Menu
RSS

მოზარდების მკვლელობისა და გატაცების საქმეები _ 14 წლის წინ, გორიდან ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების კვალი მოქმედ მაღალჩინოსნებამდე მიდის?

ვის მხილებას აპირებს 8 წლის ნანა ბერიშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე _ სკანდალური საქმის უცნობი დეტალები

გასული წლის ოქტომბერში, საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული მოხდა _ გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობოდა. 25 ოქტომბერს, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 34 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს. პოლიციას სხვა ეჭვმიტანილი არც მანამდე ჰყოლია და არც დღეს ჰყავს. პარალელურად, გაირკვა, რომ ნებიერიძე 14 წლის წინ, გორში დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგული კიდევ ერთი ბავშვის, ზაქრო ბერძნიშვილის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ პოლიცია შეძლებდა და ნებიერიძეს ძველ დანაშაულზეც ათქმევინებდა რამეს, რაც შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემაც დაადასტურა.

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დასჭირდება, ზუსტად ვერ ვიტყვით“, _ განაცხადა მაშინ შს მინისტრის მოადგილემ, თუმცა... 

იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ გორში არსებულ სკვერში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა _ იქაურობა დღემდე გადათხრილია და სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული, ჯერჯერობით 14 წლის წინანდელ დანაშაულზე რაიმე სიახლე არ არის. ესეც არ იყოს, დაკავებულის ადვოკატები ჯიუტად იმეორებენ, რომ ნებიერიძე დღემდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ან სამართალდამცავები მალავენ სიმართლეს, ან ადვოკატები. 

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი _ შესაძლოა, გამოძიებას ნებიერიძემ ჩვენება ადვოკატის გარეშე მისცა, რისი შესაძლებლობაც თითქოს მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს. 

ისე, ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება ნებიერიძეს, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ძველი დანაშაულის აღიარებასა და თანამომაწილეების დასახელებას სთხოვს. ამის შესახებ ირიბად საქმეში ჩახედულმა არაერთმა ადამიანმა მიანიშნა, მაგრამ ისმის კითხვა _ რა შეუძლია შესთავაზოს გამოძიებამ ნებიერიძეს ისეთი, რის გამოც ის დასთანხმდება და ისედაც უმძიმეს დანაშაულს კიდევ არანაკლებ მძიმე დანაშაულს დაამატებს?! 

ცხადზე უცხადესია: წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით, ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ დაკავებულს სამუდამო პატიმრობა, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს?! სხვა სასჯელს საზოგადოებაც ვერ აიტანს და ძალიან, ძალიან გვეეჭვება, გამოძიების მიერ ამოღებული სატელეფონო კადრების ნახვის შემდეგ, სადაც ბავშვზე ძალადობა ჩანს, რომელიმე მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს. 

ამის მიუხედავად, ადვოკატის მტკიცებით, გამოძიებამ ჩანიშნული სასამართლო პროცესი იმ მიზეზით გადადო, რომ პროკურატურას ნებიერიძის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. უფრო კონკრეტულად კი, გამოძიებამ მიიღო ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც, ურიკაზე, რომლითაც თითქოს გვამი გადაჰქონდათ, დაკავებულის დნმ არ არის. ადვოკატის ამ განცხადებას, სამართალდამცავთა მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და მათ კატეგორიულად გამორიცხეს, რომ მტკიცებულებები არ აქვთ. უფრო მეტიც, მათ განაცხადეს, რომ მტკიცებულებები საკმარისზე მეტია და ადვოკატი, უბრალოდ, ცრუობს. 

„1. ბრალდებულის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ეკუთვნის გარდაცვლილ არასრულწლოვანს; 

2. შემთხვევის ადგილზე _ სახლის სარდაფიდან ამოღებული სისხლის ლაქა, ასევე ეკუთვნის გარდაცვლილს. 

3. ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელზე ჩატარებული ექსპერტიზითაც დგინდება, რომ ვიდეოში გამოსახული გოგონა არის გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ხოლო ვიდეოში არსებული მამაკაცის ხმა ეკუთვნის ბრალდებულს. 

რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასახელებულ „ურიკას“ და სარეცხი საშუალების ბოთლიდან ანაბეჭდების კვალს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „თითის კვლები ფრაგმენტების სახით უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის“. ეს დასკვნა არ მიუთითებს, რომ ის ეკუთვნის სხვა პირს და არც უარყოფს, რომ ეკუთვნის ბრალდებულს. 

გამოძიება ამ ეტაპზე ელოდება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებს. ასევე დგინდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვადასხვა ნივთებზე (სულ არის 82 კვლევის ობიექტი) არის თუ არა გარდაცვლილის და ბრალდებულის გენეტიკური პროფილები. რამდენიმე დღეში გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა“, _ ასეთია სამართალდამცავთა პოზიცია. 

მეორე მხრივ, ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება ჯიუტად ცდილობს ნებიერიძისგან დამატებითი ჩვენება მიიღოს და ზაქრო ბერძნიშვილის საქმეც გახსნას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერძენიშვილის საქმეში შესაძლოა, ის პირები იყვნენ გარეულნი, რომლებიც დღეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობენ და შესაბამისად, ნებიერიძის ჩვენება ორმაგად საინტერესო იქნება. ამ ვერსიის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთ სამუდამო პატიმრობამისჯილ პატიმარზე. ამბობენ, რომ შალვა აბულაძე, იგივე ,,შალალო'', რომელსაც პოლიციელების მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ალაპარაკდა და ხელს არამარტო მოქმედი ძალოვანი მაღალჩინოსნებისკენ, არამედ მოქმედი პოლიტიკოსებისა და პარლამენტარებისკენაც იშვერს. 

ჩვენი ინფორმაციით, აბულაძე უკვე რამდენჯერმე დაიკითხა და ისევ ვიმეორებთ, ძნელად სავარაუდოა, სამართალდამცავებს როგორც მისთვის, ისე ნებიერიძისთვის რაიმე ჰქონდეთ შესათავაზებელი. 

არსებობს ერთადერთი გამოსავალი _ აბულაძეცა და ნებიერიძეც შეურაცხადებად უნდა გამოაცხადონ და სამუდამო პატიმრობის ნაცვლად, იძულებითი მკურნალობა დაუნიშნონ შესაბამის დაწესებულებაში, რაც საბოლოო ჯამში, იმით მთავრდება, რომ 3-4 წელიწადში, ,,პაციენტები'' მოულოდნელად ადეკვატურები ხდებიან, გამოჯანმრთელდებიან და პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, რადგან ,,დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადები იყვნენ''. 

ასეა თუ ისე, ნებიერიძის პროცესი ერთ-ერთი ხმაურიანი იქნება და ადვოკატი არ მალავს, რომ სასამართლოზე, რომელიც სავარაუდოდ, დახურული იქნება, მისი კლიენტი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და საქმეს, რომელიც თითქოს მყარად არის შეკრული და მტკიცებულებებით გაჯერებული, თავდაყირა დააყენებს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში