Menu
RSS

რომელი პოლიტიკოსის მხილებას აპირებს 4 პოლიციელის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი „შალალო“

გედევან ფოფხაძის ნაცნობ კრიმინალს შესაძლოა, საპროცესო გაუფორმონ

დაახლოებით, სამი წლის წინ, ნომერ პირველ დამნაშავე შალვა აბულაძეს, იგივე ,,შალალოს'' მთელი საქართველო ეძებდა. სამართალდამცავებს სოლიდური პრემიაც ჰქონდათ დათქმული, ვინც მის ადგილსამყოფელს შეატყობინებდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ოთხი პოლიციელის მკვლელობაში და რვა პოლიციელის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ადამიანი, გარეთ თავისუფლად დადიოდა. საბოლოოდ, სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მანამდე კი იყო მცირე სკანდალი, რომელიც აბულაძისა და პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის მეგობრობას უკავშირდებოდა. ფოფხაძემ აბულაძესთან ნაცნობობა არ უარყო.

,,ორივე ბორჯომელები ვართ, იქ გავიზარდეთ და ლოგიკურია, რომ ერთმანეთს ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც აბულაძემ სასჯელი მოიხადა და გათავისუფლდა, მე ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი სამსახურის მოძიებაში, თუ რამე პრობლემა შეექმნებოდა, როგორც ნასამართლევ ადამიანს, სიტყვას შევაწევდი. ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, მაგრამ მას, როგორც ყველა ადამიანს, გვერდში დავუდგები კანონის ფარგლებში'', _ ამბობდა მაშინ ფოფხაძე. 

სხვათა შორის, მაშინ ამბობდნენ, რომ აბულაძის სასამართლო ხმაურიანი უნდა ყოფილიყო და ვარაუდობდნენ, რომ ,,შალალო'' არაერთ გახმაურებულ საქმეზე ალაპარაკდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მან არაფერი თქვა და განაჩენიც _ სამუდამო პატიმრობა, მშვიდად მოისმინა. 

ვერ გეტყვით, რა შეიცვალა ამ ორ წელიწადში, მაგრამ, როგორც ამბობენ, აბულაძეს იმედი ჰქონდა, რომ სააპელაციოში მის განაჩენს გადახედავდნენ და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 25 წელს მისცემდნენ. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ,,უდო'', ამნისტია და... თუმცა არაფერი შეცვლილა, აბულაძის განაჩენი ძალაში დარჩა და სამუდამო პატიმრობა რომ არ გადაიხედება (მით უმეტეს, ოთხი მკვლელობა და მკვლელობის რვა მცდელობა), ყველაზე კარგად, სწორედ ,,შალალომ'' იცის. 

ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი და ისე ჩანს, აბულაძეს მოსაყოლი ბევრი აქვს. 

,,ამ პატიმარს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ითხოვს საპროცესო შეთანხმებას. ეს ჩვეულებრივი ამერიკული მოდელია. ის ასახელებს დამნაშავეებს, ნივთებს, გატაცებულების ვინაობას. ძალიან ბევრი ცნობილი სახე შეიძლება ვიხილოთ, მათ შორის, ,,ნაკოლშიკებად''... ასახელებს მოქმედ პოლიტიკოსებს. ეს პოლიტიკოსები მმართველი გუნდის წევრებიც არიან და ოპოზიციისაც. საუბარია უცხოელების გატაცებაზეც, დეპუტატების დაყაჩაღებაზეც...'' _ ეს განცხადება ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. 

ახლა საინტერესო ის არის, რამდენად იქნება რეალობასთან აბულაძის მონათხრობი და რაც მთავარია, რამდენად დაამტკიცებს მონაყოლის სისწორეს, მით უმეტეს, როცა საქმე რამდენიმე წლის წინ ჩადენილ დანაშაულებს ეხება, მტკიცებულებების მოძიება ძალიან ძნელი იქნება, მხოლოდ მონაყოლით, თან ისეთი კაცის მონაყოლით, რომელსაც სამუდამო აქვს მისჯილი, სასამართლოს დაჯერება ურთულესი იქნება. საპროცესო გარიგება კი იმას ნიშნავს, რომ პატიმარი ან უნდა გაათავისუფლონ, ან სასჯელი შეუმსუბუქონ. შემსუბუქება (გათავისუფლება ყველა ვარიანტში გამორიცხული გვგგონია), ამ შემთხვევაში, სამუდამოს მოხსნის ტოლფასია. 

რამდენად არის მისაღები ოთხი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებისთვის, ან საზოგადოებისთვის იმ ადამიანისთვის ვადიანი სასჯელის მიცემა, რომელმაც 4 პოლიციელი მოკლა, 8 პოლიციელის მოკვლის მცდელობა კი წარუმატებლად დაამთავრა, სხვა საკითხია. 

ჩვენი აზრით, საზოგადოების რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იქნება, იმის მიუხედავად, ვისკენ გაიშვერს ხელს აბულაძე. 

იმის მაგალითი, რომ უმძიმეს დანაშაულზე რამდენჯერმე ნასამართლევი ადამიანის გამოსწორება ძალიან საეჭვოა, გვაქვს _ ცოტა ხნის წინ, ასე გამოშვებულმა იაგო ნებიერიძემ, გორში საზარელი დანაშაული ჩაიდინა (უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის გათვალისწინებით, ის ჯერ მხოლოდ ბრალდებულია, მაგრამ ერთადერთი ბრალდებული და რაც მთავარია, მტკიცებულებები მხოლოდ მის წინააღმდეგ მეტყველებს). 

მეორე მხრივ, პოლიციას ძველი დანაშაულების გახსნის ცდუნება აუცილებლად ექნება, მით უმეტეს, თუ ამ დანაშაულების კვალი ხელისუფლების, ან ოპოზიციის ლიდერებთან მიდის და ზოგადად, საზოგადოება ვალდებულიცაა, იცოდეს, მართლა არიან თუ არა სისხლის სამართლის დამნაშავეები პარლამენტსა, თუ ხელისუფლებაში. 

ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლების უდიდესი ნაწილი თანახმაა, აბულაძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ნაწილს კი არ სჯერა, რომ ,,შალალო'' რაიმე ღირებულს იტყვის და დარწმუნებულია, რომ ის, უბრალოდ, როგორც განწირული ადამიანი, ტალახს ისვრის კონკრეტული ადამიანების მისამართით. 

თუმცა ისიც ვთქვათ, რომ პარლამენტსა და ზოგადად, ოპოზიციაში, თუ ხელისუფლებაში, არაერთი ისეთი ადამიანია, ვისი წარსულიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ანგელოზები ნამდვილად არ არიან, მათ შორის, არაერთს კრიმინალთან უშუალო შეხებაც ჰქონდა წინა ცხოვრებაში და ვინ იცის, ეგებ, ,,შალალომ'' ძველი ამბები მართლაც გაიხსენოს და რაც მთავარია, დაასაბუთოს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში