Menu
RSS

„ამ საქმეში ძალიან ბევრი უცნაურობაა!“ _ სმიტების მკვლელობის დღემდე უცნობი ექსკლუზიური დეტალები

რეალურად რა მოხდა ხადას ხეობაში და რატომ არ მისცა აშშ-ს საკონსულომ კობაურის ადვოკატებს სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვის საშუალება

მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, მთელი ქვეყნის ყურადღება ხადას ხეობისკენ იყო მიპყრობილი, სადაც რაიან და ლორა სმიტების, ასევე მათი 4 წლის ბიჭის, კეილების გვამები აღმოაჩინეს. თავიდანვე ითქვა, რომ ამერიკელები განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ მოკლულები. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. 

როგორც ითქვა, 4 ივლისს, დილით, სმიტები მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის _ ხადისწყლის ხეობაში, ჩანჩქერის სანახავად წავიდნენ და მათ მეგზურობას კობაური უწევდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი მწყემსსა და რაიან სმიტს შორის შელაპარაკება გახდა ანუ ბიჭმა ჯერ მამა მოკლა, შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ბოლოს კი 42 წლის ლორა სმიტი, სავარაუდოდ, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ გაგუდა და გვამი მდინარეში ჩააგდო. ასევე ითქვა, რომ მკვლელმა ბავშვის ცხედარი ქვებში დამალა. შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ კობაურმა სასტიკი დანაშაული აღიარა, თუმცა ახლა ირკვევა, მწყემსი თავს დამნაშავედ არ სცნობს. 

რეალურად, რა მოხდა ხადას ხეობაში და არის თუ არა 19 წლის ბიჭი მკვლელი? _ ამის დადგენა, სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში, 19 ნოემბერს, კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ მცხეთის რაიონულ სასამართლოს, პროცესში ნაფიცი მსაჯულების მიწვევის თხოვნით მიმართა. მანამდე კი, კერძოდ, 9 ნოემბერს, მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა მას უკვე ლორა სმიტის გაუპატიურებასა და მის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა ადვოკატი „ვერსიასთან“ ამბობს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გაუპატიურება არ მტკიცდება. უფრო მეტიც, კობაურის უფლებადამცველის თქმით, გამოძიებას არც იმის უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სმიტები მწყემსის თოფით არიან მოკლულები. 

„გამოძიებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, რაც შეიძლება, არაპროფესიონალიზმს დავუკავშიროთ ან იმას, რომ შეგნებულად არ ანხორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. ჩემი შეფასებით, კობაურს სმიტები არ მოუკლავს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მისი ინტერესების დამცველი ვარ. არამედ, ეს ჩემი შინაგანი რწმენაა!“ _ აცხადებს ალექსანდრე კობაიძე და „ვერსიას“ სმიტების საქმის რამდენიმე უცნაურ და ექსკლუზიურ დეტალსაც აცნობს, თუმცა ვიდრე უფლებადამცველის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ რაიან და ლორა სმიტები საქართველოში, კერძოდ, ქალაქ მარნეულში, 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. კალიფორნიაში დაბადებული რაიანი, პროექტ ღეწოვენ-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურება. ლორა სმიტი კი, განათლების სამინისტროს პროექტის _ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეულისN3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა და ქმრის ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული. ლორამ და რაიანმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს, „საგამონაკლისო წესით“ მიიღეს... 

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში აშშ-ის მოქალაქე მეორედ მოკლეს. პირველი შემთხვევა 2016 წლის აგვისტოში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოხდა, როცა 41 წლის ამერიკელი მოგზაური ფრიტზ ვოლფგანგ მუსერი, მიხეილ ჭინჭარაულმა, შელაპარაკებისას დანით მოკლა. თელავის სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ერთი დეტალი: სმიტების მკვლელობა ზოგმა იმთავითვე პოლიტიკური მოტივებით ახსნა, კობაურის ადვოკატი დღეს ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა განმარტავს, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი უცნაურობაა.

ალექსი კობაიძე: _ დღეს ასეთი სიტუაციაა: პროკურატურამ ხელები ისევე დაიბანა, როგორც უფლის გასამართლების დროს, პილატემ და სასამართლოს საქმე ისე მუგდო, პრაქტიკულად, პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ სმიტების ოჯახი კობაურმა მოკლა. 

_ ეს თქვენი, როგორც ადვოკატის პოზიციაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახლახანს, კობაურს ბრალი დაუმძიმდა... 

_ დიახ, ბრალი დაუმძიმდა, რომ თითქოს ლორა სმიტი ჯერ გააუპატიურა და შემდეგ გაგუდა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა. 

_ შეუძლებელია, რომ თუ რამე მტკიცებულება არ არსებობს, თუნდაც ექსპერტიზის დასკვნა, ბრალი მხოლოდ ვერსიის გამო დამძიმებოდა... 

_ აი, სწორედ აქეთკენ მივდივარ... თავდაპირველად, დანაშაულის მოტივად სხვა რამე მიიჩნეოდა. 

_ კერძოდ? 

_ ბავშვის წინ, თითქოს იარაღს ათამაშებდა, რის გამოც მამამ შენიშვნა მისცა, კობაური გაბრაზდა და ჯერ კაცს ესროლა, რომელიც მოკვდა. მერე კი, რადგან ტიროდა, ბავშვიც მიაყოლა. ქალი კი გაექცა, მაგრამ ლორა სად გარდაიცვალა, უცნობიაო. 

მოკლედ, თავდაპირველად ასეთი ვერსია იყო, მაგრამ ახლა ეს ვერსია შეცვალეს და ასეთი ვერსია წარმოადგინეს: ხადას ხეობაში, კობაური სმიტების ოჯახს შემთხვევით შეხვდა, ბავშვი და მამაკაცი გაიტყუა და დახოცა. ამ დროს, ქალი ჩანჩქერთან იმყოფებოდა. კობაური უკან დაბრუნდა, ლორა გააუპატიურა და მერე, გაგუდაო. 

_ ეს გამოძიების ოფიციალური ვერსიაა? 

_ დიახ. 

_ და რა მტკიცებულებებით არის გამყარებული? 

_ საქმეც მაგაშია, რომ გამყარებული არ არის. უფრო მეტიც, სამედიცინო ექსპერტიზით დასტურდება, რომ ქალი გაუპატიურებული არ არის. მართალია, ძალადობრივი კვალი აღენიშნება, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული, მაგრამ ეს ძალადობა ვისგან, ან რისგან განხორციელდა, ამაზე პასუხი არ არსებობს. სხვათა შორის, გამოძიების ვერსია დნმ-ითაც არ დასტურდება. არადა თუ კობაურმა ქალი გააუპატიურა და სამი ადამიანი მოკლა, მერე კი გვამები გადააადგილა, მისი დნმ ხომ უნდა ამოსულიყო? არადა, დნმ ისეთი რაღაცაა, რომელიც არ ქრება... 

ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცს სიცოცხლისდროინდელი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება ანუ ჯერ სცემეს და მერე მოკლეს. ამ დასკვნის მიხედვით გამოდის, რომ კობაურმა და მაიკლ სმიტმა იჩხუბეს, კობაური სმიტს მოერია და ამის შემდეგ თოფი გამოიყენა. თუ არ უჩხუბიათ, აბა, მაიკლ სმიტი სხეულის დაზიანებებს სიცოცხლეში როგორ მიიღებდა? 

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მინიმუმ, ერთი დაზიანება კობაურსაც ხომ უნდა ჰქონდეს? 

_ ალექსანდრე, კობაური რას გეუბნებათ, სმიტებს რეალურად შეხვდა? 

_ არა, კობაური სმიტებს არ შეხვედრია. 

_ აბა, ამერიკელებთან რა შეხება ჰქონდა? 

_ კობაური ამბობს, რომ სმიტებთან მიიყვანეს ანუ ჯერ ორი კაცი მოვიდა, მერე კიდევ _ რამდენიმე, საერთო ჯამში, შვიდი. კობაურის თქმით, ამ ადამიანებმა კაცზე ფიზიკური ზეწოლა მოახდინეს. ბავშვი ადგილზე მოკლეს, ქალი კი წაიყვანესო. 

_ ეს უცნობები მაინცდამაინც კობაურთან რატომ მივიდნენ? 

_ კობაური ამბობს, ვბანაობდი, მოვიდნენ, თოფი გამომართვეს და წამიყვანესო. იმასაც ამბობს, რომ თავში წამოარტყეს და მისი თოფიდან გაისროლეს. 

სხვათა შორის, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ დადასტურებული არ არის, მკვლელობა რითია ჩადენილი. 

_ კობაურს ნათქვამი აქვს, რომ უცნობები არაქართულად საუბრობდნენ. შესაბამისად, საინტერესოა, მწყემსმა, ასე ვთქვათ, გამტაცებლებთან კომუნიკაცია როგორ დაამყარა, ან როგორ გაიგო, ისინი რას ლაპარაკობდნენ? 

_ კობაური ამბობს, რომ ქართულად ორი ლაპარაკობდა, დანარჩენებს კი ხმა საერთოდ არ ამოუღიათ. 

_ 19 წლის ბიჭს იმ ადამიანების ამოცნობა შეუძლია, რომლებმაც ის ამერიკელებთნ მიიყვანეს? 

_ რა თქმა უნდა, შეუძლია და რაღაც დეტალებსაც იხსენებს, მაგალითად, ამბობს, რომ ერთ-ერთს სვირინგი ჰქონდა და ხუჭუჭთმიანი იყოო. 

_ სმიტები აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ. ალექსანდრე, როგორც თქვენი საუბრით ვხვდები, პროკურატურამ გამოძიება მიაფუჩეჩა. შესაბამისად, გამოძიებაში ამერიკელები უნდა ჩარეულიყვნენ, არა? 

_ დიახ, ესეც საინტერესოა. სხვათა შორის, სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვა გვინდოდა, მაგრამ აშშ-ის საკონსულომ უარი გვითხრა და ამის საშუალება არ მოგვცა. 

_ რატომ? 

_ არ ვიცი... საერთოდ, ამ საქმეში ძალიან ბევრი უცნაურობაა, რაც პირადად მე, როგორც ადვოკატს, მაოცებს. 

_ ითქვა, რომ კობაურს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის საშვი ჰქონდა, რამაც გარკვეული ეჭვები გააჩინა. 

_ ჩემი შეფასებით, კობაური ის კატეგორია არ არის, რომ რაღაც აგენტურულ ქსელში იყოს ჩაბმული. ეს ბიჭი ჩვეულებრივი მწყემსია. შესაბამისად, მისი მენტალური შესაძლებლობები ეჭვს მიჩენს, რომ რაღაც სახელმწიფოებრივი დავალება შეასრულა. 

_ თუ ამის მენტალური შესაძლებლობები არ აქვს, აბა, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის საშვი ვინ და რატომ მისცა? 

_ საშვი ყველა მწყემსს აქვს, ვისაც იალაღზე ცხვარი გადაჰყავს. 

_ საინტერესოა... ისე, ალექს, რატომ გამორიცხავთ, რომ მთაში მოზარდმა ქალი ნახა და მკვლელობა, მართლაც, სექსის ნიადაგზე ჩაიდინა? 

_ ამ ვერსიას არსებობის უფლება არ აქვს. 

_ რატომ? 

_ აგიხსნით, რატომაც: პროკურატურა გვეუბნება, რომ კობაურმა კაცი და ბავშვი გაიტყუა და ქალთან საათნახევრის შემდეგ დაბრუნდა. გამორიცხულია, ქალი მდგარიყო და არ დაინტერესებულიყო, მისი ქმარ-შვილი სად წაიყვანა და რა ბედი ეწიათ? მინიმუმ, უკან ხომ მაინც გაჰყვებოდა? 

_ სმიტების საქმეში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავთ, მით უმეტეს, რომ ეს ოჯახი ეთნიკური არაქართველებით დასახლებულ რეგიონში ცხოვრობდა და თავისთავად საინტერესოა, საქართველოში რატომ ჩამოვიდა? 

_ ხომ გითხარით, რომ ამ საქმეში ბევრი უცნაურობაა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ხადას ხეობაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატარეთ, სადაც ცოლ-ქმარი შეგვხვდა. კაცი ამერიკელად გაგვეცნო. 

_ ამაში უცნაური რა არის? 

_ წარმოიდგინეთ, ხადაში, შებინდებისას, ორი ადამიანი გხვდება... მათ არც სპეციალური კარვები ჰქონდათ და არც _ არაფერი. კაცი ქართულად ლაპარაკობდა. ისეთი ბილიკებით დადიოდნენ, რომ გაოცებულები დავრჩით. 

_ ამით აქცენტს რაზე აკეთებთ? 

_ არ ვიცი, ეს რას უკავშირდება. საერთოდ, ეს ისეთი საკითხია, რომ ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ იმას ვამბობ, რა ფაქტსაც შევესწარი. 

იცით, დამაბნეველი რა იყო? _ ვუთხარით, რამდენიმე თვის წინ, აქ მკვლელობა მოხდა და ჩვენ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ვართო. გვიპასუხეს, კი, ვიცით, ეგ საქმე გაგვიგია. მოკლედ, ამ მკვლელობის შესახებ იცოდნენ და ხეობაში მაინც ჩავიდნენ, თან იმ დროს, როცა ტურისტული სეზონი უკვე დამთვრებულია. 

_ არ დაინტერესდით, ვინ იყვნენ და არატურისტულ სეზონზე, ხადას ხეობაში რას აკეთებდნენ? 

_ კი, კი, ვკითხეთ და თავი ისე წარმოგვიდგინეს, როგორც ტურისტები. 

_ ანუ, შეგექმნათ განცდა, რომ თქვენ გამოგყვნენ და გითვალთვალებდნენ? 

_ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვერც უარვყოფ, რომ შეიძლება, ჩვენც გამოგვყვნენ. საინტერესოა, რომელმა ამერიკელმა ტურისტმა იცის ქართული? ამასაც თავი რომ დავანებოთ, ხადას ხეობის გზები, ჩვენზე კარგად საიდან იცოდნენ, მით უმეტეს, რომ ჩვენ სპეციალური გიდი გვახლდა. 

_ თქვენ, როგორც კობაურის ადვოკატი, სმიტების საქართველოში მოღვაწეობის დეტალებით თუ დაინტერესდით? 

_ სწორად გამიგეთ: ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს ვარიდებ ხოლმე... ეს გამოძიების საკითხია და პასუხიც გამოძიებამ უნდა გასცეს... ჩემი შეხედულებები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს შეხედულებები შესაძლოა, ვინმესთვის მნიშვნელოვანი იყოს. 

სამწუხაროდ, ადამიანები აღარ არიან და რა მნიშვნელობა აქვს, რას საქმიანობდნენ? სამწუხაროდ, ამ ტრაგედიამ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გააფუჭა. სმიტები კალიფორნიიდან იყვნენ, კალიფორნიასთან გარკვეული შეხება მაქვს და იქაურები ამბობენ, ამ ფაქტის შემდეგ გვეშინია და ტურისტები საქართველოში ვეღარ ჩამოგვყავსო. 

_ კობაურს ტელეფონში ლორა სმიტის სურათები რატომ ჰქონდა? 

_ კი ბატონო, ჰქონდა, მაგრამ მთავარი ისაა, რატომ ჰქონდა. 

_ რატომ ჰქონდა? 

_ ასეთი წესია: როცა აშშ-ის მოქალაქე 52 საათის განმავლობაში, ჯი-პი-არესიდან ქრება, აშშ-ის საელჩო პოლიციას ატყობინებს, ჩვენი მოქალაქე აღარ ჩანსო. როცა პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ამერიკელები დაიკარგნენ, პოლიციამ მწყემსებს დაურეკა. მწყემსებმა უთხრეს, ჩვენი პატარა მეგობარია, ასეთი და ასეთი რამ მოყვა და მას დაურეკეთო. კობაურს დაურეკეს და პოლიციასაც იგივე მოუყვა, მაგრამ არ დაუჯერეს და უთხრეს, სურათი გადაიღე და ქალაქში ჩამოდიო. კობაურმაც სურათი გადაიღო. 

_ ანუ, კობაურმა სურათი ლორა სმიტის გვამს გადაუღო? 

_ დიახ. 

_ ფოტო მარტო ქალის ცხედარს რატომ გადაუღო? 

_ იმიტომ, რომ მხოლოდ ქალი იპოვა... 

_ დავუშვათ, კობაური სიმართლეს ამბობს, მაგრამ საინტერესოა, იმ უცნობებმა, რომლებმაც სმიტები მოკლეს, მწყემსი ცოცხალი რატომ დატოვეს? 

_ როგორც კობაური ამბობს, ერთს მისი მოკვლაც სდომებია, მაგრამ მეორეს უთქვამს, თავი დაანებეო და გამოუშვეს.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში