Menu
RSS

„კანონიერი ქურდი“, რომელიც ბერად აღიკვეცა

ზვიად კოპაძის, იგივე „ყურშას“ კრიმინალური წარსული და სამონასტრო ცხოვრება

ციხეში მოხვედრილი ადამიანებიდან ძალიან ბევრი რწმენას სწორედ იქ პოულობს. მოდით, ასე ვთქვათ _ უსაქმურობისა და იმისგან, რომ პატიმარს ფიქრისთვის ბევრი დრო აქვს, ათას რამეზე ფიქრობს და, რაღა თქმა უნდა, რწმენაზეც. მერე კი, როცა ხვდება, რომ მისთვის არც პროკურორს სცალია, არც _ გამომძიებელს და ადვოკატმაც დაივიწყა, ღმერთის ძიებას იწყებს და პოულობს კიდეც, თუმცა არც თუ იშვიათად არის შემთხვევები, როცა ციხეში მოხვედრილი პატიმრები რწმენაზე თავს დებენ, მეტანიების კეთებითა და ლოცვით მუხლები აქვთ გადატყავებული და იქ შესულ მამაოებს არწმუნებენ, რომ გამოსწორდნენ _ მუხლამდე წვერი, მარხვა, აღსარება, ზიარება და... ამ პატიმრების ნაწილს საპატრიარქო შეწყალებაზე შუამდგომლობას უწევს და არცთუ იშვიათად, ისინი მონასტრის ნაცვლად, თავისუფლებაზე ისევ ძველ საქმიანობას უბრუნდებიან.

სხვათა შორის, რუსთავის #17 დაწესებულებაში, ეკლესიის გახსნის დროს, პატრიარქმა ოქროს ფსკვნილი დატოვა, პატიმრებმა ილოცეთო. კი იყო ის ფსკვნილი, მინიმუმ, 200 გრამიანი ოქრო, მაგრამ რად გინდა ზონაზე ოქრო? _ გარეთ ვერ გაიტან, თან პატიმრები უფრთხილდებოდნენ პატრიარქის ძღვენს, ის მუდმივად ეკლესიაში იდო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო, აეღო, ელოცა და შემდეგ, უკანვე დაედო. ამის გამო იყო თუ სხვა რამის, ეკლესიის შესასვლელთან ვიდეოთვალი დაამონტაჟეს. მერე ვიღაცამ თქვა, ეს ვიდეოთვალი იმიტომ დაამონტაჟეს, გაიგონ, ნამდვილად ეკლესიურად ვინ ცხოვრობსო და აი, მანდ დაიწყო წარმოდგენა და ერთი მსახიობის თეატრი. მოახლოვდებოდა დღესასწაული, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტი შეწყალებას აუცილებლად გააკეთებდა, გაივსებოდა ეკლესია, შვიდგზის ლოცვებზე დასადგომი ადგილიც კი ძნელი საშოვნელი იყო. მიდიოდნენ პატიმრები, უღიმოდნენ ვიდეოთვალს და შემდეგ ცოდვებით დამძიმებული თავებით ისე გამოდიოდნენ ეკლესიიდან, თითქოს ცოდვათა მთელ სიმძიმეს სწორედ იმ დროს გრძნობდნენ. 

გადაივლიდა დღესასწაული, გაუშვებდნენ სამი ათასი კაციდან 2-3 კაცს და დაცარიელდებოდა ტაძარი, მართლა მლოცველები რჩებოდნენ ხოლმე და თავისუფლებაც მეტი იყო. 

ისიც მახსოვს, ერთხელ, გარეჯის მამაოს, მამა კირიონს რომ უმტკიცებდა ერთ-ერთი პატიმარი, აქედან რომ გავალ, ბერად უნდა აღვიკვეცო, სხვა საშველი არ არის, ღმერთისკენ სავალი გზა ვიპოვეო. რამდენჯერმე შეაპარა კიდეც, ეგებ, მიშუამდგომლოთ საპატრიარქოსთან, ვადაზე ადრე გამიშვან და მერე ნახე, რას ვიზამო, მაგრამ შეუვალი იყო მამაო, თვალმოჭუტული შეხედავდა ხოლმე და სვანური აქცენტით დატუქსავდა: თუ ღმერთისკენ სავალი გზა იპოვე, ნელა იარე, ნუ გეჩქარებაო. 

მოკლედ, გავიდა ეს პატიმარი ციხიდან, დაახლოებით, ორ თვეში ისევ მოგვაკითხა მამაომ ზონაზე, მოგვეფერა, დაგვლოცა და... ის ღმერთის გზაზე შემდგარი პატიმარი გაიხსენა. გერგეთზე ვიყავი ასული, დღეობა იყო და ვიღაც ტიპი მოვიდა, როგორ ხარ, მამა კირიონო?! ვერ ვიცანი და, როგორ ვერ მცნობ, ნოდარა ვარო. ის იყო, აქ რომ მიმტკიცებდა, ბერი უნდა გავხდეო. რა ბერი, ხომ ვიცოდი იტყუებოდა, გარეთაც დამტკიცდა ეგ _ ისევ მაიმუნობს, ისევ აფუჭებს... გავბრაზდი და შემოვარტყი კინაღამ, მონასტრის ეზოში რომ არ ვყოფილიყავით, ეგებ, თავი ვერც შემეკავებინა, მიხვდა და გამშორდაო, _ ღიმილით დაასრულა მამაომ. 

ახლა, ისე არ გაიგოთ, რომ ყველა იტყუება. პირიქით, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა პატიმარი, რომელიც მუდმივად ლოცულობდა და მარხულობდა, თავისუფლებაზე გასვლიდან ერთ წელიწადში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანაფორით შესულა და ყოფილი თანასაკნელები დაულოცია, გაუმხნევებია, რჩევა მიუცია. ვიღაცამ ხატწერა ისწავლა ციხეში, ვიღაცამ _ ეკლესიის კედლების მოხატვა და ამ საქმეს თავისუფლებაზეც გაჰყვა. 

გარეჯის მონასტერში ერთი ყოფილი პატიმარი აგერ, უკვე მესამე წელია, მორჩილია, ყოფილი პატიმრები არიან მამაოები, ბერები _ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ეკლესიაში და სწორედ გისოსებს მიღმა მიღებული რწმენით აგრძელებენ ცხოვრებას. 

ყველაფერი ეს კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ბერად ზვიად კოპაძე აღიკვეცა. კოპაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ,,ყურშას'' მეტსახელით იცნობენ, ,,კანონიერი ქურდის'' სტატუსს 2011 წლიდან ატარებდა. არ გეგონოთ, რომ ის რიგითი ქურდი იყო, გავლენით ბევრს დაეტოლებოდა და მხოლოდ იმის თქმა რად ღირს, რომ მას იტალიაში, ქართული ,,ქურდული საერთო'' ებარა. 

მილანში მცხოვრებ კოპაძეს ყველა ანგარიშს უწევდა, ჭკუას ეკითხებოდა და ისიც უზრუნველად ცხოვრობდა, თუმცა... 

,,ყურშას'' რწმენა ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ არავის ეგონა, თუ ბერად აღკვეცას გადაწყვეტდა. მან ქურდის სტატუსზე უარი თქვა, ,,სხადნიაკი'' მოიწვია, საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა, ,,ობშიაკი'' სხვებს გადააბარა, შემდეგ ქართველ სამართალდამცავებთან დაალაგა ურთიერთობა, აუხსნა, რომ მისი კრიმინალური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და საქართველოში დაბრუნდა. ის ახლა ბერია და მაღალმთიანი საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს'', _ გვიყვება კოპაძის გარემოცვის წევრი. 

ჩვენ იტალიაში მყოფ ქართველებსაც დავუკავშირდით და მათ დაგვიდასტურეს, რომ ,,ყურშამ'' ქურდის სტატუსზე უარი თავად თქვა, მას არაფერი ემუქრებოდა, არც მტრები ჰყავდა და შესაბამისად, მშვიდად ყოფნა შეეძლო, თუმცა ერთ დღეს, მოულოდნელად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი სცა. 

საბედნიეროდ, ეს არ არის არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა იმისა, როგორ ირჩევენ კრიმინალები უფლის გზას და როგორ იწყებენ სასულიერო ცხოვრებას. მისასალმებელია ისიც, რომ კოპაძეს ქართველმა სამართალდამცავებმა დაუჯერეს, საქართველოში დაბრუნებისა და სურვილის ასრულების შესაძლებლობა მისცეს. 

ისიც გავარკვიეთ, რომ კოპაძე მონასტრის ეზოსაც კი არ ტოვებს და დროს მუდმივად ლოცვებში ატარებს. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ,,კანონიერი ქურდი'' ჩვეულებრივ, რიგით ბერად იქცა და ცხოვრების სხვა გზა არჩია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში