Menu
RSS

რატომ არ შეიწყალა მარგველაშვილმა მსჯავრდებული ომის ვეტერანები

„პირდაპირ ასე დაწერეთ _ მარგველაშვილი იყო სამარცხვინო მთავარსარდალი, წინდების მქსოველი პლასტელინი!“

რამდენიმე დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარი დურმიშხან ღვაჩლიანი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ის გულის შეტევით დაიღუპა. მისი მეგობრების თქმით, ღვაჩლიანი დღე-დღეზე ელოდა გათავისუფლებას, თუმცა... 

დურმიშხან ღვაჩლიანი 1992-93 წლებში, გაგრის ბატალიონში იბრძოდა, მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლს. მისი და კიდევ ოცამდე პატიმრის შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას 15-მა არასამთავრობომ და `ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის~ თავმჯდომარე გია ბერძენაძემ მიმართა, თუმცა უარი მიიღეს. ბატონ გიას, ღვაჩლიანის გარდაცვალების შემდეგ დავუკავშირდით.

_ ბატონო გია, რა ეტაპზეა პატიმრების შეწყალების საქმე _ უკვე განიხილა პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ, თუ განხილვის ეტაპზეა? 

_ პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო პატრიოტი ქართველის, ჩვენი ვეტერანის, მაგარი კაცის, დურმიშხან ღვაჩლიანის ოჯახს. მისი გარდაცვალება არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს ერის ტრაგედიაა, რადგან სამშობლოზე შეყვარებული კაცი მოგვიკვდა. 

რაც შეეხება პრეზიდენტს, საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი სამარცხვინო მთავარსარდალი, წინდის მქსოველი პლასტელინი, რომელიც მართლა პლასტელინია და სადმე კუთხეში უნდა მიაგდო. 

_ რა მოხდა, ბატონო გია? 

_ რა მოხდა და, იმ სიას არც კი ჩახედეს არც შეწყალების კომისიის წევრებმა და არც _ პრეზიდენტმა. 22 ვეტერანის შეწყალებას ვითხოვდით, 15 არასამთავრობოც გვერდში გვედგა, თან გაითვალისწინეთ, რომ მათზე, ვისზეც განაცხადი გვქონდა შეტანილი, არცერთი არ იყო მძიმე დანაშაულში ბრალდებული, ყველა ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დანაშაულისთვის იყო ბრალდებული. პარალელურად, ჩვენ არ გვქონდა მოთხოვნა, გინდათ თუ არა, 22-ვე კაცი გარეთ გამოუშვითო, სასჯელის განახევრებაზეც თანახმანი ვიყავით და ეს იქნებოდა კარგი ჟესტი მთავარსარდლის მხრიდან, თუმცა ხომ გეუბნებით, არც კი განიხილეს, არც კი ჩახედეს. კაცი, რომელიც ვეტერანებს არ ცნობს, არ ინტერესდება მათი ყოფით, ვერასოდეს იქნება მთავარსარდალი. ჰოდა, არც იყო მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და ვნანობ, ხელი რომ ჩამოვართვი. 

_ ხელი როდის ჩამოართვით? 

_ რამდენჯერმე პარტიულ ფორმატში შევხვდით და მაშინ, მაგრამ რომ მცოდნოდა, მისგან ასეთ უყურადღებობას მივიღებდით, ხელს ჩამოვართმევდით კი არა... ის პრეზიდენტი აღარ არის, თორემ ვეტერანები მზად ვიყავით, რომ მისთვის რეზიდენციაში შესასვლელი გადაგვეკეტა და როგორც მიშას დავუკეტეთ თავის დროზე ზედა ფლიგელი და ქვემოდან დაძვრებოდა, ისე მოუწევდა მაგასაც სიარული. არ არსებობს ვეტერანი, რომელიც მას პატივს სცემს და თუ არსებობს, მხოლოდ რამდენიმე კაცი, რომელსაც პირადი მეგობრობა აკავშირებს მაგ პლასტელინთან! პირდაპირ ასე დაწერეთ _ გიორგი მარგველაშვილი იყო სამარცხვინო მთავარსარდალი, სამარცხვინო პრეზიდენტი, წინდების მქსოველი პლასტელინის კაცი. კაცი, რა, პლასტელინი. 

_ ბატონო გია, თუ დაინტერესდით, შეწყალების კომისიამ ან მარგველაშვილმა რატომ არ განიხილეს ეს საქმეები? 

_ მარგველაშვილს შეწყალების კომისიამდე, პრაქტიკულად, არც უშვებენ, მას ატყუებენ ის ადამიანები, ვინც გარს ახვევია. ეს შეწყალების კომისია ამ ფორმით და ამ შემადგენლობით, იმედია, არსებობას შეწყვეტს! 

_ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს... 

_ აუცილებლად მივმართავთ ქალბატონ სალომეს იგივე თხოვნით, როგორც კი შეწყალების კომისიის რეფორმირება მოხდება და დარწმუნებული ვართ, ის გულისყურით მოეკიდება ამ საქმეს. 

კიდევ ვიმეორებ: ჩვენ არ ვითხოვთ ყველას გათავისუფლებას, უნდა წაიკითხონ, რას ვითხოვთ. საქმე ეხება იმ ბიჭებს, რომლებმაც საკუთარი თავი გადადეს სამშობლოს გულისთვის. თუ ქალბატონი სალომეც უარს იტყვის, წინ ექვსი წელი აქვს და ამ ექვსი წლის განმავლობაში, კანონის ფარგლებში, გავაპროტესტებთ მის ამ ნაბიჯს. არ ვიქნებით გულხელდაკრეფილები და წინა პრეზიდენტივით არ დავიწყებთ ქსოვას, ჩვენ ვიმოქმედებთ ხისტად, მაგრამ კანონის ფარგლებში!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში