსაც ყიდულობენ. ევროპაში ამის გაკეთება ცოტა ძნელია, რადგან იქ ჩაწერა გინდა, საბუთები გინდა, მუდმივად უნდა დაიმალო... კორუფცია ნაკლებია ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი 100-200 დოლარის სანაცვლოდ, სამართალდამცავები მარტივად გიშვებენ'', _ გვითხრა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა, რომელიც თავადაც ბელორუსიაში გადაბარგებას აპირებს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში