Menu
RSS

რა წერია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე სახალხო დამცველის ანგარიშში

რატომ არ აძლევს ჩვენებას ბესარიონ გუგუშვილი, ვინ უშლის ხელს ობიექტურ გამოძიებას და რას ითხოვს ომბუდსმენი

2018 წლის 31 დეკემბერს, 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აღესრულა. მისი გარდაცვალების დეტალების გამოსავლენად გამოძიება ლამის მაშინვე დაიწყო და დღემდე გრძელდება. რეალურად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ძიება სწორედ გასული წლის 31 დეკემბერს უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ პრეზიდენტის შვილებმა _ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა შიმშილობა დაიწყეს და ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს. ვადა გახანგრძლივდა და პარლამენტმა შესაბამისი დადგენილებაც მიიღო. შესასბამისად, ამიერიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებს ხანდაზმულობა არ შეეხება. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალება რომ განსაკუთრებულია, თქმა არ უნდა. ნამდვლიად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ძიება და რა შედეგს დადებს საბოლოოდ გამოძიება, მაგრამ რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, სიმართლის დადგენა ურთულესი იქნება. სწორედ ამის შესახებაა საუბარი სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატმა საქმე შეისწავლა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციაა, რაც არ შეუსწავლია.

შეგახსენებთ, რომ საქმის მასალების თანახმად, ზვიად გამსახურდია, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, 1993 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს, გამსახურდია სამეგრელოში, სოფელ ძველ ხიბულაში, ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ოჯახში იმყოფებოდა. გასროლა მოხდა ღამის საათებში, როცა გამსახურდია საძინებელ ოთახში პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან ერთად იმყოფებოდა. გვერდითა ოთახში იმყოფებოდნენ დაცვის უფროსი რობერტ (რობიზონ) მარგველანი და დაცვის წევრი შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე... 

სახალხო დამცველის ანგარიშში მკაფიოდაა მითითებული, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია საჯარო 1994 წლის 5 იანვარს გახდა, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა ჩეჩნეთის და საქართველოს სამთავრობო ორგანოების შეთანხმების საფუძველზე, გამსახურდიას გადასვენება მოხდა გროზნოში, ცხედრის გამოკვლევის გარეშე. საინტერესოა, რომ გამოკვლევაზე უარი პრეზიდენტის ქვრივმა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ განაცხადა. 

რაც შეეხება ჩატარებული გამოძიების სამართლებრივ შეფასებას, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პრაქტიკულად, შეუძლებელია იმის დადგენა, პრეზიდენტი მოკლეს თუ თავი მოიკლა. აი, რა წერია ანგარიშში: 

„გამოძიება დაიწყო 1994 წელს, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით _ „საქმე გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე“, მკვლელობად დაკვალიფიცირდა მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 2015 წელს; ცხედარი ისე გადაასვენეს 1994 წლის 17 თებერვალს ქალაქ გროზნოში, რომ სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სხეულზე არსებული სხვა შესაძლო დაზიანებების აღმოჩენის, მათი ხანდაზმულობისა და განვითარების მექანიზმის დადგენის მიზნით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ზვიად გამსახურდიას გვამზე 1993-დან 2007 წლამდე არ ჩატარებულა. ჩატარდა მხოლოდ 2007 წელს, რუსეთის ფედერაციაში, თუმცა შორს წასული გვამური მოვლენების (რბილი ქსოვილების არარსებობა) გამო, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დადგინა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები; 

1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ არ მოხდა შემთხვევის ადგილის დაცვა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების მიზნით. არ მომხდარა გვამის დათვალიერება...“ 

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დიდი კითხვის ნიშანს სვამს იარაღის ავთენტურობაზეც. რეალურად, არ არის ამოღებული არც ტყვიის მასრა, არც _ ტყვიის გულა და არსებობს მხოლოდ იარაღი, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ვიღაცამ მიუტანა და უთხრა, რომ ის სწორედ ის „სტეჩკინი“ იყო, საიდანაც გასროლა განხორციელდა, თუმცა რეალურად, ნამდვილად ის იარაღია თუ არა, გადაჭრით თქმა გამორიცხულია. 

ანგარიშში მკაფიოდ წერია, რომ „ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან გასროლილი ტყვიითაც გარდაიცვალა გამსახურდია, ამოღებული არ იქნა. ასევე, არ იქნა ამოღებული ტყვიის გულა და მასრა, საწოლის თეთრეული და ლეიბი, საბანი და ბალიში (ბალიში ამოღებულ იქნა 2004 წელს; ლეიბთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია საქმეში, ერთ-ერთი ვერსიით, იგი დაცვის წევრმა, მარგველანმა დაწვა). საწოლის დაფა და საწოლის წელი (საწოლის დაფა ამოღებულ იქნა მხოლოდ 2004 წელს და ექსპერტიზა ჩატარდა 2015 წელს. საწოლის წელი ამოღებულ იქნა 2015 წელს და მასზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა). 

ყურადსაღებია, რომ საწოლის დაფას აღენიშნებოდა დაზიანება, გამსახურდიას ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის გონივრულ ვადაში დათვალიერების შემთხვევაში, შესაძლოა, ნანახი და ამოღებული ყოფილიყო საქმისთვის სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებებიც. მათზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების ჩატარების შედეგად კი გამოძიებას მნიშვნელოვანი მონაცემები ექნებოდა მოპოვებული. 

არ მოხდა გამსახურდიას ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის, ლეიბისა და საბნის ხელუხლებლად დაცვა ან შენახვა. 

მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ გამსახურდიას გვამი შემთხვევის ადგილიდან გადატანილ იქნა ლეიბით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, კი ლეიბი დაწვეს...“ 

გარდა ამისა, უამრავი კითხვა არსებობს უშუალოდ დაცვის წევრებსა და ექსპრემიერის თაობაზეც. გამოძიება მაშინ არც კი დაინტერესებულა, ჰქონდათ თუ არა იარაღი დაცვის წევრებს ან ბესარიონ გუგუშვილს და თუ ჰქონდათ, ის ამოღებული არ იქნა. არ არის დადასტურებული, მართლაც, „სტეჩკინის“ ტიპის იარაღიდან მოხდა თუ არა გასროლა და 2015 წელს გამოძიებას პრეზიდენტის ქვრივის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ წარდგენილი „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც მისივე განმარტებით, 2004 წელს გადასცა ერთ-ერთმა პირმა და განუმარტა, რომ ეს იყო ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ზვიად გამსახურდიამ მოიკლა თავი, არაფერზე მეტყველებს, რადგან აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური, ასევე ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა ჩატარდა 2015 წელს. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზის დასკვნის თანახმად, პისტოლეტის სახელურსა და ჩამკეტის გარსაცმზე არსებული ბიოლოგიური პროფილები ეკუთვნის მამრობითი სქესის ორ სხვადასხვა პირს, თუმცა გამოძიების მერე აღნიშნული ორი პირის შემდგომი იდენტიფიცირება არ მომხდარა. 

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გამოძიება დაიწყო 1994 წელს და... შემთხვევის ადგილი პირველად დათვალიერდა მხოლოდ 1999 წელს. მიუხედავად ამისა, საქმეში არ დევს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოიპოვება მხოლოდ სქემატური ნახაზი და ფოტოები, რომელიც საქმეს დაერთო 2004 წელს. შემთხვევის ადგილი კიდევ დათვალიერდა 2004 და 2015 წლებში, დათვალიერების ოქმები საქმეში დევს; საქმეში მოიპოვება 2007 წლის შეფასება მტკიცებულებებში არსებული შეუსაბამობების შესახებ (არასაპროცესო დოკუმენტი), სადაც მითითებულია ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟისა და რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის(?!) კომენტარის შესახებ. ექსპერტის განმარტებით, „14 წლის შემდეგ ძნელია იმის დადგენა, სახეზეა მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ამას სჭირდება რთული აპარატურა, რაც საქართველოს არ აქვს.“ 

მიუხედავად ამისა, საქმის გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს მხარეს არ უცდია სხვა სახელმწიფოების საექსპერტო დაწესებულებებისთვის მიმართვა ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ქართულმა მხარემ მიმართა მხოლოდ კიევის საექსპერტო დაწესებულებას, თუმცა ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მხარემ საკვლევი ობიექტები არ წარუდგინა უკრაინის მხარეს და არც აღნიშნული დასკვნა დევს საქმეში. 

საინტერესოა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხები პირველად გამოძიებას უნდა გაეცა. პირველადი გამოძიება 1994 წელს 10 იანვრიდან 10 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს რაიმე რელევანტური საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ. 10 მარტს გამოძიება შეწყდა, თითქოსდა თვითმკვლელობის დადგენის მიზეზით, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებით სიკვდილის გარემოებები დადგენილი არ ყოფილა. გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო-სამედიცინო და სხვა ექსპერტიზები არ ჩატარებულა. შესაბამისად, პირველადი გამოძიება იყო ფორმალური და არც მისი შეწყვეტის საფუძველი არსებობდა, ვინაიდან გამოძიებამ ვერ გამორიცხა შესაძლო მკვლელობის ვარაუდი. 

სხვათა შორის, ოჯახის წევრები კატეგორიულად მოითხოვდნენ დაცვის წევრებისა და ექსპრემიერის დაკითხვას. რეალურად, დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი პირველად დაიკითხა 1997 წელს (?!), გვანცელაძე _ 2004 წელს(?!), ხოლო პრემიერ-მინისტრი გუგუშვილი დღემდე არ არის დაკითხული(???). 

„გუგუშვილმა უარი განაცხადა გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. მას ფინეთში მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი. ქართულმა მხარემ სცადა, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, 2015-2017 წლებში, მისი დაკითხვა ფინეთის სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, თუმცა გუგუშვილმა ფინეთის პოლიციის ორგანოებს ელექტრონული ფოსტით აცნობა უარი დაკითხვაზე. ეს გადაწყვეტილება განმარტა იმ მოტივით, რომ საქართველოს მხარის მიერ დასმული შეკითხვები შეიცავს ფარულ კითხვებს და მათზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, მისი პასუხები შეიძლება, მის წინააღმდეგ გამოიყენონ. ასევე განმარტა, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა, რის შესახებაც მიცემული აქვს არაერთი ინტერვიუ და გამოცემული აქვს წიგნი“, _ წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, არ არის დაკითხული უშიშროების იმჟამინდელი მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელსაც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, თითქოს მიღებული ჰქონდა გამსახურდიას ლიკვიდაციის დავალება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მისი ადგილსამყოფელის შესახებ (რუსეთი), არ მომხდარა დაკითხვის ჩატარების მიზნით რუსეთის ფედერაციისთვის სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართვა, ასევე არ მომხდარა ინფორმაციის მატარებელი სხვა პირების დაკითხვა, ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით. 

ანგარიშის მიხედვით, „საქმეში იყო მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ მარგველანისგან, გვანცელაძისგან და გუგუშვილისგან გადმოცემით იცოდა შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები. მისი ჩვენების ადგილზე შემოწმება ჩატარდა მხოლოდ 2004 წელს, თუმცა მარგველანისა და გუგუშვილის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი და ადგილზე შემოწმება საერთოდ არ ჩატარებულა; 

2009-2011 წლებში, საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ შეისწავლა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები, გამოკითხა კონკრეტული პირები, გამოავლინა გამოძიებაში არსებული დარღვევები და შეიმუშავა კონკრეტული დასკვნები და შეფასებები, თუმცა გამოძიების შედეგებზე არსებითი გავლენა არც ამ კომისიის საქმიანობას ჰქონია. კომისიას მაშინ პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. ძიება აქტიურად გაგრძელდა 2014 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გამოძიების მიერ დაინიშნა და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დადგენისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოპოვებული ვერ იქნა. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარდა 2018 წელსაც, ძირითადად მოწმეთა დაკითხვები, თუმცა რაიმე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენა გამოძიების მიერ ვერ მოხერხდა...“ 

ასეთი უიმედო დასკვნის მიუხედავად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „უნდა გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით, გაანალიზდეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადამოწმდეს მათი ვერსიები; გამოძიების მიმდინარეობისას მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა, განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა (შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით); მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის ფაქტის გამოძიებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგების თაობაზე...“ 

ნამდვილად ვერ გეტყვით, გაგრძელდება თუ არა გამოძიება. უფრო კონკრეტულად კი, გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ფორმალობას უკვე 25 წელია ვუყურებთ და ძვრა, პრაქტიკულად, არ არის. ერთადერთი ვარიანტი, რომ გამსახურდიას გარდაცვალებას ნათელი მოეფინოს, არის ვინმეს აღიარებითი ჩვენება, რადგან მტკიცებულებები ჯერ კიდევ მაშინ, შემთხვევით თუ მიზანმიმართულად, განადგურებულ იქნა. რამდენად რეალურია, რომ ვინმე გამოვიდეს და 25 წლის მერე თქვას, მე ვარ გამსახურდიას მკვლელი ან მონაწილეო, თავად განსაჯეთ.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში