Menu
RSS

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა!

21-22 ნოემბერს ერთი წელი სრულდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომელიც თითქმის 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური პრობლემაა და მითუმეტეს საქართველოსთვის, რომელსაც გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, უამრავი გამოწვევა აქვს. 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისსა და პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო, ვნებათაღელვა დღემდე არ ცხრება, თუმცა ამჯერად მოკლე ქრონოლოგიას შეგახსენებთ და იმ 41 წლის კარგი ქართველი მებრძოლის ხსოვნას მივაგებთ პატივს, 22 ნოემბერს სპეცოპერაციას რომ ემსხვერპლა. 

26 ნოემბერს, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახს ერთჯერადი 100 000 ლარი გადაეცა, ყოველთვიურად 1000-ლარიანი პენსია დაენიშნა, ხოლო „ქართუ“ ფონდმა ნაძალადევის რაიონში კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა აჩუქა. ვანო გოლაშვილის მეუღლისა და 2 მცირეწლოვანი შვილისთვის საამაყოდ დარჩება ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, რომელიც მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.

რა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 

21 ნოემბერს, საღამოს საათებში, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომლის თანახმად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, შეირაღებული ჩრდილოკავკასიელები იმყოფებოდნენ, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები და სპეცრაზმი ადგილზე მივიდა. გარეთ მოხდა ჯგუფის ერთი წევრის, შოიაფ ბორზიევის დაკავება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა. სამართალდამცველების მოთხოვნას სახლში შესვლის და ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, დაჯგუფების წევრებმა ბინიდან ცეცხლით უპასუხეს. დაიწყო რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები. პარალელურად, მიმდინარეობდა მოსახლეობის ევაკუაცია აღნიშნული კორპუსიდან და ახლომდებარე კორპუსებიდან. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა და სამართალდამცველები დარწმუნდნენ, რომ დაჯგუფების წევრები მათ არ ჩაბარდებოდნენ, შტურმი დაიწყო. მძიმედ დაიჭრა სპეცსამსახურის ერთი თანამშრომელი, სამწუხაროდ, ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და 41 წლის ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი (როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, პირი, რომელმაც თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა ახმედ ჩატაევი იყო, ხოლო ლიკვიდირებული _ დაჯგუფების წევრები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი), დაკავებულია _ 1 (შოიაფ ბორზიევი), დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი _ ვანო გოლაშვილი, დაიჭრა სუს-ის ორი თანამშრომელი, ასევე დაიჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. 

იმის გამო, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია საერთაშორისო ტერორიზმს ეხებოდა, გამოძიებაში საქართველოს პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს ფედერალური ბიუროს ექსპერტებიც ჩაერთნენ, რაც საქართველოს მაშინდელმა ელჩმა იან კელიმაც დაადასტურა: „ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ტექნიკური დახმარება. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს საკითხი ყველა ჩვენთაგანს ეხება, რადგან საქმე ეხება საერთაშორისო ტერორიზმის საკითხს. საქართველო ჩვენი პარტნიორია. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“. 

საქმის გამოძიების ოფიციალური ვერსია 

21-22 ნოემბრის სპეცოპერაციას დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია მოჰყვა და კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში 3, ხოლო თბილისში ერთი პირი დააკავა: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. სუს-ის განცხადებით, ეს პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების (ახმედ ჩატაევის ჯგუფი) წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ოფიციალურად გაავრცელა: 

„გვსურს გაგაცნოთ, ამ ეტაპისთვის არსებული დამატებითი ინფორმაცია 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ. 

როგორც მოგეხსენებათ, სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ, ასევე დაკავებულ იქნა ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი, შოაიფ ბორზიევი. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა. რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე, იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად. 

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან. ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები: შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიფ ბორზიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას, აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო. 

გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას. ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

გამოძიება 331_ ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. 

9 იანვარს, ახმეტაში დააკავეს ზურაბ იდოიძე, რომელიც ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში და ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. 

21 იანვარს, თბილისში ანატოლი ბერძენიშვილი დააკავეს, რომელიც ჩავიდა თურქეთში ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად და ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში. 

10 აგვისტოს, სამართალდამცველებმა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ახმედ ჩატაევმა, საქართველო-თურქეთის საზღვარი უკანონო გადმოკვეთა იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად. შავაძე ტყეში იმალებოდა და როგორც კი გამოვიდა, იმავე დღეს ბათუმში დააკავეს. 

საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების კავშირს ახმედ ჩატაევთან და მის ჯგუფთან. რამაზ მარგოშვილსა და რუსლან ალდამოვს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ჩატაევთან. ალდამოვი ერთი პერიოდი ავსტრიაში ცხოვრობდა და ჩატაევს იქ დაუახლოვდა. მარგოშვილი ჩატაევს მაშინ დაუმეგობრდა, როცა ის საქართველოში ცხოვრობდა. ალდამოვს ურთიერთობა ჰქონდა ჩოფანაშვილთან, გორნაკაშვილსა და იდოიძესთან, მარგოშვილს _ თემირლან მაჩალიკაშვილსა და ანატოლი ბერძენიშვილთან. 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არის ვიდეოკამერების ჩანაწერები და ფულადი გზავნილები. თანხების ერთ-ერთი გამომგზავნი იყო ჩატაევის ძმის ცოლი, მან სპეცოპერაციამდე 4-5 თვის განმავლობაში, რამდენიმე გადმორიცხვა გააკეთა ერთდროულად რამაზ მარგოშვილთან, ანატოლი ბერძენიშვილსა და თემირლან მაჩალიკაშვილთან. დაკავებული პირების სახელზე თანხებს რიცხავდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიკვიდირებული იბრაჰიმ ადაშევის მეუღლეც. 

ბინა ვარკეთილში, სადაც ჩატაევის ჩამოსვლამდე ასლანბეგ სოლტაჰმედოვი და შოაიფ ბორზიევი ცხოვრობდნენ, მაჩალიკაშვილმა და მარგოშვილმა დაიქირავეს. გარდა ამისა, გორნაკაშვილი, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბინა გააქირავა, დაკავშირებულია ჩატაევთან, ასევე მასთან კავშირში იყო იდოიძეც, რომელიც

თურქეთში ჩავიდა. იდოიძემ და გორნაკაშვილმა თურქეთში ჩასვლის ნამდვილი მიზეზი არ იცოდნენ, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ არ განუცხადებიათ, რომ ჩატაევი ნახეს. არცერთ დაკავებულ პირს _ არც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე და არც მას შემდეგ _ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუთქვამს. მათ ურთიერთობა სპეცოპერაციის შემდგომაც განაგრძეს და ერთმანეთს ცხედრების ფოტოებსაც უგზავნიდნენ. 

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქმეში არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულებები თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებითაც, მათ შორის, მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი, როდესაც ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები საქართველოში შემოდიოდნენ, მის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, მამამისის _ მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, იმ ტელეფონების, რომლებსაც ისინი კონსპირაციისთვის ერთმანეთში ხშირად ცვლიდნენ და ა.შ. ასევე აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ორგანოს დახმარებით, მოხდა სატელეფონო მიმოწერის აღდგენა. 

აშშ-ს ფედერალური ბიუროს მოკვლეული დეტალები 

„იმედის კვირამ“ იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი მოიპოვა, რომელიც აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ამერიკელმა სპეციალისტებმა სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაატარეს. ეს ჩანაწერები აღდგენილია მაჩალიკაშვილის კუთვნილი იPჰონე-დან, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს, 19 წლის ახალგაზრდას ხელში ეჭირა. მოკლე ტექსტური შეტყობინებები ჭჰატსაპპ-აპლიკაციითაა გაგზავნილი ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია _ 8 00. 

სკანდალური მიმოწერა, რომელიც 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება, „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა: 

„თემირლანი _ იცი რა არის ისტიშხადი? 

უცნობი _ მე რა ვიცი? 

თემირლანი _ თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის, ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები. 

უცნობი _ ხოო გავიგე. 

თემირლანი _ და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში. 

უცნობი _ ჰოო... 

თემირლანი _ და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი. 

თემირლანი _ ქალაქში, მეტრო სადგურის მოედნის გაჩერების შიგნით. 

უცნობი _ კარგი რა, საკმარისია. 

თემირლანი _ თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის. 

უცნობი _ ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი. 

თემირლანი _ ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი“. 

უცნობია, ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების გეგმას, რადგან მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია. მიმოწერაში რამდენჯერმეა ნახსენები არაბული სიტყვა „ისტიშაჰადი“. „კვირის ქრონიკაში“, კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემ, სიტყვა „ისტიშაჰადის“ მნიშვნელობა განმარტა. მისი თქმით, ეს არაბული სიტყვაა, რომელიც ფუძიდან _ შაჰად მომდინარეობს. ეს ნიშნავს დამოწმებას, ან თავგანწირვას, შაჰიდად გახდომას. ასევე ხშირად მოიხსენიებენ მოწამეობრივ ოპერაციად, ანუ მათ როგორც მოწამეებს, ისე აღიქვამენ. ეს სიტყვა გამოიყენება, როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო, თუ ტერორისტული ოპერაციებისას. 

„კვირის ქრონიკამ“ ახმედ ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესაური კავშირიც დაადგინა. გაირკვა, რომ ჩატაევის მეორე მეუღლე აინა მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, ბიძაშვილები არიან. თუმცა ჩატაევისა და მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები იმ სატელეფონო ჩანაწერებითაც დადგინდა, რომელიც 25 ივნისს გახდა ცნობილი. ამ მასალებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა ახმედ ჩატაევმა თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე, სოფელ კირნათიდან. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. 

„ქრონიკის“ ექსკლუზიურად მოპოვებულ საქმის მასალებში ხმოვანი შეტყობინებაცაა, რომელიც ამ საქმეში ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილს გაუგზავნა. შეტყობინებაში მარგოშვილი, მაჩალიკაშვილს პირადი მონაცემების გაგზავნას სთხოვს, რადგან „ევროპიდან სახლის საქირავებლად ფულია გადმოსაგზავნი“. ასევე ცნობილი გახდა იმ ბინის შესახებ, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისში ჩამოსვლისას იქამდე ქირაობდნენ, ვიდრე ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად. ბინის მეპატრონემ „ქრონიკასთან“ საუბარში დაადასტურა, რომ იქ თემირლან მაჩალიკაშვილიც ცხოვრობდა.. 

მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ახმედ ჩატაევმა, სავარაუდოდ, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ეს ჩანაწერი „კვირის პალიტრამ“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ახმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი, რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს, ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა. სკანდალური ჩანაწერი, რომელიც „კვირის პალიტრამ“ გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული. მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ამ ჩანაწერში, ახმედ ჩატაევი საქართველოს შესახებაც ყვება: „ჩვენ ისეთი რესტორნები უნდა მოვძებნოთ, სადაც ისინი იკრიბებიან. ასეთი ადგილები არის... ყველაფერი იმიტომ, რომ ზამთარია... მოკლედ... და თუ რამეა, ძმაო, საქართველოშიც გავაკეთებ“. სავარაუდოდ, სწორედ ამ ჩანაწერით დასტურდება საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი ჩატაევის განზრახვა, რათა მას თურქეთში და თუ საჭირო გახდებოდა საქართველოშიც, ტერაქტები მოეწყო... 

2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ში, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დაკავებული პირები საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმებს გეგმავდნენ: „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო-ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები, ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა წარმოადგენდა“. 

21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია და ასევე, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა და ითქვა, რომ სამსახური არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

 

მამუკა შათირიშვილი

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში