Menu
RSS

შვილმკვლელი დედები

„ბავშვს მანამდე ვცემდი, სანამ გონება არ დაკარგა, მერე იატაკზე დავახეთქე“ _ სანახაობადქცეული ტრაგედიები და პოსტფაქტუმ აღშფოთებული საზოგადოება

2019 წლის იანვარი ტრაგედიებთან ასოცირდება _ ჯერ იყო და, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, გაზის გაჟონვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამას მოჰყვა ახალგაზრდა ჟურნალისტის, ,,ტვ „პირველის'' წამყვანის, ლევან ჩხაიძის ტრაგიკული გარდაცვალება. მერე, ცნობილი გახდა, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაური უცხოეთში გარდაცვლილი იპოვეს. ასევე, საზღვარგარეთიდან მოვიდა ცნობა, რომ ქართველი ემიგრანტი მხატვარი, ქართველმა მოკლა. ამ ტრაგედიებიდან არანაკლებ შოკისმომგვრელია 4 წლის გოგონას გარდაცვალება, მით უმეტეს, რომ მოარული ინფორმაციით, შესაძლოა, ბავშვი საკუთარმა დედამ ცემით მოკლა.

მიმდინარე წლის 22 იანვარს, ქართულმა საინფორმაციო პორტალებმა შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელეს: 

„თბილისში, სანზონაში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. 

მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ 4 წლის გოგო მშობელმა ცემით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, დედა მცირეწლოვან ბავშვზე ხშირად ძალადობდა. 

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა''. 

 

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა დედას გამოძიება შვილის მოკვლას კი არა, არამედ, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევას ედავება. დაკავებული ქალი, როგორც მისმა ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განაცხადა, დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. ამ დროისთვის ქალს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, ადვოკატი კი, პატიმრობის ნაცვლად, გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა 

,,შემაკავებელი ორდერით, დედას აეკრძალა ბავშვთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რაც მან არ შეასრულა და ამის გამო, ის დაკავებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 381 პრიმა მუხლების პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და იმ საფრთხეების საფუძველზე, რაც საქმეზე იკვეთებოდა, სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ, _ განუცხადა მედიას პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ და დასძინა, _ დედას 30 დღის განმავლობაში _ 6 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, მსხვერპლთან ანუ არასრულწლოვანთან, მის საცხოვრებელთან მიახლოება და ნებისმიერი სახით კომუნიკაცია ეკრძალებოდა. დედას ვალდებულება ჰქონდა, რომ მის სახლში არ მისულიყო. აღსრულება თავად მოძალადეს, დედას ევალებოდა. ყველა პირის გამოკითხვა, ყველა ვერსიის შემოწმება მიმდინარეობს''. 

ქართული ანდაზაა, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ჰოდა, ახლაც ასეა _ ტრაგედია მოხდა თუ არა, ყველა, ვისაც არ ეზარება, იმაზე მსჯელობს, ვინ არის დამნაშავე 4 წლის გოგონას გარდაცვალებაში ანუ მიდის თუ არა ტრაგედიის კვალი სახელმწიფო უწყებებამდე, კერძოდ, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სამართალდამცავებამდე, რომელთაც ევალებოდათ, ეკონტროლებინათ, დედა შემაკავებელი ორდენით გათვალისიწინებულ პირობებს ასრულებდა, თუ არა? 

ამ დეტალების გარკვევა, ცხადია, სამომავლოდ აუცილებელია, რადგან მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდეს, მაგრამ იქნებ, დღის წესრიგში ის საკითხიც უნდა დადგეს და იმაზეც უნდა გავშალოთ დისკუსია, რომ მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდეს? გამკაცრებული სასჯელი შესაძლოა, მავანს არაჰუმანურად მოეჩვენოს, მაგრამ განა, ის ჰუმანურია, რომ მშობელი, რომელიც საკუთარ პირმშოს სიცოცხლეს გამოასალმებს, რამდენიმე წლის შემდეგ, თავისუფლებაზე გამოვიდეს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს? 

ამ მკაცრი განცხადების საფუძველს კი ის ფაქტები იძლევა, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა. ამ მხრივ, ერთ-ერთი გახმაურებული, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში, 2011 წლის დასაწყისში მომხდარი ტრაგდიაა _ მაშინ დედამ ხუთი წლის შვილი შეშით მოკლა. 

იმდროინდელ ბეჭდურ მედიაში ამ ტრაგედიის შესახებ ეწერა: 

,,...სამი შვილის დედამ, მაია გელდიაშვილმა უფროსი ვაჟი _ ხუთი წლის შალვა (შაკო) წიკლაური მოკლა. დედამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ პატარას შეშის ნაჭრით გაუპო თავი: 

„ბავშვს მანამდე ვცემდი ხოლმე, სანამ გონებას არ დაკარგავდა. ამჯერადაც ასე იყო, შეშის ნაპობი გათიშვამდე ვურტყი, მერე იატაკზე მთელი ძალით დავახეთქე. როცა დავეჭვდი, რომ გონზე ვეღარ მოვიდოდა, ვცადე, ენა ამომეწია. კბილები ხელს მიშლიდა, ამიტომ კოვზით ჩავუმტვრიე''. 

„შაკო თითქმის სულ ნაცემი დადიოდა, დედას გაფრთხილებული ჰყავდა, არავის უთხრაო და ისიც გვიმალავდა. ერთხელ, თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და რომ ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, წავიქეციო. უბანში ერთად ვთამაშობდით. მაგასთან სახლში არასდროს შევსულვარ, ეზოში ვხვდებოდით ერთმანეთს. დედამისის გვეშინოდა, რაღაცნაირი ქალი იყო. არა, კი არ გვიყვიროდა, მაგრამ შაკო რომ ნაცემი იყო, ჩვენც გვეშინოდა. შაკოს კიდევ და და ძმა ჰყავს. ძმა პატარაა, თოთო და არასდროს მინახავს, სულ სახლში ჰყავდათ. ერთხელ, გული გავუწვრილე, არ მეტყვი, რა გჭირს-მეთქი? დედამ ჩამარტყა თავშიო... დედა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამბობდა, დედას არ ვუყვარვარ, დედას და მამას ჩემი და-ძმა უფრო უყვართ, იმათ ეფერებიან, მე _ არაო. 

ის ქალი ყველაფერს შაკოს აკეთებინებდა. დილით უთენია, ნახირში გაადენინებდა საქონელს. ისეთ ადგილზე მიდიოდა, სადაც დიდებიც კი არ გადიოდნენ. სულ ნამტირალევი დადიოდა. სოფელში ამბობდნენ, ეს საწყალი ბავშვი მონასავით ჰყავსო. ყოველთვის დახეული შარვალი და გამოგლეჯილი ჯემპრი ეცვა. შაკოს სიკვდილი რომ გავიგე, მისი სახლისკენ წავედი. ჭიშკარი ღია იყო, მაგრამ შესვლა ვერ გავბედე'', _ უყვებოდა პატარა შაკოს მეგობარი ჟურნალისტებს. 

როგორც ყველა ტრაგედია, საზოგადებამ მისაქციელის ამბავიც მალე დაივიწყა, თუმცა მოგვიანებით, დედისგან მოკლული პატარა შაკო ხალხმა კიდევ ორჯერ გაიხსენა: ერთხელ მაშინ, როცა ხმა გავარდა, შვილის მკვლელი დედა საპყრობილეში ჭკუიდან შეიშალაო. მეორედ კი მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ქალი, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, კერძოდ, 2013 წლის მაისში შეიწყალა. 

„მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მოკლული 5 წლის ბავშვის დედა, საქართველოს პრეზიდენტმა 25 მაისს შეიწყალა. ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროშიც ადასტურებენ'', _ იუწყებოდა 8 წლის წინ, ქართული მედია. 

ზოგადად, თუ Gოოგლე-ის საძიებო სისტემაში შეხვალთ, მშობლის მიერ შვილის მოკვლის შესახებ არაერთ ნიუსს ნახავთ და იმასაც აღმოაჩენთ, რომ ჩვენს გვერდით, არაერთი შვილმკვლელი ცხოვრობს. 

არის თუ არა ეს სახელმწიფოს პრობლემა? _ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მოდით, ნუ ვიქნებით იდეალისტები და ნუ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია. იგივე ნაძალადევის ტრაგედიას რომ დავუბრუნდეთ, შესაბამის უწყებებს უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ და დედისთვის, რომლის მიმართაც შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი, შვილთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცათ, დღეს 4 წლის გოგო, შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, საკითხავია: გამოძიება მხოლოდ დედის დასჯით დაკმაყოფილდება, თუ იმითაც დაინტერესდება, როგორ მოხვდა ოთხი წლის ნინო დედასთან მაშინ, როცა მშობელს შვილთან ურთიერთობა 30 დღით ჰქონდა აკრძალული? 

იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, შესაძლოა, კიდევ არაერთი ტრაგედიის მოწმენი გავხდეთ, ტრაგედიისა, რომლის შემდეგაც ისევ ვაი-ვიშს მოვყვებით. 

სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, როდის გაიზრდება თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო განათლება ანუ მეზობლები ახლა ამბობენ, რომ დედა ოთხი წლის გოგოს ხშირად სცემდა. მართალია, ისიც ცნობილია, რომ რამდენჯერმე პატრული გამოიძახეს, მაგრამ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ხედავდა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, უფრო მეტი სამოქალაქო თვითშეგნება რომ გამოეჩინა, ნაძალადევის ტრაგედია, შესაძლოა, არც მომხდარიყო, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“. ასევე, პოლიციაში დარეკვაც, როგორც ჩანს, ცუდ ტონად ითვლება _ აბა, „ჩამშვებები“ ხომ არ გავხდებით?! 

ამ კუთხით ასევე, საინტერესოა ჭიდაობის ფედერაციის ბოლო სკანდალი, როცა სპორტსმენები ამტკიცებდნენ, ევროპის ჩემპიონზე გეგეშიძის თავდასხმას შინაურულად გავარჩევთ, პოლიცია რა საჭიროაო?! 

ისე, ხანდახან ისე ჩანს, რომ ჩვენ, ამ საზოგადოების თითოეული წევრი, ტრაგედიებს შოუდ ვაქცევთ, რაც არანაკლები ტრაგედიაა!

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში