Menu
RSS

„კორკოტას“ შვილისა და ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძის კრიმინალური „რაზბორკები“

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის უცნობი დეტალები _ ადუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს?

გასულ კვირას, ვერაზე მომხდარი სროლის შემდეგ, სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გიორგი ადუაშვილს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება, მის მეგობარ კონსტანტინე ჯორბენაძეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან იმდენი ცნობილი ადამიანი ჩაერთო ყველაფერ ამაში, რომ საქმემ კვირის მთავარი კრიმინალური გარჩევის სახე მალევე მიიღო.

გიორგი ადუაშვილის მამა, ბიზნესმენი ანტონ (ავთო) ადუაშვილი, 2012 წლის 23 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ქილერმა თავში საკონტროლო გასროლაც განახორციელა ანუ ბიზნესმენს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. გამოძიებამ საქმეზე რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის, ცნობილი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელია. მაშინ ჩხაპელიამ, შეიძლება ითქვას, წლის სკანდალი ააგორა და მკვლელობის შემკვეთად პავლიაშვილი დაასახელა. შესაბამისად, ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა პავლიაშვილი არ დაუკავებიათ და სამართალდამცავებმა ეს მარტივად განმარტეს: ,,ერთი ადამიანის ჩვენება საკმარისი არ არის!'' 

სხვათა შორის, მაშინ გარდაცვლილის ოჯახიც ხელს პავლიაშვილისკენ იშვერდა, თუმცა საბოლოოდ, ამ საქმის შემკვეთად ცნობილი მომღერალი ოფიციალურად არ დასახელებულა. 

რაც შეეხება ვერაზე მომხდარს, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ჯერ იყო რამდენიმე გასროლა მანაქანის მიმართულებით, შემდეგ კი ავტომობილი ფილარმონასთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ მანქანას შეეჯახა, საიდანაც პიროვნება გადმოხტა და გაიქცა. 

სამართალდამცავთა ვერსიით, მანქანას ზურაბ კუჭავა მართავდა, მისი მიმართულებით კი, დაახლოებით, ათი გასროლა ადუაშვილმა განახორციელა. გამოძიების ინფორმაციით, ადუაშვილს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ, კუჭავამ მიაყენა და მისი მხრიდან განხორციელებული სროლაც ამის შედეგი იყო. 

ჯერჯერობით გამოძიებას სხვა ვერსია და, რაც მთავარია, დაკავებულების ჩვენება არ აქვს, რადგან ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, თუმცა... 

თბილისში დაუფარავად საუბრობენ, რომ კონფლიქტი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მასთან დაპირისპირებული დავით კაჭარავას მეგობრებს შორის დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი, ცოტა ხნის წინ დაკავებული გოგოჭური-კაჭარავას სამეგობრომ შერიგება გადაწყვიტა. თბილისელი ე.წ. ,,ბლატატა'' ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული და დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ხსენებულ დღესაც გაიმართა. ადუაშვილი და კუჭავა ერთმანეთს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, ამჟამად კი თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი აბუსერიძის მამის გასვენებაში შეხვდნენ. იქიდან ვაჟა კორკოტაშვილის სახლში გადაინაცვლეს. ვაჟა კორკოტაშვილი ,,ქართული მარშის'' ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილია. როგორც ამბობენ, კამათი სწორედ იქ დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გაგრძელდა. ამბობენ, რომ კონფლიქტში უმცროსი კორკოტაშვილიც მონაწილეობდა, თუმცა თავად გია კორკოტაშვილი ამას უარყოფს, მაგრამ ადასტურებს, რომ ზურაბ კუჭავა მისი შვილის მეგობარია. 

შემდეგ კი უკვე მოხდა ის, რაც მოხდა და საბედნიეროდ, იღბლის წყალობით, ახალგაზრდები ცოცხლები დარჩნენ და ეს, იმის მიუხედავად, რომ კუჭავას მიმართულებით ათამდე გასროლა განხორციელდა, ხოლო ადუაშვილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ექვსი ჭრილობა აქვს. 

,,ბოლო დროს თბილისში არაერთი გარჩევა მოხდა. პოლიცია, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ამ დანაშაულების პრევენცია შეუძლებელია. სადღაც, სახლში დაწყებული კონფლიქტი, რომელიც შემდეგ ქუჩაში გრძელდება და კარგ შემთხვევაში, დაჭრით სრულდება. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ამ კონფლიქტების შესახებ, მთელმა თბილისმა ყველაფერი იცის, არიან თვითმხილველები, იციან მიზეზებიც და დეტალებში შეუძლიათ მოუყვნენ სამართალდამცავებს, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამას არ აკეთებენ. არ აკეთებენ სწორედ მენტალობის გამო, თითქოს პოლიციასთან თანამშრომლობა ცუდია. არადა, თუ სამოქალაქო აზროვნება არ ავიმაღლეთ, თუ არ მივედით იქამდე, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა ცუდი კი არა, პირიქით, ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის კარგია, არაფერი გვეშველება. 

ახლაც, ადუაშვილისა და კუჭავას შორის მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მთელმა ვერამ დაინახა, როგორ მოქროდნენ მანქანები, როგორ მიდიოდა სროლა, მაგრამ პოლიცია სათვალთვალო კამერების იმედადაა. მეორე მხრივ, არც დაკავებულები იღებენ ხმას და მერე ატყდება ერთი ამბავი, ასე არ იყო, ისე მოხდა, გამოძიება არასწორად წარიმართაო. რომელი გამოძიება? სადაც არავინ არაფერს ამბობს? სადაც თვითმხილველები ბრმავდებიან, ყრუვდებიან, მუნჯდებიან?.. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი სურათი არაერთ დანაშაულზე, თუნდაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. ასამდე მოწმე იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაზე და სრულყოფილი ჩვენება, პრაქტიკულად, არავის მიუცია'', _ გვითხრა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა, რომელიც არ მალავს, რომ დანაშაულების გახსნის დაბალ მაჩვენებელს ბოლო დროს, მოქალაქეთა მიერ პირში წყლის ჩაგუბება განაპირობებს. 

სხვათა შორის, დაკავებული გიორგი ადუაშვილის ადვოკატი ზაზა მესხი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება დაარღვიოს. 

,,გიორგი ადუაშვილი წარდგენილ ბრალდებას გაეცნო, ხელი მოაწერა, მაგრამ თავს დამნაშავედ არ სცნობს. ამჟამად ის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ შემიძლება, ჩვენებაც მისცეს და განმარტოს, თუ რა მოხდა რეალურად'', _ განაცხადა მესხმა, მაგრამ ვინც ადუაშვილს იცნობს, გამორიცხავს, რომ ის გამოძიებასთან დეტალებზე საუბარს დაიწყებს. 

რაც შეეხება მინდია გოგოჭურისა და დათო კაჭარავას საქმეს, ძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით გადაჭრით ძნელია იმის თქმა, დაუმტკიცებენ თუ არა წარდგენილ ბრალს ექს-პრეზიდენტის სიძეს. ერთი ეგაა, გოგოჭურის საქმეში რესტორნის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია, სადაც ნათლად ჩანს სროლის ეპიზოდი და პროკურატურისთვის სასამართლოზე მთავარი მტკიცებულებაც ეს ჩანაწერი იქნება. 

ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას ასევე აქვს ვერაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, ვინ ისვრის მოძრავი ავტომობილიდან მეორე მანქანის მიმართულებით. როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ჩანაწერი იმდენად მკაფიო და ხარისხიანია, რომ პირების იდენტიფიცირება მარტივად მოხდება. 

P. S. პოლიციის ინფორმაციით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდებს შორის დაწყებულ კამათს უამრავი თვითმხილველი ჰყავს, ბევრი ხედავს და ბევრს ესმის, რომ ახალგაზრდები ერთმანეთზე იწევენ, მაგრამ 112-ში დარეკვა არავის სურს, რადგან შემდეგ მოწმედ გამოსვლა მოუწევთ და მენტალობიდან გამომდინარე, ეს არ უნდათ. შემდეგ კი, ყველა ერთად, თუ ცალ-ცალკე იმას ვჩივით, რომ კრიმინალმა მოიმატა და თავად არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ კრიმინალის ნიშნული დაბლა, როგორმე ერთობლივად დავწიოთ.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში