Menu
RSS

არსენ მიქელაძის უფროსი შვილი, 52 წლის მამუკა მიქელაძე ნარკოტიკებმა იმსხვერპლა

ქურდულ სამყაროში ნაღმის აფეთქებას ელოდებიან _ რას აპირებენ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტარიელ ონიანი და ახმედ დომბაევი

კრიმინალურმა სამყარომ დიდი დანაკლისი განიცადა _ 52 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ,,კანონიერი ქურდი'', მამუკა მიქელაძე გარდაიცვალა. მამუკა ლეგენდად ქცეული ქურდის, არსენ მიქელაძის უფროსი შვილი გახლდათ და არავინ მალავს, რომ 52 წლის მამუკა ნარკოტიკებმა იმსხვერპლა. მიქელაძეების გვარს კიდევ დარჩა გამგრძელებელი _ არსენ მიქელაძის მეორე შვილი ჯემო მიქელაძე, თუმცა როგორც ამბობენ, მამუკასგან განსხვავებით, მას ისეთი მქუხარე სახელი არ აქვს. მაგალითისთვის გეტყვით: 1994 წელს, როცა ,,ბუტირკის'' ციხეში მიიყვანეს, მან ,,ზონის'' ,,გაშავება'' გადაწყვიტა. ადმინისტრაციას მაშინ ეს სასაცილოდ არ ეყო, მაგრამ... მეორე დღეს ,,ზონაზე'' 4055-მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო, ,,ზონის'' უფროსი თანამდებობიდან გაუშვეს, მამუკა მიქელაძემ კი ,,ზონა'' ,,გააშავა''.

გარდა მიქელაძისა, კრიმინალურმა სამყარომ შესაძლოა, კიდევ ერთი გავლენიანი ქურდი დაკარგოს. თუმცა კახა ფარფალიას გარდაცვალება არ ემუქრება, ის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაგრამ მოსკოვში ყველაზე გავლენიანი ქართველი ,,კანონიერი ქურდი'' დაკავებულია და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. 

,,ფარფალიას ადვოკატმა სასამართლოს, პრაქტიკულად, უპრეცედენტო თანხა შესთავაზა მისი კლიენტის გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ. უპრეცედენტო კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ჯერ მილიონი დოლარი შეაძლიეს, შემდეგ კი ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლოს თავად შეუძლია დაასახელოს თანხა, რომელსაც ფარფალიას მხარე გადაიხდის. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ ფარფალიას გაშვება გამორიცხა და ეს იმით დაასაბუთა, რომ დაკავებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს, რაც ძალიან ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ფარფალია გამოძიებას დაემალება'', _ იუწყება რუსული მედია. 

ფარფალიას არყოფნაში და იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად, ყველა ლიდერი დაკავებულია, ნადირ სალიფოვი კი ცდილობს, კვლავ ციხეში არ ამოყოს თავი, კრიმინალური სამყარო მეთაურის გარეშეა დარჩენილი და სრული ქაოსია. ახლა ყველა უდიდესი ინტერესით ელის ზაფხულის დადგომას, როცა ციხიდან ტარიელ ონიანი თავისუფლდება, კაცი, რომელმაც 9-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და მისი მომხრეები უკვე ღიად ამბობენ, რომ ტარო სათავეში დაბრუნებისთვის ემზადება. 

საინტერესოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავი დაიზღვია და მოსალოდნელი დაპირისპირება, პრაქტიკულად, გაანეიტრალა _ ციხიდან გათავისუფლებულ ონიანს სულ რაღაც 24 საათი ექნება იმისთვის, რომ რუსეთის ტერიტორია დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ექსტრადირებას სამართალდამცავები მოახდენენ. შესაბამისად, ონიანისთვის ადგილსამყოფელს ესპანეთში ამზადებენ, ქვეყანაში, რომელიც მისთვის უცხო არ არის და სადაც თავის დროზე, საკმარისზე მეტი გავლენა ჰქონდა. 

რუსულ ,,კრიმინალურ სამყროში'' არსებულმა არეულობამ ევროპაზეც იმოქმედა _ გასულ წელს ჩატარებული არაერთი სპეცოპერაციის შემდეგ, ევროპაში გავლენიანი კრიმინალი თავისუფლებაზე, პრაქტიკულად, აღარ დარჩა და კრიმინალური სინდიკატებიც აღარ მოქმედებს. ლოგიკურია, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანას არ სურს, კვლავ შეუშვას მის ქვეყანაში ადამიანი, ვინც კრიმინალის ორგანიზებას მოახერხებს და კვლავ დანაშაულებრივ სინდიკატს შექმნის. 

ევროპელი სამართალდამცავების დარად, არც ქართული მხარე მალავს, რომ უცხოეთიდან მომართვები შემცირდა და ქართველების მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც იკლო. სამაგიეროდ, საქართველოში მოიმატა დანაშაულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც აღიარებენ, რომ ბოლო დროს ავტომობილების გაძარცვის ფაქტები ძალიან გახშირდა. ასე განსაჯეთ: ახალი წლიდან მოყოლებული, შობამდე, მხოლოდ თბილისში ასამდე ავტომობილი გაძარცვეს ანუ მაშინ, როცა ხალხი ზეიმობდა და მანქანებზე ნაკლებად ფიქრობდა. 

მოიმატა ძალადობრივმა დანაშაულმაც _ ძარცვამ, ყაჩაღობამ და სხეულის განზრახ დაზიანებამ. მკვლელობის მცდელობების რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და ამის პრევენცია გამორიცხულია, რადგან არავინ იცის, ვის რა მოუვა თავში კონკრეტულ დროს. 

მოკლედ, როგორც ,,კრიმინალური სამყარო'', ისე სამართალდამცავები ზაფხულს ელოდებიან... 

ცნობისათვის: ონიანის გარდა, ციხიდან კიდევ ერთი ავტორიტეტი, ახმედ დომბაევი თავისუფლდება. ჩეჩენი ქურდი ღიად აცხადებს, რომ გამოსვლისთანავე გავლენის დაბრუნება ბაზრებზე სურს, რაც ოდითგანვე ჩეჩნებს ეკუთვნოდათ, თუმცა დომბაევის დაკავების შემდეგ, ბაზრები გადაინაწილეს და ჩეჩნური დაჯგუფებები იქიდან გაუშვეს. დღეის მდგომარეობით, ყველა ბაზარს ნადირ სალიფოვის ხალხი აკონტროლებს, მაგრამ... 

,,სალიფოვი რუსეთში ვერ ჩამოდის, რადგან მას დააკავებენ, სხვა ქვეყნიდან კი იქაურობის მართვა ძალიან ძნელია. სამაგიეროდ, დომბაევი რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, მისი ექსტრადირება სხვა ქვეყანაში ვერ მოხდება და ის, ყველა ვარიანტში, რუსეთში იქნება. შედეგად, დომბაევს ბევრად მეტი შანსი აქვს, მაგრამ უსისხლოდ რომ არავინ არაფერს დათმობს, ესეც ცხადია'', _ წერს რუსული მედია.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში