Menu
RSS

ჯაჭვით ნაცემი ევროპის ჩემპიონი და ჭიდაობის ფედერაციის მაფიოზური კულუარები

ვინ მფარველობს გეგა გეგეშიძეს და რას ჰყვება ნაცემი ზურაბ დათუნაშვილი

ჭიდაობის ფედერაციაში სკანდალი კვლავ გრძელდება. საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ წინა ნომერშიც გიამბობდით და ვწერდით, რომ როგორც ჭიდაობის, ისე ძიუდოს ფედერაციაში, სიტუაცია უმართავია და საქმე მუშტი-კრივით წყდება ანუ რამდენიმე ადამიანი ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ უნდა წავიდეს ტურნირზე, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ შეჯიბრში და რაც მთავარია, ვინ რამდენი უნდა მიიღოს იმ პრემიალური თანხიდან, რომელიც სპორტსმენებს ერგებათ. ვიმეორებთ: ანალოგიური სიტუაციაა ძიუდოშიც და ის, რომ არ არსებობს კადრები, ვის როგორ და სად ურტყამენ, არ ნიშნავს, რომ მუშტი-კრივი ძიუდოში უცხოა.

ჯერ ჭიდაობაზე ვთქვათ: 2017 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი დავით ბედინაძე სცემეს. მაშინვე ითქვა, ამ საქმეში ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე და მისი ძმა, ლადო არიან გარეულნიო, მაგრამ ამბავი ჩაიფარცხა. 

შარშან სასტიკად გაუსწორდნენ ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანს, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში იწვა და ექიმებმა თვალი ძლივს შეუნარჩუნეს. ჩორგოლიანმა ხელი გეგეშიძეს დაადო, სწორედ ფედერაციის პრეზიდენტმა მცემაო, მაგრამ ეს ამბავიც ჩაიფარცხა. 

ახლა კი, უკვე კამერების წინ გაილახა ევროპის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ზურაბ დათუნაშვილი. საბედნიეროდ, დათუნაშვილი გაჩუმებას არ აპირებს და მან მომხდარს ვრცელი წერილიც მიუძღვნა. 

მართალია, მთლიან წერილს ვერა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს შემოგთავაზებთ და თავად დარწმუნდებით, რომ დათუნაშვილი სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმას, რა პრობლემებზეც ჩვენ გასულ ნომერში დავწერეთ: 

„ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე, 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემს უახლოეს მეგობარ რობერტ კობლიაშვილს შორის, მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში, დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება. 

აქვე, მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. 

კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი. 

მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის _ ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. უფრო მეტიც, ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია, ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს. 

ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. 

საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს, შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე ტრენერი, რითაც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს. ასევე, აღმზრდელი მწვრთნელები საკუთარ მოსწავლეებს თავადვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც არის ჭიდაობისთვის დამღუპველი გარემოება. 

აღნიშნული, ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული, პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე. 

ჩემმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მე თავად ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დღიდან, საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ მაქვს გამოტოვებული და არასდროს მქონია ამბიცია და მოთხოვნა, ჩემი ტიტულების გამო ვყოფილიყავი წონის უპირობო პირველი ნომერი. მიმაჩნია, რომ ყოველწლიურად, სწორედ შიდა ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია და ყველას გვქონოდა თანაბარი შანსი. 

თუმცა, ბოლო პერიოდში, ზემოთნახსენები დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ფედერაცია სპორტსმენებს გვართმევს შესაძლებლობას, ხალიჩაზე სამართლიან დაპირისპირებაში გამოვავლინოთ საუკეთესო. 

გასულ ზაფხულსაც ჩემი სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი არასამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ, სულ სხვა წონაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ის, ვინც არსებული წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე. 

მწვრთნელების გაღიზიანება გამოიწვია ჩემს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ არ მომხდარიყო სპორტსმენების ამ ნიშნით არჩევა და ზოგადად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ უნდა ჰყოლოდა პირადი მოწაფეები, რადგან ეს ბუნებრივად ტოვებდა არასამართლიანი დამოკიდებულების განცდას სპორტსმენებში. 

მინდა, მივმართო იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ართმევენ თავიანთ გაზრდილ მოსწავლეებს და სხვა მხრივაც ბევრი კუთხით ავიწროებენ, ისაუბრონ ამ თემაზე. 

მინდა, მივმართო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჭიდაობის ფედერაციიდან და მათ ნაცვლად დაასაქმეს გაურკვეველი ხალხი, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ჭიდაობის სამყაროსთან, ისაუბრონ ამ თემაზე ღიად. 

მინდა, ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი და არასდროს, არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილება არ მიმიღია, ჩემი საქმიანობა ყოველთვის შემოიფარგლებოდა სპორტითა და ვარჯიშით და ამჯერადაც, ერთადერთ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ფედერაციას ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორსაც იმსახურებს ჭიდაობა და რომელიც შეგვიქმნის ჯანსაღ გარემოს სპორტსმენებს....“ 

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ გეგა გეგეშიძე შს მინისტრის პირადი დაცვის ყოფილი უფროსია, ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს შს ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალოვან უწყებებთან. სავარაუდოდ, ამიტომ, მან დაკითხვაზე მისვლაც იუარა და, საბოლოო ჯამში, სასამართლო წესით დაკითხეს, მაგრამ თუ კონკრეტული შედეგი არ დადგა, თუ კონკრეტულად არ მოეთხოვა პასუხი ადამიანებს ჩადენილი დანაშაულისთვის, არაფერი გვეშველება. 

იქნებ, ნაკრების კაპიტანი იტყუება, იქნებ, კორუფცია არ არსებობს და ის ბრალს დებს ვინმეს?! _ გამოიძიონ, გამოკითხონ, სიმართლე დაადგინონ...

ახლა, რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციას, აქაც, საქართველოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილი გაილახა. პაპუნაშვილმა ფინალამდე ორი სახელოვანი ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსოფლიოს პრიზიორი, უშანგი მარგიანი დაამარცხა. მაშინ ითქვა, რომ გიორგის სწორედ ეს არ აპატიეს და სასტიკად გაუსწორდნენ, მაგრამ კამერების წინ არაფერი მომხდარა, სპორტსმენი არ ჩივის, ფედერაცია კი როგორც სხვა შემთხვევაში, დუმს. 

ძიუდოს ფედერაცია ჩვენც შევაწუხეთ, სხვა ჟურნალისტებმაც და მან, საბოლოოდ, სოციალურ ქსელში ეს განცხადება გვაღირსა: 

„როგორც ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, 2019 წლის 12 იანვარს, სასტუმრო „ბილტმორში“, 12:00 საათზე ჩატარდა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის მიერ დაანონსებული ძიუდოს, როგორც ერთიანი სპორტული ოჯახის გაფართოებული შეხვედრა, პირობითი სახელწოდებით, „ძიუდოს ღირსების დარბაზი“, რომლის მიზანიც გახლდათ ფედერაციაში შექმნილი მდგომარეობის დეტალური განხილვა და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. შეხვედრაზე, კლუბების გარდა, მოწვეულნი იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ვეტერანი ძიუდოისტები, ასევე ყველა დამსახურებული მწვრთნელი. 

თითოეულ წევრს მიეცა საშუალება თავისი აზრის დაფიქსირების, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა, რომლის ძირითად პათოსადაც განისაზღვრა ყველა დაპირისპირებული ჯგუფისა თუ პიროვნებებთან მიმართებაში შემრიგებლური, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გაჯერებული პოზიცია. ამავე დროს, კენჭისყრის ფორმატით სრული მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული ეროვნული ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის, ასევე ახლად არჩეული პრეზიდენტისა და აღმასკომის მიმართ. 

შესაბამისად, მიეცა რეკომენდაცია აღმასკომის გაფართოებული ფორმატის ფარგლებში უკვე შექმნილ კომისიას, ერთი მხრივ, პირველ რიგში მუშაობა გააგრძელოს არა სადამსჯელო, არამედ სწორედ ურთიერთობის ნორმალიზებისა და ბოლო პერიოდში ცალკე გამოკვეთილი ჯგუფებისა თუ ინდივიდუალურად ცალკე აღებული პიროვნებების ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, იყოს მაქსიმალურად მკაცრი და მომთხოვნი მომავალში ყველა ისეთი თვითნებური ქმედების მიმართ, რომელიც ლახავს ძიუდოს, როგორც ერთიანი ოჯახის, სახელსა და ინტერესს...“ 

როგორია? უფრო ზუსტად, რავარია?! ფედერაციის პრეზიდენტი არ იყო, ხმამაღლა რომ გვიმტკიცებდა, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არაფერი მომხდარა და რა გამოვიძიოთო?! რა გამოდის? დაპირისპირება კი არა, თურმე, მთელი ჯგუფები ყოფილა და ახლა მათი შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს? და ოსაკაში ნაცემი მარგველაშვილი და შავდათუაშვილი, საქართველოში ნაცემი პაპუნაშვილი, მანამდე იარაღით დაჭრილი ვეტერანი ძიუდოისტი, უბრალოდ, დრომ და საქმის ვითარებამ მოიტანა და ყველას ყველაფერი შერჩეს?! 

მოდით, ხმამაღლა ვთქვათ, რომ სპორტის სამყაროში ანარქია სუფევს. ეს განსაკუთრებით ძალისმიერ სპორტს ეხება, თორემ აგერ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი რომ არის დარეგისტრირებული, აქაოდა, ყველაფერი გადაწყვეტილია, სხვა არჩევნებს, უბრალოდ, ვერ მოიგებსო, ხომ არაფერს ვამბობთ?! იმიტომ არ ვამბობთ, რომ აზრი არ აქვს, საკმარისია ხმამაღლა ჩაერიო რამეში და მაშინვე ფიფას მიმართავენ, ფიფა კიდევ ხელისუფლებას თითს დაუქნევს და შეიძლება, ორგანიზაციიდან გაგვრიცხონ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ვერც კლუბი და ვერც ნაკრები, ოფიციალურად ვერსად ითამაშებს. ჰოდა, ხელსაც მერე ჩვენ შეგვაწმენდენ. ამიტომ, შეირგეთ, ბატონებო, ის, რაც გერგებათ და რაც არ გერგებათ, ნუ წაეპოტინებით. 

მომხდარი ინციდენტების გამოძიება უკვე სპორტსმენების კი არა, ხელისუფლების ღირსების საქმეა, რადგან ქვეყანაში კამერების წინ თუ უკან ადამიანების ცემა-ტყეპა დასრულდეს. 

P.S. სტატია დასაბეჭდად იყო მზად, როცა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალმა თავკაცმა, გურამ მოდებაძემ პარიზის დიდ სლემზე წასაყვანი ძიუდოისტების სია გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მოდებაძემ ძიუდოისტებს მოუწოდა, საქართველოს ჩემპიონატზე ყველამ იჭიდავეთ, რადგან ნაკრებს სწორედ ჩემპიონებით დავაკომპლექტებო. 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ საქართველოს ჩემპიონი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც ოქროს მედლისკენ სავალ გზაზე ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი დაამარცხა, ნაკრების შემადგენლობაში არ არის. სამაგიეროდ, შემადგენლობაში არიან ჭრიკიშვილი და მარგიანი. ეს ისე, უბრალოდ, ცნობისთვის...

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში