Menu
RSS

რუსთავსა და კუმისში ნარკოეპიდემია მძვინვარებს

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ _ ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

25 იანვარი _ პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა; 

27 იანვარი _ პოლიციამ ქვემო ქართლში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო; 

2 თებერვალი _ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში სამი ნარკორეალიზატორი დააკავა...

აი, ერთი კვირის სტატისტიკა, რომელიც შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. თუ გადავითვლით, ვნახავთ, რომ ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცავები დღეში, დაახლოებით, ორ ადამიანს აკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციას არ სძინავს, მუშაობს, დანაშაულს ებრძვის, მაგრამ ფაქტია _ ნარკომანია დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი (თუ ყველაზე დიდი არა) მთავარი პრობლემა და გამოწვევაა. ნარკოტიკი იყიდება, პრაქტიკულად, ყველგან და, სამწუხაროდ, ხელმისაწვდომია არამარტო დიდებისთვის, არამედ არასრულწლოვნებისთვისაც. 

ინტერნეტით ნარკოტიკის გაყიდვა ახალი ბრენდია და აქტიურადაც მუშაობს. ურო მეტიც, ნარკორეალიზატორები საერთოდ აღარ ჩანან, ისინი სოციალური ქსელის მეშვეობით ირჩევენ იმ ადამიანებს, ვინც ნარკოტიკებს გაყიდის, გადაანაწილებს სხვადასხვა ადგილზე და როცა ამ ადამიანებამდე პოლიცია მიდის, უბრალოდ, არ იცის, ვინ დგას ზემოთ, ვინ არის მთავარი დილერი. 

 

ცალკე პრობლემაა საქართველოს კოლუმბიად გამოცხადებული ფონიჭალა. ადგილობრივ მოსახლეობას რომ მოუსმინოთ, ისინი კატეგორიულად და შეიძლება ითქვას, აგრესიულადაც კი მოითხოვენ პოლიციის აქტიურობას, რათა ეს დასახლება ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს, მაგრამ არა და ვერა _ ფონიჭალა კვლავ რჩება აუღებელ ციხესიმაგრედ და პოლიციაც სპეცოპერაციებს ყველაზე ხშირად, სწორედ თბილისის ამ უბანში ატარებს. 

იმავე ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავები მხოლოდ ე.წ. ,,ბარიგებს'' დასდევენ, ხოლო მომხმარებლებს, პრაქტიკულად, არ ეხებიან. რეალურადაც, თუ ადამიანს ,,ფაქტს'' ვერ უპოვიან, მას არ აპატიმრებენ, რადგან ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ძალიან ლოიალურები გავხდით. შედეგად, ნარკომომხმარებლებს უკვე იმდენად ხშირად ვხვდებით, რომ ყველაფერი ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა და სადარბაზოებში აღარც მარიხუანას სუნი გვიკვირს. 

კიდევ ერთი, ახალ სათარეშო ველად ნარკოტიკების გამავრცელებლებმა რუსთავის შესასვლელი და კოდა-კუმისის გადასახვევი აირჩიეს. რუსთავის შესასვლელში, ქარსაცავ ზოლში დარგული ნაძვების ძირში ნარკოტიკების დატოვება უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა და მთავარია, მყიდველმა იცოდეს, რიგით რომელი ხის ძირში დევს ინტერნეტით შეძენილი ნარკოტიკი. კონკრეტულად ამ ადგილზე ნარკოტიკის დატოვება ძალიან მარტივია _ ავტომობილი ნელი სვლით ჩაივლის და მანქანის ფანჯრიდან ხის ძირში პატარა პაკეტის დაგდება პრობლემას არ წარმოადგენს. 

რაც შეეხება კოდა-კუმისის გადასახვევს, იქ არსებულ ნაძვნარში დღისით თუ ღამით დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც თითქოს სოკოს ეძებენ და დახრილები ყურადღებით ათვალიერებენ ხის ძირებს. რეალურად, ისინიც დატოვებულ ნარკოტიკებს ეძებენ და, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ნარკოტიკით გაბრუებული ადამიანები ვეღარ მიდიან, ან პირიქით, მიდიან, გზა ერევათ და რომელიმე მოსახლეს აღვიძებენ ღამის 2-3 საათზე, ცენტრალურ გზაზე გასასვლელი გვასწავლეო. ამის ნიადაგზე რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა, რამდენჯერმე ნარკოტიკის საძიებლად ასული ბიჭები გაილახნენ კიდეც, რადგან ღამის 2-3 საათზე გაღვიძება არავის სიამოვნებს, მით უმეტეს, თუ სახლში მცირეწლოვანი შვილები გყავს. 

უფრო მეტიც, ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ერთ დღეს, როცა შეამჩნიეს, რომ ნაძვნარში ღამით ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, 112-ში დარეკეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა პატრულმა ხის ძირებში დაყრილი რამდენიმე შეკვრა იპოვა, მაგრამ ღამის სტუმრებს ვერ შეეხო, რადგან არცერთ მათგანს ნარკოტიკული ნივთიერება თან არ ჰქონდა. 

,,ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ, იყო შემთხვევა, როცა კაცი დილით, სახლიდან ეზოში გამოვიდა და საკუთარ მანქანაში მძინარე ადამიანი იპოვა, რომელიც სავარაუდოდ, წინა ღამით, შემთხვევით შემოვიდა და ღია მანქანაში ჩაჯდა. მას თავად არ ახსოვდა, როგორ მოხვდა ეზოში და ავტომობილში. ადრე საკუთარი სახლის ეზოში გაჩერებულ მანქანებს ღამე არ ვკეტავდით, ახლა მანქანასაც ვკეტავთ, ჭიშკარსაც ბოქლომს ვადებთ და თან იმის შიში გვაქვს, შემთხვევით შემოხეტებული ადამიანი ძაღლმა არ დაგლიჯოს'', _ გვიყვებიან ადგილობრივები. 

სამართალდამცავები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ძალიან გაიზარდა, მაგრამ არსებული ლოიალიური დამოკიდებულების გამო, მათი დაკავება, უბრალოდ, უჭირთ და აზრსაც ვერ ხედავენ, რადგან ასიდან 99 შემთხვევაში, სასამართლო დაკავებულს გირაოს უფარდებს, ან ჯარიმით ათავისუფლებს. 

არადა, თითქოს ყველაფერი მარტივია, თითქოს მოსახლეობის უმრავლესობა ყველაფერ ამის წინააღმდეგია და აქტიურად იბრძვის სამართალდამცავებთან ერთად, მაგრამ სტატისტიკა იმდენად საგანგაშოა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ არის, გარდა იმისა, რომ შს სამინისტრო, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვამცნობს ნარკორეალიზატორთა დაკავებას.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში