Menu
RSS

„ნარკორაზბორკები“ გაჩიანის სასაფლაოზე

სოფელი „ბარიგების“ დაკავებას ითხოვს!

 

24 დეკემბერს, ღამის საათებში, გაჩიანის სასაფლაოზე სროლა იყო. სროლის შედეგად სამი ადგილობრივი დაიჭრა და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მსხვერპლი იმის გამო არ არის, რომ ღამე იყო და მსროლელი დამიზნებით ვერ ისროდა. ჩვენ გაჩიანის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ვესაუბრეთ.

„ეს იმ კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო და მაშინაც დაჭრით დასრულდა. სოფელი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ჩვენთან ნარკოტიკების გასაღების პუნქტები გაიხსნას. არადა, სწორედ ნარკოტიკების გასაღების გამო დაიწყო პირველი კონფლიქტი და ასე გაგრძელდა. მაშინაც, ერთ-ერთი ,,ბარიგის'' სახლთან უცხო მანქანები რომ ჩერდებოდნენ, სოფლის ახალგაზრდობამ ვერ მოითმინა და ჯერ ის ,,ბარიგა'' სცემა, მერე კი _ მოსული ნარკომანები, რასაც მათი მხრიდან ჩვენი თანასოფლელის დაჭრა მოჰყვა. 

ამის შემდეგ, იმ სახლში ნარკოტიკების გაყიდვა კი მორჩა, მაგრამ ,,ბარიგებმა'' სოფლის სასაფლაოზე გადაინაცვლეს და იქ დაიწყეს წამლის გასაღება. ეს გაიგეს სოფლის ახალგაზრდებმა და სასაფლაოზე ავიდნენ. 

ჯერ ერთი, სასაფლაო ჩვენთვის წმინდა ადგილია და მეორეც, წამლის ასაღებად იქ მისული ნარკომანები საფლავებს ძარცვავდნენ. 

სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფლის მაცხოვრებლებმა ნარკომანებსაც და ,,ბარიგებსაც'' ცემა დაუწყეს. სამი თანასოფლელია დაჭრილი და პოლიციასაც დაკავებულები ჰყავს, თუმცა ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, ის ,,ბარიგები'' დაიჭირონ, რომელთა გამოც სოფელს მოსვენება არ აქვს“, _ გვითხრა გაჩიანის მაცხოვრებელმა. 

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და სამართალდამცავებს დაკავებულებიც ჰყავს, თუმცა სოფელი მაინც უკმაყოფილოა, რადგან ამბობენ, რომ წამლის გაყიდვაში ეჭვმიტანილები ისევ თავისუფლებაზე არიან. 

სხვათა შორის, ნარკოტიკების მოხმარების გამო, ბოლო დროს შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა და... დაკავებულთა, პრაქტიკულად, 80% გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში