Menu
RSS

სკანდალური სქემა _ როგორ შემოაქვთ ირანის მოქალაქეებს საქართველოში ნარკოტიკი

ძალოვანები ნარკოდანაშაულზე სასჯელის გაორმაგებას ითხოვენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაჰრამ ქასემიმ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლისაგან თავის შეკავება ურჩია. უფრო კონკრეტულად კი, ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებმა საქართველოში სტუმრობაზე უარი უნდა თქვან, თუ ეს აუცილებელი არ არის

„განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ზოგიერთ პრობლემას, რომელიც ირანის მოქალაქეებს შეექმნათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს ელჩი ირანში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული აღნიშნული პრობლემის განსახილველად. უფრო ადრე, 2 დეკემბერს, საქართველოდან ირანის ათეულობით მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ჩვენ ვცდილობთ თბილისთან ურთიერთობების გარკვევას და საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას“, _ განაცხადა ქასემიმ. 

საქართველოს საგარეო უწყება ჯერჯერობით თავს იკავებს კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ირანის მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ, ისედაც ცხადია: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქართველმა სამართალდამცავებმა ირანის ათეულობით მოქალაქე დააკავეს ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით. 

 

მოგეხსენებათ, ირანში ნარკოტიკების გასაღებაზე სიკვდილით დასჯაა. არადა, რეალურად, ირანი ნარკოდილერებს ერთ-ერთ სატრანზიტო ქვეყნად აქვთ არჩეული და როგორც საქართველოში, ისე ირანში, ნარკოტიკებთან ბრძოლა სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ირანში, ნარკოტიკი სწორედ სასჯელის უმაღლესი ზომის გამო, პრაქტიკულად არ იყიდება. აი, გატანა-შეტანა კი აქტიურად მიმდინარეობს და ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ირანის მოქალაქეები სწორედ საქართველოს მოეძალნენ. 

ეს კი არადა, ერთი თვის წინ, ირანის ერთბაშად ცხრა მოქალაქე დააკავეს ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით და ძალიან დიდი ალბათობით, ქასემიმ ეს უნდა იცოდეს, თუმცა მას ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს და საერთაშორისო საზოგადოების გასაგონად, იმ საზოგადოებისა, რომლისთვისაც ირანი ჩაკეტილი სახელმწიფოა, გაჰყვირის, რომ საქართველო ირანის მოქალაქეებს უფლებებს უზღუდავს, რომ მიწების ყიდვისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობას არ აძლევს და შეიძლება ითქვას, მისი განცხადება მუქარანარევიც გახლავთ. 

რა ხდება რეალურად? რა ოდენობის ნარკოტიკი მოძრაობს საქართველოში და რატომ გახდა მიმზიდველი ჩვენი ქვეყანა, როგორც ნარკოტრანზიტისთვის, ისე ნარკოტიკების გასაღებისთვის? ამ თემაზე პოლიციის მაღალჩინოსანი გვესაუბრება. 

„მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ში, პრაქტიკულად, სასიკვდილო ბრძოლა გამოაცხადა ნარკოტიკების წინააღმდეგ და საზღვრებიც კარგად დაკეტა, ნარკოტიკების გამსაღებლები ევროპას მოეძალნენ. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ნებისმიერი ნარკოტიკი იყიდება, მთავარია, იაფი ღირდეს და ფაქტია, რომ ამ სიიაფის გამო, აქ ათას ნაგავს ყიდიან. შედეგად, გვყავს არაერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა და ინტერნეტით აწყობილი ნარკობაზარი. 

ყველა უცხოელმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკოტიკის მიმართ ლოიალური გახდა. უფრო კონკრეტულად კი, არასამთავრობო სექტორი და ზოგადად, მოსახლეობა გახდა ლოიალური. ნარკომანები უკვე ეცოდებათ, მათ დაჭერას კი არა, დაჭერილების გამოშვებასაც ითხოვენ და მერწმუნეთ, ეს ინფორმაცია ჩვენზე ადრე სწორედ მსხვილ ნარკოდილერებს აქვთ. 

იგივე ხდება სხვა განვითარებად ქვეყნებშიც და, პრაქტიკულად, თავად ვეუბნებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ჩამოდით და ნარკოტიკი გაყიდეთო. 

გადახედეთ სტატისტიკას, ათი ნარკოდილერიდან, მინიმუმ, რვა უცხოელია. არიან ეს ირანის, ინდოეთის, თუ რუსეთის მოქალაქეები. განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა მოიმატა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მანამდე მატება ირანის მიმართულებით გვქონდა, უფრო ადრე _ ინდოეთის და პაკისტანის მოქალაქეებს ვიჭერდით“, _ გვეუბნება პოლიციის მაღალჩინოსანი. 

ფაქტია, რომ საქართველოში როგორც არასდროს, ისე მარტივად შეიძლება ნარკოტიკის ყიდვა. ინტერნეტის მეშვეობით ამას ყველა ახერხებს და რაც მთავარია, ტელეფონებზე შეტყობინებები მოდის ინსტრუქციით, როგორ უნდა ვიყიდოთ არამარტო ნარკოტიკი, არამედ იარაღიც და აქ საუბარი არ არის მხოლოდ პისტოლეტსა და ავტომატზე, საუბარია მძიმე ტექნიკის გასანადგურებელ იარაღზე, ტანკსაწინააღმდეგო ბომბებზე ანუ იყიდება ყველაფერი, რისი სურვილი და შესაძლებლობაც გვაქვს. 

„საქართველოს გავლით ნარკოტიკების გატანა რუსეთშიც ადვილია, აზერბაიჯანშიც და ევროპაშიც. სიიოლეში უშუალოდ მდებარეობას ვგულისხმობ ანუ აქედან ყველა მიმართულებით მიდიხარ. მაქსიმალურად ვცდილობთ კონტროლს, მაგრამ როცა მაგალითად, მოდის ირანის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს გავლით, რუსეთში მიაქვს დეზოდორების პარტია და ამ დეზოდორების პარტიაში, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასია, ათი ან ოცი ფლაკონი კი ნარკოტიკით არის გატენილი და ქარხნულად შეფუთული. გამორიცხულია, იპოვო, მით უმეტეს, რომ დეზოდორს სპეციფიური სუნი აქვს და ძაღლიც ვერ ახერხებს ამოცნობას. ყველა ფლაკონი რომ გახსნა და ვერაფერი იპოვო, ზარალი უნდა აანაზღაურო. 

 

ხანდახან არის, რომ გონივრული ეჭვი გაქვს, დარწმუნებული ხარ, რომ იქ ნარკოტიკია, მაგრამ იმის შიშით, რომ სახელმწიფო შეიძლება ასი ათასით აზარალო და თან სამსახური დაკარგო, თვალებს ხუჭავ, აღარ ეძებ და ატარებ“, _ ესეც პოლიციის მაღალჩინოსნის სიტყვებია. 

სამწუხაროდ, ნარკოტიკების გასაღების ყველაზე დიდ ბაზრად საქართველოში ისევ ქვემო ქართლი მიიჩნევა და სტატისტიკურად, ყველაზე მეტ ნარკორეალიზატორსაც ქვემო ქართლში აკავებენ. ქვემო ქართლშია შესაძლებელი მძიმე ნარკოტიკების ყიდვა, იქ არის შესაძლებელი „ნისიაზე“ წამლის აღება, მთავარია, ე.წ. „ბარიგას“ იცნობდე და შემდეგ ჯერზე ნარკომანები იძლებულნი არიან, დანაშაული ჩაიდინონ, რათა ახალი დოზისთვის ფული იშოვონ და ძველიც გადაიხადონ. 

სწორედ ამიტომ, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, ნარკოდანაშაულმა იმატა ანუ მორიგი დოზის საშოვნელი ფულისთვის ქურდობა-ყაჩაღობები გახშირდა. 

„ესეც სტატისტიკაა, რომელსაც ვერ გავექცევით და თუ საქართველოში ნარკოდანაშაულზე სასჯელი, მინიმუმ, არ გაორმაგდა, არაფერი გვეშველება“, _ ასეთია ძალოვანთა საერთო აზრი.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში