Menu
RSS

ნარკოტიკების გაყიდვის სკანდალური სქემა

როგორ პოულობენ ნარკორეალიზატორები თანამოზარეებს ინტერნეტით და ვინ არის მთავარი „ბარიგა“

სამწუხაროდ, საქართველოში ნარკოტიკების პრობლემა ისევ მწვავედ დგას. იმის მიუხედავად, რომ შსს, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე არ გავა, ნარკორეალიზატორი არ დააკავონ, პრობლემა მაინც არსებობს _ ნარკოტიკი იყიდება ყველგან და რაც ყელაზე ცუდია, იყიდება ინტერნეტით. სწორედ ინტერნეტია ის სამყარო, სადაც ნარკორეალიზატორების გამოვლენა და დაკავება ძნელია. სამწუხაროდ, რეალიზატორები გაყიდვის სხვადასხვა გზას ეძებენ და იმ დონეზე ხვეწენ, რომ პოლიციას ორმაგი მუშაობა უხდება. ახალი სქემა, რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს, სამართალდამცავებმა კი გაშიფრეს, მაგრამ მთავარ დამნაშავემდე მისვლა ასე უფრო ძნელია.

 

25 იანვარს, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა. მათ შორის არიან ძალიან, ძალიან ახალგაზრდებიც, თუმცა... 

გთავაზობთ პოლიციის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების ფრაგმენტს: 

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა და თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. 

დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ა.ბ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1986 წელს დაბადებული მ.ს., 2000 წელს დაბადებული ა.რ. და 2000 წელს დაბადებული ე.მ. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.კ.-მ და ა.ბ.-მ ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია ,,ტელეგრამის'' მესენჯერში შექმნეს ჯგუფები _ ე.წ. ,,დრუგ-შოპ''-ები, ხოლო ინტერნეტ-პლატფორმა ,,მატანგაზე'' _ ნარკოტიკების სარეალიზაციო ონლაინ მაღაზია. ასევე, დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებული -მ.ს. -აღნიშნული ჯგუფების ოპერატორი იყო და მის ფუნქციაში შედიოდა წინასწარ შერჩეულ ადგილზე დადებული ნარკოტიკის გასაღება ჯგუფის წევრებზე, რისთვისაც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშიში'' ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ,,ბიო'' და ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პვპ'', რომლებიც განკუთვნილი იყო ,,ტელეგრამში'' არსებული ჯგუფების _ ე.წ. ,,დრუგ-შოპ''-ების მომხმარებლებზე გასასაღებლად. 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორი პირი აღნიშნული ,,დრუგ-სჰოპ''-ების ე.წ. ,,დამდებია''. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ სხვა ბრალდებულების მიერ გადაცემული ნარკოტიკების დაფასოება და სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსება ევალებოდათ, რაშიც შესაბამის ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა ადგილზე არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს...“ 

გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ნარკორეალიზატორები თავად აღარ ჩანან. ისინი ინტერნეტით უკავშირდებიან ახალგაზრდებს და მათ სთავაზობენ ნარკოტიკების გავრცელებას, ჯამაგირის სანაცვლოდ. შესაძლოა, ბევრი ამას არ დასთანხმდეს, მაგრამ ბევრი თანხმდება და შედეგად, პოლიციელთა ხელში ე.წ. ,,ფეხი'' ვარდება, მთავარი ,,ბარიგა'' კი ძნელად ხელმისაწვდომია. 

მაშ ასე, რას გულისხმობს ახალი სქემა? 

ნარკორეალიზატორი ინტერნეტით, დახურულ ჯგუფებში უკავშირდება წინასწარ შერჩეულ პიროვნებას და ეუბნება, რომ კონკრეტულ ადგილზე დევს ათ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი. მან უნდა აიღოს ეს ნარკოტიკი და გადაანაწილოს თბილისის სხვადასხვა უბანში ათ ისეთ ადგილზე, სადაც არ დგას ვიდეოთვალი, გადაუღოს სურათი და ჩაუგდოს ნარკორეალიზატორს. 

მეორე პირი, რომელსაც პირველთან შეხება არ აქვს, ინტერნეტით ეძებს ნარკოტიკების შეძენის მსურველს და მიღებულ ფოტოს უგზავნის მყიდველს. შედეგად, თანხას იღებს, როგორც გამყიდველი, ისე _ ნარკოტიკების შესაბამის ადგილებზე დამდები. 

,,ბარიგა'' არ იტყუება, დამხმარეებს უხვად აჯილდოვებს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნარკოტიკები საქართველოში თვითღირებულებაზე ათასჯერ (!!!) ძვირად იყიდება. შედარებისთვის, თუ ერთი აბი ,,სუბოტექსი'' ევროპაში 2-3 ევრო ღირს, საქართველოში მისი ფასი 500 ლარიდან იწყება ანუ ათი აბი ,,სუბოტექსი'' 20-30 ევროა ევროპაში, საქართველოში კი 5000 ათასი ლარია, მინიმუმ'' და შედეგად, მოგების განაწილებისას, ,,ბარიგა'' არ ძუნწობს. 

პოლიციაც აკავებს პირს, რომელიც წამალს ანაწილებს, პირს, რომელიც ინტერნეტით ეძებს ნარკომანებს და ვერ გადის ბოლოში ანუ ,,ბარიგამდე'', რადგან მას რეალურად არავინ იცნობს. 

ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დროს ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი ქვემო ქართლში დააკავეს. თუ აქამდე გასაღების მთავარ ობიექტად ფონიჭალ ითვლებოდა, ახლა ბაზარმა რუსთავში გადაინაცვლა. სხვათა შორის, პოლიციელთა თქმით, დაკავებული ნარკორეალიზატორები არ ასახელებენ იმ პირს, ვისგანაც დიდი ოდენობით ნარკოტიკს იძენენ და როგორც ამბობენ, საქმე აქაც ინტერნეტთან გვაქვს ანუ კონკრეტული ადამიანი დიდი ოდენობით ნარკოტიკს, სწორედ ინტერნეტით ყიდის, შემდეგ მყიდველი აფასოებს და ,,ჩეკებად'' ასაღებს. დაკავების შემდეგ მან, უბრალოდ, არ იცის, ვისგან იღებს ნარკოტიკს და პოლიციასაც მთავარ გამსაღებლამდე მისვლა უჭირს. 

ცალკე პრობლემაა უცხოელების მიერ შემოტანილი ნარკოტიკი. სამართალდამცავები ძირითადად ირანის მოქალაქეებს აკავებენ (ირანში ნარკოტიკების გასაღებაზე სიკვდილით დასჯაა) და არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მთავარი შემომტანები საქართველოში, სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. 

ასეა თუ ისე, ნარკოტიკები ქართველი სამართალდამცავებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაინც რჩება და აღარავინ მალავს, რომ ნარკობაზარმა უკვე ლამის სრულად ინტერნეტში გადაინაცვლა. 

და ერთიც: ჩვენი ინფორმაციით, გასაღების გარდა, ნარკორეალიზატორები საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, ისეც იყენებენ და აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნარკოტიკი, საქართველოს გავლით, რუსეთში გადის. ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ კულუარულად ამ თემაზე ძალიან, ძალიან ბევრს ლაპარაკოენ.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში