Menu
RSS

რატომ ჰყავთ რუსეთის „ქალთა ზონაში“ ქართველი „კანონიერი ქურდი“

რაჟდენ შულაიას უვადო ამერიკული სასჯელი, განცხრომაში მყოფი „გულუ“ და კრიმინალური სამყაროს სხვა კულუარები

წინასაახალწლოდ, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ქართველ ,,კანონიერ ქურდს'', რაჟდენ შულაიას სამუდამო პატიმრობა მისცა _ მართალია, მოსამართლემ ყველაფერი წლებში ასახა, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ 45 წელი ციხე 41 წლის ქართველისთვის სამუდამო განაჩენის ტოლფასია. რაც მთავარია, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში გამოაცხადა, რომ შულაიას შეწყალების თხოვნის უფლება არ აქვს და მას მისჯილის 15 პროცენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოაკლებენ, თუ სანიმუშოდ მოიქცევა. ამის ალბათობა კი ძალიან მცირეა, რადგან ამერიკულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ,,კანონიერი ქურდობა'' დიდ პრივილეგიად არ ითვლება და ,,სტოსი'' ე.წ. ,,ნარკოდილერებს'' მიჰყავთ. ეს მაშინ, როცა ქურდული საზომებით, ,,ბარიგას'' პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამის გამო, ჯერ კიდევ ბრალდებულმა შულაიამ ციხეში მყოფ კოლუმბიურ დაჯგუფებასთან მუშტი-კრივი გამართა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

მაშინ შულაიას მხარი, მასთან ერთად დაჭერილმა პროფესიონალმა მოკრივემ, მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემაც დაუჭირა, მაგრამ ორმა ქართველმა ორმოცამდე მოწინააღმდეგესთან ვერაფერი გააწყო და ჩვენებურები სასტიკად გაილახნენ. 

,,შულაიას ადვოკატები კი ამბობენ, რაღაცას მოვიფიქრებთო, მაგრამ გამორიცხულია, რამე მოიფიქრონ, რადგან განაჩენი გამოცხადებულია და ახლა, ამ საქმეს რომ მიუბრუნდნენ, ახალი გარემოება უნდა აღმოჩნდეს, რისი ალბათობაც მცირეა. ათი წელი აქვს ხურციძეს და მას ბევრად მეტი შანსი აქვს, 2-3 წელიწადში საკუთარი საქმის გადახედვა მოითხოვოს'', _ გვეუბნება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელიც სასამართლოს აქტიურად ადევნებდა თვალს და იმის მიუხედავად, რომ სხდომები ხშირად დახურული იყო, ადვოკატებისგან იღებდა ინფორმაციას. 

შეგახსენებთ, რომ შულაიას ამერიკელი სამართალდამცავები რეკეტს, ქურდობას, ძარცვას, ადამიანთა გატაცებას, კრიმინალური სინდიკატის ჩამოყალიბებასა და კიდევ არაერთ დანაშაულს ედავებოდენ. 

როგორც გაირკვა, აშშ-ის ფედერალური ბიურო ქართველებს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და, მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეში უამრავი ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერიც დევს. 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა ქართულ კრიმინალთან მიმართებაში. მართალია, ნადირ სალიფოვი (გულუ) ქართველი არაა, მაგრამ საქართველოში არის დაბადებული და გაზრდილი. შესაბამისად, მსოფლიოს ნომერ პირველ ,,კანონიერ ქურდად'' აღიარებული სალიფოვისადმი ინტერესი მუდამ დიდია. მით უმეტეს, რომ მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არცთუ იშვიათად მოიხსენიებენ. 

სალიფოვი რამდენიმე თვის წინ თურქეთის პოლიციამ დააკავა. მის გადაცემას ჯიუტად ითხოვდა რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანი. ჩვენი ინფორმაციით, თურქულმა მხარემ შეკითხვა საქართველოშიც გამოაგზავნა, ხომ არ იძებნებოდა რაიმე დანაშაულის გამო ,,გულუ'' ჩვენთან, მაგრამ იმის გამო, რომ სალიფოვს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი, ქართულმა მხარემ მისი ექსტრადაციის მოთხოვნა არ გააგზავნა. 

საბოლოოდ, რამდენიმე დღის წინ, სალიფოვი ბაქოში გაამგზავრეს, აეროპორტიდან პირდაპირ სასამართლოში მიიყვანეს და მაშინ, როცა ყველა ელოდა, რომ მას წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდნენ და ციხეში გაუშვებდნენ, ,,გულუს'' შინაპატიმრობა გამოუწერეს და ახლა ბაქოში, საკუთარ აპარტამენტებში ნებივრობს. 

,,გულუს სახლთან 24 საათი მორიგეობს პოლიცია, რადგან მას სახლიდან გამოსვლა ეკრძალება. პარალელურად, არის მოლოდინი, რომ სალიფოვს შესაძლოა, თავს დაესხნან და პოლიცია, მეთვალყურეობის გარდა, დაცვის ფუნქციებსაც ასრულებს. სამართალდამცავთა მობილიზება არ უშლის ხელს იმ ადამიანებს, ვისაც სალიფოვის ნახვა სურთ და კრიმინალური ავტორიტეტები მასთან დაუბრკოლებლად მიდიან'', _ წერს აზერბაიჯანული პრესა. 

მისივე ვარაუდით, ძალიან რთული იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გარისკოს და სალიფოვი ხანგრძლივი ვადით დააპატიმროს. საქმე ისაა, რომ ,,გულუ'' აღარ არის უბრალოდ, რიგითი ,,კანონიერი ქურდი''. ის ოფიციალური მილიარდერია, უამრავი დიდი ბიზნესით და თავისუფლად შეუძლია, ასეული მილიონობით დოლარის ინვესტიცია აზერბაიჯანშიც ჩადოს. შესაბამისად, ხელისუფლებას ის, როგორც ინვესტორი, უფრო აწყობს, ვიდრე როგორც _ პატიმარი. მით უმეტეს, რომ ამის კარგი მაგალითი აზერბაიჯანის ხელისუფლებას უკვე აქვს _ თურქეთში ხელშეუხებლობას ,,გულუ'' სწორედ ინვესტიციებით ყიდულობდა და საბოლოო ჯამში, ჩვენს მეზობლად 200 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა. 

კიდევ ერთი ,,ქართველი კანონიერი'' ქურდი კახა ფარფალია კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. ეს მაშინ, როცა რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერი დარწმუნებული გახლდათ, რომ სახლში გაუშვებდნენ. 

საქმე ისაა, რომ ფარფალიას სამეგობრომ მილიონობით დოლარი გამოყო მისი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ და მას შემდეგ, რაც ქრთამს ხელი არ მოკიდეს, სასამართლოზე ფარფალიას გამოშვება თავდებით ითხოვეს და რუსული მართლმსაჯულებისთვის მაქსიმალური თანხა _ მილიონი დოლარის გირაო შესთავაზეს. 

,,ხომ გჯერათ, რომ ეს მილიონი მანამდდე მოსამართლეებს კულუარულად შესთავაზეს, მაგრამ მათ ხელი ვერ მოჰკიდეს. საქმე ისაა, რომ ფარფალიას საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი უშიშროების სამსახურს, მისი თანხმობის გარეშე კი, მოსამართლეები მილიონზე კი არა, რუსეთის ბიუჯეტზე იტყვიან უარს. შედეგად, სასამართლომ ფარფალია წინასწარ პატიმრობაში დატოვა და რაც მთავარია, ის კვლავ ,,პეჩატნიკზე'', ქალთა ზონაზე ჰყავთ. ეს იმის გამო ხდება, რომ კაცების ციხეზე შესულმა ფარფალიამ შესაძლოა, ბუნტი მოაწყოს, მას მთელი ციხე აჰყვება და ამიტომ, რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად, კახა სწორედ ქალთა ზონაზეა'', _ გვითხრა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა. 

რუსი სამართალდამცავებიც არ მალავენ, რომ ფარფალია ქალთა ,,ზონაზე'' უსაფრთხოების გამო ჰყავთ _ ქალთა ციხეს ნამდვილად ვერ აიყოლიებს და ვერც ,,შუმოკს'' მოაწყობს. ის სამარტოო საკანშია გამოკეტილი და მასზე 24-საათიანი ვიდეოდაკვირვება მიმდინარეობს. 

,,შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქურდი, რომელიც თავისუფლებაზე იყო, უბრალოდ, გაიმეტეს. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მინიმუმ, ათწლიან სასჯელს, მაქსიმუმ კი უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ადვოკატი თენგიზ პაპასქუა იცავს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ფარფალიას შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საქმე ისაა, რომ სწორედ პაპასქუა იცავდა შაქრო კალაშოვს და იმედი ჰქონდა, რომ თავისუფლებაზე გაიყვანდა, მაგრამ კალაშოვს გრძელვადიანი სასჯელი მისცეს'', _ წერს რუსული მედია. 

სხვათა შორის, ფარფალიას გარემოცვა არ მალავს, რომ პაპასქუას დიდი იმედი აქვს, მაგრამ მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ქართველი ,,კანონიერი ქურდი'' ცხოვრებაში პირველად ციხისთვის არის განწირული.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში