Menu
RSS

მექრთამეობის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკების საქმე

წყალტუბოს საკრებულოს დაჭერილი თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის ბორკილდადებული მოადგილის ქონება და შემოსავლები _ გასაჯაროვდება თუ არა ივანეიშვილისა და ჩოჩუას ფარული სატელეფონო საუბრები

25 და 26 იანვარს, ერთი-მეორის მიყოლებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში უწყება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის დაკავებას გვამცნობდა, მეორე განცხადებაში კი, ამავე საქმეზე, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას დაკავებაზე იყო საუბარი. ორივე განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, შემდეგ კი გიამბობთ, რა შეუსაბამობაა ამ საქმეში.

 

განცხადება #1: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს, ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით, 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 

ტენდერი ქ. წყალტუბოში, შანიძის ქუჩა #1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი, თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. 

განცხადება #2: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით, 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში. 

გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.“ 

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, სად ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე და სად _ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ჩოჩუას მეუღლე, ქალბატონი ხათუნა ჭიჭინაძე წყალტუბოელია და ივანიშვილის ნათესავი გახლავთ, თუმცა მთავარი ეს არ არის. 

ამ საქმეში ყველაფერი თავდაყირა ადვოკატის განცხადებამ დააყენა. ივანეიშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარეს წარდგენილი ბრალის დამტკიცება გაუჭირდება, რადგან აღნიშნული შენობა აუქციონზე მესამედ გამოვიდა და სამივეჯერ ერთი და იგივე ფასად. 

რა გამოდის? _ თუ ივანიშვილმა ქრთამი აიღო, შენობას ფასი უნდა დაკლებოდა, თუ არ დააკლდა, მაშინ შენობა ორჯერ უკვე იყო იგივე ფასად გამოტანილი და ინვესტორს შეეძლო, შეეძინა. ეს, რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას. 

ჩვენ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს ჩავხედეთ და საინტერესო რამ ამოვიკითხეთ. მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობა-ნაგებობის გაყიდვისა და შესაბამისად, აუქციონზე გატანის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერიას და არა _ საკრებულოს. საკრებულო ვერ ერევა გასაყიდი შენობების აუქციონზე გატანის საქმეში, თუმცა რა თქმა უნდა, არის კოლეგიალობა და ძირითადად, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ერთმანეთს უთანხმებენ გასაყიდი ობიექტების ნუსხას. კიდევ ერთი საინტერესო კანონი, რაც კოდექსში წერია: თუ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი შენობა არ იყიდება, შემდეგ აუქციონზე იგივე შენობას ფასი, მინიმუმ, 10%-ით უნდა დააკლდეს. თუ ისევ არ გაიყიდა, ფასი კიდევ 10%-ით უნდა დააკლდეს. აღნიშნული შენობა კი სამივეჯერ, ერთსა და იმავე ფასად გავიდა აუქციონზე. 

ყველაზე დიდი კითხვის ნიშნებიც აქ არის: რატომ არ დააკლდა ფასი ნაგებობას, რომელიც პირველ აუქციონზე არ გაიყიდა?! 

პარალელურად, ივანეიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მას ხელფასის გარდა, შემოსავალი იმ სასტუმროებიდანაც ჰქონდა, რომელიც წყალტუბოში მდებარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანეიშვილი ასპარეზზე 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა _ ბიზნესი დაიწყო, თავად შექმნა ყველაფერი და აქამდე ერთ სახელმწიფო დაწესებულებაშიც არ უმუშავია. ის წყალტუბოში ერთ-ერთ უმდიდრეს კაცად ივლება და ბევრს გაუკვირდა, როცა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. 

საერთო ჯამში, ივანეიშვილის ბიზნესს ოფიციალურად მეოთხედი მილიონის მოგება აქვს, თუმცა გასავალიც თითქმის იმდენივეა. 

რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას ფინანსებს, მისი მთავარი ,,გასართობი'' მანქანების ყიდვა-გაყიდვა ყოფილა. კალენდარული წლის განმავლობაში, ჩოჩუამ 4 მანქანა იყიდა და 5 ავტომობილი გაყიდა. საერთო ჯამში, მან 27 100 დოლარის მანქანები გაყიდა და 28 500 დოლარის ავტოები შეიძინა. 

ჩვენი ინფორმაციითვე, ჩოჩუას და ივანეიშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები არსებობს, სადაც სწორედ საკრებულოს ძველ შენობაზე მიდის საუბარი და უცხოელი ინვესტორის სახელიც ისმის, თუმცა რა დასკვნას დადებს გამოძიება, ძნელი სათქმელია.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში