Menu
RSS

ხორავას ტრაგედიის პოლიტიკური ქვეტექსტები

მოზარდების მკვლელობა, რომელმაც ქვეყანა მოჯადოებულ წრეში შეიყვანა

2017 წლის 1 დეკემბერი _ ეს არის თარიღი, რომელმაც არათუ მთელი ქვეყანა შეძრა, არამედ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორია გარკვეულწილად, შეცვალა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ანუ მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ჩამოსცილდა, ადამიანებს ჰქონდათ განცდა, უფრო მეტიც, დარწმუნებულებიც იყვნენ, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამდა და ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე სამართლის საძებნელად რკინის ქალამნების ჩაცმა აღარავის მოუწევდა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ასეთია _ ზუსტად ერთი წელია, ხორავას ქუჩაზე სადისტურად მოკლული 16 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ქუჩაში დგას და საკუთარი პირმშოს მკვლელების დასჯას ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ საქმის მიმართ ძალოვან და საგამოძიებო უწყებებს პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ. დავუშვათ, ასეა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: ორი მოზარდი მოკლულია. მკვლელი კი, კონკრეტულად, დათუნა სარალიძის მკვლელი არ არსებობს, მინიმუმ, საზოგადოებამ არ იცის, სახელდობრ, რომელმა თანატოლმა გაიმეტა 16 წლის მოზარდი სასიკვდილოდ?

ზოგადად, ამ მკვლელობაზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. ,,ვერსიამაც'' არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა ამ საქმეს და სასამართლო განხილვებსაც ინტენსიურად აშუქებდა. ამიტომ, დეტალებს აღარ ჩავყვებით და დღეს ამ საქმის ე.წ. პოლიტიკურ ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა სანამ ხორავას საქმეს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, შარშანდელი სისხლიანი პირველი დეკემბერისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მცირე ქრონოლოგია მაინც გავიხსენოთ: 

მოზარდების სისხლიანი გარჩევისა და ორი მოსწავლის მკვლელობის ამბავი თბილისს ელვისებური სისწრაფით მოედო. მალევე, სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის ახლობელი, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი იყო და ამის გამო, მკვლელს ხელს აფარებდნენ, თუმცა მკვლელობიდან მესამე დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ეს ვერსია კატეგორიულად უარყო, უფრო სწორად, დაადასტურა, რომ ტრაგედიაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, რომელიც ამავდროულად, ტრაგედიაში მონაწილე კიდევ ერთი არასრულწლოვანის ბიძაცაა, პროკურატურაში მუშაობს, მაგრამ მას გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლიაო და საზოგადოებას ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: 

,,თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე, ორი არასრულწლოვანი პირი _ გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდა. მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს _ მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. 

იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ., მეგობრებთან ერთად, 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი. ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს, საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გ.ბ 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება 2017 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. 2017 წლის 3 დეკემბერს, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს მიმართ იმავე კვალიფიკაციით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ვერ მოხერხდება არასრულწლოვან გ.ჯ.-ს დაკავება, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ბრალდებულებისთვის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ინციდენტში მონაწილე არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის მკვლელობების იარაღებით, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, დ.ს.-ს მკვლელობის იარაღი დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლელობის იარაღი, ასევე დანა გამოძიებას წარმოუდგინა ინციდენტში მონაწილე მოწმემ, რომელსაც გადამალვის მიზნით გადასცა დაკავებულმა ბრალდებულმა გ.ბ-მ. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი. 

ასევე, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელის საშუალებით, ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით, გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან, ვერცერთ საქმეზე, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე, დაუყოვნებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან. 

იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია''.

მთავარი საგამოძიები უწყების უარყოფის მიუხედავად, საზოგადოებაში თანდათან ძლიერდებოდა ეჭვი და განცდა, რომ დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში რაღაც რიგზე ვერ იყო. ამ ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ ადამიანის ვინაობა, რომელსაც შესაძლოა, გამოძიებაზე ზემოქმედება მოეხდინა, მირზა სუბელიანი იყო, თუმცა თავად სუბელიანი ამას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც ჰქონდა, გამოძიებას თავიდანვე მიაწოდა. 

ამასობაში, დათუნა სარალიძის მამამ დამოუკიდებელი გამოძების ჩატარება დაიწყო და მას შემდეგ, რაც უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა, რომ სუბელიანი მკვლელებს მფარველობდა, კერძო გამოძიების დეტალების გამომზეურება დაიწყო. პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სუბელიანს ხელისუფლების ცალკეულ მაღალჩინოსნებზე კომპრომატები ჰქონდა და სწორედ ამის გამო არ ხდებოდა ხორავას ტრაგედიის რეალური მონაწილეების გამოაშკარავება და დასჯა. 

სამთავრობო გუნდი და მასთან დაახლოებულები, შანტაჟს დღემდე უარყოფენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ამ განაჩენში კი ნათქვამი იყო: 

,,2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის, სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში _ წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში _ წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. 

ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე, სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება''. 

1 ივნისს მოვლენები ფატალურად განვითარდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მთავარმა პროკურორმა შოთაძემ, თანამდებობა დატოვა. მაშინვე ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ვითარების განმუხტვას ემსახურებოდა, რადგან ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვიდა და რეალური მკვლელების დასჯა მოითხოვა. პარალელურად, დაიწყო მირზა სუბელიანის დაკითხვებზე სიარული და პარლამენტში ხორავას ტრაგედიის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. 

9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა. 

,,დამატებით მოპოვებული მტიკიცებულებების საფუძველზე, მოწმეზე ზემოქმედების და ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დავაკავეთ 2 პირი. კერძოდ, მოწმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია მერაბ მორჩაძე, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი'', _ განაცხადა შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე. 

შოთაძის გადადგომამ და სუბელიანის დაკავებამ საზოგადოების ვნებები თითქოს ჩააცხრო. ყოველ შემთხვევაში, მმართველ ელიტას იმედი ჰქონდა, ყველაფერი ეს ვითარებას განმუხტავდა და ხალხი დაიჯერებდა, რომ შესაბამისი უწყებები რეალური დამნაშავის დასასჯელად დღესა და ღამეს ასწორებდნენ, მაგრამ ამ დღიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა და დღესაც არ ვიცით, ვინ მოკლა დათუნა სარალიძე. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ამ საქმეს პოლიტიკური შლეიფი არ აქვს, არცთუ სამართლიანია. 

ისე, ,,ოცნების'' მიმდევრები, ზაზა სარალიძეს პოლიტიკურ ბრალდებებს იქით უყენებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, რასაც თავად შვილმოკლული მამა კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ასეც რომ იყოს, არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ადამიანი, რომელიც სიმართლეს ვერ პოულობს და, მინიმუმ, იმას ვერ ადგენს, შვილი ვინ მოუკლა, ეშმაკსაც შეეკვრება და ამის გამო, ალბათ, არც დასაძრახია! 

დაისჯებიან თუ არა ხორავას ქუჩის ტრაგედიის მონაწილეები საკადრისად? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, დღეს შეუძლებელია. ფაქტი ის არის, რომ ხორავას ტრაგედიამ, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, სადავე დაუდო ახალ პოლიტიკურ რეალობას, რაც მინიმუმ იმაში გამოიხატება, რომ სამი თვეა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, კარვებია გაშლილი და ადამიანები სიმართლის დადგენას ითხოვენ! 

ისე, კარვები ახლა გაიშალა, თორემ ბოლო დრომდე, კარვების გაშლა აკრძალული იყო ანუ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ზაზა სარალიძეს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, არადა მას და, ზოგადად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ იქ, სადაც არ ფერხდება საგზაო მოძრაობა, პროტესტის ნიშნად, კარავი გაშალოს. 

ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ხალხი ამბობს, რომ ამ კარვებით, ნაციონალების აქციებისთვის ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ,,დაბევება'', მაგრამ ეს არცთუ წონიანი არგუმენტია. 

კარვების შიში, ალბათ, უფრო იმით აიხსნება, რომ ყველაფერ ამას, თვალს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ადევნებენ და მათ შესაძლოა, ხმამაღლა არ იკითხონ, მაგრამ გულში მაინც გაიელვებენ, რომ საქართველოში, რომელიც დემოკრატიას აშენებს, დემოკრატიისა და სამართლიანობის კუთხით პრობლემებია, რაც სახელმწიფოს სათავეში მყოფებმა აუცილებლად უნდა გამოასწორონ. 

სხვათა შორის, ზუსტად ანალოგიური მესიჯები წამოვიდა საერთაშორისო საზოგადების მხრიდან 28 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ანუ გვირჩიეს, რომ არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. 

ამასთან, ხორავას საქმემ ის ნაკლოვანებებიც გამოაჩინა, რის გამოც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ერი და ბერი გაერთიანდა ანუ გამოიკვეთა, რომ სამართალი ტრადიციულად, ურმით დადის და ასევე, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მთელი სისტემა თუ არა, ამ სისტემაში დასაქმებული ცალკეული პიროვნებები მაინც არ არიან. 

ყველაფერ ამას ზოგი კოჰაბიტაციით ხსნის, რომლის უარყოფა და გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგრამ მთავარი მიზეზი ის კი არაა, რა და რატომ არის, არამედ, შედეგია. შედეგი კი ის არის, რომ ზაზა სარალიძე შვილის რეალური მკვლელის დასჯას ითხოვს! 

სანამ ქვეყანაში ერთ ადამიანს მაინც აქვს განცდა, რომ სამართალს ვერ პოულობს, ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯს აზიანებს, მით უმეტეს მაშინ, როცა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მივისწრაფვით და გვინდა, ნამდვილ, ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახლემწიფო ავაშენოთ! 

იმ შემთხვევაში, თუ ხორავას ტრაგედიაზე სიმართლე არ დადგინდება, ამას ის უარყოფითი მხარეც ექნება, რომ ვიღაცებს შესაძლოა, ჰქონდეთ რწმენა, რომ დანაშაულს ჩაიდენენ, მაგრამ მერე გავლენიან ნათესავ-ახლობელს მოძებნიან და ,,ქვეშიდან გამოვლენ'', რაც თავისთავად, მოჯადოებულ წრეს ქმნის. 

ამას გარდა, ხორავას ტრაგედიამ მეორე მანკიერებაც გამოაჩინა _ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა, რომელიც ამა თუ იმ დანაშაულში იქნება მხილებული, თავის გადარჩენის მიზნით, ,,გაღმა შედავების'' პრინციპი აირჩიოს და შანტაჟზე გადავიდეს -ამას და ამას თუ არ გამიკეთებთ, ასე და ასე მოვიქცევიო. პრინციპში, სწორედ ეს ვნახეთ მირზა სუბელიანის შემთხვევაში _ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, გლდანის ციხეში გაკეთებული ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომლის თანახმადაც, სუბელიანი რაღაც პირობებს აყენებს. მართალია, სუბელიანის ეს საუბარი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობით აიხსნა, მაგრამ საზოგადოების ნაწილმა, შესაძლოა, დაიჯერა კიდეც, რომ მას მართლაც აქვს კომპრომატები, რის გამოც ვერ ხერხდება ხორავას საქმეზე სიმართლის დადგენა. 

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ხორავას ტრაგედიამ პოლიტიკური ელფერი მიიღო და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ქვეყანაში ისეთი გარემო, როცა დანაშაულის ჩამდენი, მისი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კუთვნილების მიუხედავად, საკადრისად დაისჯება!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში