Menu
RSS

„რობოტის“ კრიმინალური დოსიე, „რკინის კაცი“ და მანქანების გატაცების ბიზნესი _ 90-იანების სკანდალური ფაქტები

რატომ ვერ დაალაგა ირაკლი ოქრუაშვილმა ნიკო ხმიადაშვილთან ურთიერთობა

წინა ხელისუფლება ,,კანონიერ ქურდებსა'' და ე.წ. „კრიმინალურ ელემენტებს“ ოფიციალურად არ სწყალობდა, მაგრამ ფაქტია: არაერთი იმდროინდელი მაღალჩინოსანი არათუ დაკავშირებული იყო კრიმინალურ სამყაროსთან, არამედ, გავლენიან ავტორიტეტებთან ერთად საერთო ბიზნესინტერესიც ჰქონდა. ერთ-ერთი გამორჩეული, ვისთანაც წინა ხელისუფლება სიამოვნებით თანამშრომლობდა, გორელი ნიკო ხმიადაშვილი, მეტსახელად „რობოტი“ იყო (და არა „რობოტა“), რომელთანაც ურთიერთობას ჯერ შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინისნები ალაგებდნენ, შემდეგ კი სააკაშვილის ხელისუფლება შეეცადა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ყველაფერი ეს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში, სააკაშვილის მთავრობამ „რობოტი“ დააპატიმრა და მისი ბიზნესი მიითვისა.

და მაინც, ვინ არის ნიკო ხმიადაშვილი, რას წარმოადგენდა შიდა ქართლში და რა ურთიერთობა ჰქონდა, როგორც მაღალჩინოსნებთან, ასევე გავლენიან ,,კანონიერ ქურდებთან''?! 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაშინ, როცა ერგნეთის ბაზრობა მუშაობდა და იქიდან კონტრაბანდული საქონელი მთელი საქართველოს მასშტაბით ნაწილდებოდა, ყველას და ყველაფერს სწორედ ხმიადაშვილი აკონტროლებდა. უფრო კონკრტულად კი, ერგნეთის ბაზრობიდან წილი შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მიდიოდა. ამბობდნენ, მას კახა თარგამაძე „კრიშავს“ და სანაცვლოდ, მსუყე ლუკმასაც იღებსო. ფაქტია ისიც, რომ მაშინ ხმიადაშვილს შიდა ქართლში ყველაფრის უფლება ჰქონდა. აი, თარგამაძის წასვლისა და მინისტრად კობა ნარჩემაშვილის მოსვლის შემდეგ კი, „რობოტს“ ფრთები შეეკვეცა. როგორც მაშინ ამბობდნენ, ნარჩემაშვილმა მასთან საქმის დაჭერა არ ისურვა, მისი ქვეშევრდომები კი სრულფასოვანი „კრიშის“ უზრუნველყოფას ვერ ახერხებდნენ და სამართალდამცავებთან ურთიერთობა ავტომატურად დაიძაბა. 

ალბათ, გახსოვთ, ნარჩემაშვილის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი საქართველოში მოპარული მანქანები გახდა, რომელიც ცხინვალში გადაჰყავდათ და, როგორც მაშინ ამბობდნენ, ხმიადაშვილის გარეშე ცხინვალში მანქანა კი არა, ერთი საბურავიც ვერ მოხვდებოდა. 

„ყოფილა შემთხვევა, რომ ხმიადაშვილთან ერთდორულად, რამდენიმე მანქანა მიგვიყვანია. ამის მიუხედავად, პრობლემა არასდროს შეგვქმნია, საკმარისი იყო ერთი სატელეფონო ზარი და დაახლოებით, ერთ საათში, ყველა მანქანას თავის პატრონი ჰყავდა. ხმიადაშვილი არ ძუნწობდა, მანქანების მომპარავებს გადახდილი თანხის უდიდეს ნაწილს აძლევდა, რაც ქურდების გულისწყრომას იწვევდა. საქმე ისაა, რომ ქურდებს თითო მანქანაში გადახდილი თანხის 40% უნდოდათ, ათი პროცენტი ნიკოსთან რჩებოდა, ათი პროცენტი _ ქართველ სამართალდამცავებს, ერთი ამდენი _ რუს ჯარისკაცებს და ბოლოს ისე გამოდიოდა, რომ მომპარავს არაფერი რჩებოდა. ამიტომ, ნიკო ქურდებს მანქანების თემას ძირითადად არ ეუბნებოდა და მათთვის მისაცემ თანხას მთლიანად მომპარავებს უტოვებდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ქურდები ხმიადაშვილს გადაეკიდნენ“, _ გვიყვება პიროვნება, რომელიც თავის დროზე მანქანების მოპარვის საქმეში სერიოზულად იყო ჩართული. 

როგორც წესი, შევარდნაძის დროს, დაკარგული მანქანების მეპატრონეთა აბსოლუტური უმრავლესობა, პოლიციის ნაცვლად, ქურდებთან მიდიოდა. ქურდები ხმიადაშვილს ურეკავდნენ, ის კი ამბობდა, რომ მანქანას მის ხელში არ გაუვლია. რა თქმა უნდა, ქურდები ხვდებოდნენ, რომ ხმიადაშვილი იტყუებოდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდნენ, რომ „რობოტი“ მათ წილს არ ,,ტეხავდა'' და თანხას მომპარავებს აძლევდა. ამიტომ, ბოლომდე ვერ აწვებოდნენ და რაც მთავარია, ვერანაირად უმტკიცებდნენ, რომ ცხინვალში მანქანა სწორედ ხმიადაშვილის გავლით ხვდებოდა. 

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ „რობოტის“ დაკავების შემდეგ, საქართველოში მანქანების მოპარვის რიცხვმა 80%-ით დაიკლო. ცხინვალის „კანალი“, პრაქტიკულად, ჩაიკეტა და მოპარულ ავტომობილებს მხოლოდ წითელი ხიდის გავლით თუ გააპარებდნენ, თუმცა ეს მარშრუტი ძალიან საშიში გახლდათ და ამიტომ, მას ყველა ერიდებოდა. 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „რობოტის“ სათავისოდ გამოყენება ნაციონალებმა სცადეს და როგორც გორელს, მას ირაკლი ოქრუაშვილი მიუგზავნეს. შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ახალმა ხელისუფლებამ ერგნეთის ბაზრობა მოსპო, აქაოდა, კორუფციის წყაროაო და მაშინ ამბობდნენ, ნაციონალები ახალი გზის გაჭრას აპირებენ, ისეთისას, მხოლოდ თავად რომ იხეირონო. ფაქტი იყო, რომ ერგნეთის ბაზრობა ათასობით ადამიანს კვებავდა ყოველდღიურად და რაც იქ ფული ტრიალებდა, საქართველოს არცერთ დიდ ბაზარში არ იყო. „რობოტმა“ ამ სქემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ახალი გზა მთელ შიდა ქართლს მშიერს დატოვებდა. ხელისუფლებამ ერგნეთის ბაზრობა მაინც გააუქმა, ახალი გზა ვერ ააწყო და... დღემდე ამბობენ, შიდა ქართლში, ერგნეთის ბაზრობა რომ ყოფილიყო და ოსურ მხარესთან ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა ჰქონოდათ, არც აგვისტოს ომი მოხდებოდა და დიალოგი უფრო შესაძლებელი იქნებოდა. 

ამის შემდეგ, „რობოტი“ თვალთახედვის არედან გაქრა. მართალია, მას სამართალდამცავები ბევრს უტრიალებდნენ და ეგონათ, რომ რამეში გამოიჭერდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ხმიადაშვილმა მშვიდად წამოიწყო ბიზნესი და კრიმინალურ წრეებს მთლიანად ჩამოშორდა. ამის მიუხედავად, მას ავტორიტეტი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე კრიმინალურ წრებსა თუ პოლიტიკურ სპექტრში შენარჩუნებული ჰქონდა და ნებისმიერი, ვისაც შიდა ქართლში პოლიტიკური თემები ან, უბრალოდ, ბიზნესი აინტერესებდა, კონსულტაციებს სწორედ ხმიადაშვილთან გადიოდა. 

ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ „რობოტი“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ შეხვედრაზე გამოჩნდა და წინა რიგშიც იჯდა. ის მეორეობას არაა ჩვეული და ყველამ იცის, რომ ნიკა ხმიადაშვილის ჩარევით, გორში ოპოზიციას არჩევნების მოგების მინიმალური შანსიც კი აღარ აქვს. ამიტომაც ატეხეს ერთი ამბავი, აგერ, „ქართული ოცნება“კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს წინასაარჩევნოდო, თუმცა ყველაზე კარგად თავად იციან, რომ „რობოტს“ ლეგალური ბიზნესი აქვს, კრიმინალთან აღარაფერი აკავშირებს და ძალიანაც რომ მოინდომონ, ხელმოსაჭიდის პოვნა გაუჭირდებათ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში