Menu
RSS

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სკანდალურ ფარულ სცენარს შიფრავს

ნაციონალები გალში მცხოვრებ ქართველებს აშანტაჟებდნენ და აიძულებდენ, რომ ხმა ვაშაძისთვის მიეცათ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონის შტაბის ხელმძღვანელმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და რამდენიმე ადამიანის სურათი გამოფინა, აქაოდა, ხელისუფლება ამ კრიმინალების დახმარებით აპირებს სამეგრელოში არჩევნების მოგებასო. სურათებში არაერთი „კანონიერი ქურდის“ სახე ჩანდა, თუმცა ვინმე ემზარ ქარჩავამ, საკუთარი სურათის ნახვის შემდეგ, ზოდელავას უჩივლა. ვერ გეტყვით, ვინ მიაწოდა ქარჩავას სურათი ბატონ მურთაზს, მაგრამ რეალურად, ამ პიროვნებას ე.წ. „შავ სამყაროსთან“ შეხება არასოდეს ჰქონია. ამიტომ, ეს ადამიანი ბოდიშის მოხდას ითხოვს და აუცილებლად მიიღებს კიდეც ამ ბოდიშს.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, დავიწყოთ „გლეხოვიჩით“. ზაალ მახარობლიძე ნამდვილად „კანონიერი ქურდია“ და საკმაოდ გავლენიანიც, მაგრამ თუ ვინმე არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, ეს სწორედ „გლეხოვიჩია“. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ, შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამათალდამცავებმა „გლეხოვიჩის“ ბიძაშვილები _ დავით და ტარიელ მახარობლიძეები, მისი ნათლული კობა ფანგანი და მასთან დაკავშირებული არაერთი პირი დააკავეს, გაასამართლეს და ციხეში ხანგრძლივი ვადით გამოკეტეს. შედეგად, როცა მთელი საახლობლო გისოსებს მიღმაა და ამ დროს ვინმეს ეჭვი აქვს, რომ მახარობლიძე ამ ხელისუფლებას დაეხმარება, უბრალოდ, სიბრიყვეა. 

კახა ფარფალიას გავლენით რუსეთში დღეს, პრაქტიკულად, ვერავინ ეტოლება. „კახა გალსკი“, რუსულ კრიმინალურ სამყაროში აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, მაგრამ სხვა ქართველების დარად, მას ქვეყნიდან იმიტომ ვერ აძევებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ოფიციალურად, თავად კანონს არ არღვევს. ფარფალია საქართველოში ათ წელზე მეტია არ ყოფილა და სავარაუდოდ, არც აქვს სურვილი, რუსეთში აწყობილი და დაწყობილი ცხოვრება საქართველოს საქმეებში ჩარევით არიოს. რაც მთავარია, ფარფალიას უხალოესი გარემოცვის წევრები რუსეთში ჰყავს წაყვანილი და მათ საქართველოს საზღვარი არც პირველი ტურის წინ გადმოუკვეთავთ და არც _ ახლა. 

მოკლედ, ზოდელავამ ტყუილი ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს აშინებდა, აგერ, ჩვენ კრიმინალი გავაქრეთ, ეს ხელისუფლება კი აბრუნებსო, თუმცა ისე ჩანს, ნაციონალების შემდეგ, სწორედ „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ ექნება. ნაციონალებმა სს კოდექსის 223-ე მუხლით მსოფლიო გააოცეს, როცა „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი გახადეს. საქმე ისაა, რომ ევროპაში დაკავებულ ქართველ „კანონიერ ქურდებს“, ევროპული სახელმწიფოები აქეთ არ აგზავნიან, რადგან მუხლი, რომლითაც ქართული მხარე მათ ექსტრადირებას ითხოვს, სხვა ქვეყანებში არ მოქმედებს. 

აი, ახლა კი გადაწყვეტილია, რომ ქუჩური გარჩევაც დასჯადი გახდება ანუ ნებისმიერი დავა, რომელიც კანონის ფარგლებში არ მოექცევა, იქნება კრიმინალი. სწორედ ასე ახსნა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი ინიციატივა და აღნიშნა, რომ ქუჩაში საქმის გარჩევები უნდა დასრულდეს და პროცესებმა სასამართლოში გადაინაცვლოს. რამდენად გაამართლებს ეს კანონი, ვერ გეტყვით, რადგან მისი მიღების შემდეგ, ქუჩაში ორ პირს შორის ნებისმიერი ხმამაღალი საუბარიც კი კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ისე, ახალი ინიციატივის ამბავში... მანამდე კი... 

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღეა, შს მინისტრი ძირითად დროს სამეგრელოში ატარებს. ოპოზიციას თუ ვენდობით, გახარია კრიმინალურ წრეებთან ალაგებს ურთიერთობას და ცდილობს არჩევნებში სწორედ ისინი დაიხმაროს. რეალურად კი, მინისტრი სამეგრელოში სწორედ იმიტომ არის ჩასული, კრიმინალები რომ არ ჩაერიონ. მოგეხსენებათ, სამეგრელო ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა ზონაა და რამდენიც უნდა ეცადოს ხელისუფლება, მაინც არსებობს ხვრელები, საიდანაც აფხაზეთში გადასვლა და გადმოსვლა ისეა შესაძლებელი, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. როგორც ჩვენ გვითხრეს, პირველ ტურში, აფხაზეთიდან არაერთი ადამიანი გადმოვიდა, რომელმაც ნაციონალების სასარგებლოდ მისცა ხმა და ეს ერთადერთი მიზეზით გააკეთა _ სიკვდილის შეეშინდა. 

„ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ხელისუფლებას, თავის დროზე აფხაზეთში არაერთი აგენტი ჰყავდა. ქართველი მოსახლეობა, რომელიც შემორჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაქსიმალურად ცდილობს საქართველოსთვის რამე გააკეთოს და არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლო ცნობებს აწვდიდნენ ჯერ იმ ხელისუფლებას, ახლა კი ამ ხელისუფლების სამსახურში დგანან ანუ ისინი ცდილობენ იქ არსებული რეალობა იცოდეს საქართვლოს მთავრობამ. ჰოდა, არჩევნების პირველი ტურის წინ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოთვალეს, თუ არ გადმოხვალთ ხმის მისაცემად და ნაციონალებს არ შემოხაზავთ, ძალიან მშვიდად გავამხელთ თქვენს ვინაობას და მერე ცოცხალს არავინ დაგტოვებთო. რა უნდა გვექნა? ეგენი ყველაფერზე არიან წამსვლელი და ამიტომ, სიცოცხლის რისკის ფასად, გადმოიპარა ზოგი წინა დღეს, ზოგი _ იმ დღეს და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ახლაც იგივე სქემით გვაშანტაჟებენ და არ ვიცით, რა იქნება. გახარია სამეგრელოშია, მისი ხალხი აკონტროლებს უკვე საზღვრებს და გადმოსვლა ჭირს. შემოგვითვალა გახარიამ, ნუ გეშინიათ, არავინ გაგთქვამთ თქვენო, მაგრამ არ იცნობს ეგ ნაცების მოდგმას. იყო შემთხვევა, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელიც აღარ ემორჩილებოდა, ინფორმაცია აფხაზებს მისცა, დახვრიტეს ის კაცი სახლთან და მერე ნაცებმა ქულები ჩაიწერეს, ხომ ხედავთ, სეპარატისტები რას აკეთებენო. არადა, მაგათი ჩაშვებული იყო ეგ თემა“, _ გვიყვება გალში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი. 

ნაციონალებისდროინდელი კუდ-ის მაღალჩინოსანი არ მალავს, რომ არაერთი აგენტი ჰყავდათ აფხაზეთში და მათგან ღირებულ ინფორმაციას იღებდნენ. ის არც იმას მალავს, რომ მაშინ, საქართველოდან სპეცდანიშნულების რაზმის 3-4 კაციანი გუნდი ხშირად გადადიოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და კონკრეტული პირების ლიკვიდაციას ახდენდა, ძირითადად ისეთებისაც, რომლებიც ქართველებისადმი განსაკუთრებული სიძულვილითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ. სწორედ მისი ინფორმაციით, არჩევნების პირველ ტურში, ქართველების დაშინების მცდელობა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მართლაც არსებობდა, მაგრამ მას სჯერა, რომ ურჩობის შემთხვევაში, იქ მყოფ ქართველებს არავინ გასცემს, რადგან ეს სახელმწიფო ღალატზე მეტი იქნება და, ადრე თუ გვიან, ინფორმაცია აუცილებლად გაჟონავს და შედეგად, გამცემს სამუდამო პატიმრობა ელოდება. 

ასეა თუ ისე, მეორე ტურის წინ ვითარება ბოლომდე დაიძაბა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოვლენები კანონის გარეთ არ გავა და ვისაც ამის მცდელობა ექნება, უმკაცრესად დაისჯება. ჩვენც ამის იმედი გვაქვს!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში